გომარეთის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომარეთის სამეგის (სიხუაანთ) ეკლესია – (XI ს.), მდებარეობს სოფელ გომარეთში, (დმანისის მუნიციპალიტეტი, დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია) წმ. გიორგის ეკლესიის დასავლეთით, გზის მარცხნივ, წვრილ ორღობეში, ერთ-ერთი მცხოვრების კარ-მიდამოში. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები ტაძრისა, რომელიც სამების სახელობისაა და გომარლები „სიხუაანთ საყდარს“ უწოდებენ.

გომარეთის სამეგის (სიხუაანთ) ეკლესია (XI ს.)

აღწერილობა

ეკლესია ჩაფლულია მწვანე საფარში. ძლიერ არის დაზიანებული და თითქმის აღარც კი ჩანს – გადახურვა ჩამოშლილია. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ბაზალტის რუხი ფერის ფოროვანი ქვით, რომელთა შორის არეებში სქელი ხსნარია გამოყენებული და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ ხსნარით თითოეული ქვაა შემოსაზღვრული.

აღსანიშნავია შიდა სივრცის გაყოფა ერთი წყვილი პილასტრით, რომელთა სვეტისთავები მორთულია სხვადასხვანაირად. ჩრდილოეთ პილასტრის კაპიტელი მეტად ორიგინალურია. ჩვეულებრივი თარო და ლილვი, მორთულია კუთხეებში დიაგონალურად ჩამოკიდებული სკულპტურული „საყურეებით“.

სამხრეთიდანაა გაჭრილი ერთი კარი, რომელიც შიდა მხრიდან სივრცის დასავლეთისკენაა და უშუალოდ პილასტრთან აყოლებული. პილასტრის ერთი გვერდის კარის წირთხლად გამოყენება ძალიან დამახასიათებელია როგორც ზურტაკეტის, ასევე ჯავახეთის დარბაზული ეკლესიებისთვის და ეს დეტალი ქრონოლოგიურ საზღვრებსაც მიჯნავს.

სამხრეთის კარის არქიტრავული გადახურვა ძალიან დიდია და საგანგებოდ დეკორირებული. მისი არე ვერტიკალური ხაზებით სამ სწორკუთხედად არის გაყოფილი. შუა სწორკუთხედში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, რომელიც დასვენებულია ოთხსაფეხურიან კვარცხლბეკზე. ყოველი სწორკუთხედი შევსებულია წარწერით. „ტექსტი შესრულებულია ლამაზი, თავისუფალი ხელით და ბრწყინვალედ ამოჭრილი მახვილკიდურებიანი ასოებით. ასოების სიღრმეში და ქვის მოედნის ზოგიერთ ნაწილში შერჩენილია წითელი საღებავის ნარჩენები, რაც უდავოდ მაჩვენებელია იმისა, რომ მთელი ეს არქიტრავული ქვა შეღებილი ყოფილა წითელი ფერით. ეს მოვლენა – ღვთისმშობლის ეკლესიის ხუროთმოძღვრის კერძო ტენდენციას – ფასადის პოლიქრომულობას – აზოგადებს“. სამშენებლო წარწერის მიხედვით, ეკლესია 1034 წ. აუგია ლიპარიტ ბაღვაშს.

სამების ეკლესიაში, გარდა სამხრეთის კარის მორთულობისა, შემკულია ასევე ორი სარკმელი, საკურთხევლის აღმოსავლეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ სარკმელს პატარა რელიეფური წარბი მიუყვება, რომელიც შუაში ჯვრით არის დაგვირგვინებული. რელიეფი საგრძნობლად არის გამოწეული კედლის სიბრტყიდან და სწორკუთხა პროფილით არის დამუშავებული. ეს მორთულობა ახალი არ არის XI ს-ის დეკორში, უფრო ძველი პერიოდის დეკორაციული ხერხების გამოძახილია.

მეორე სარკმელი, რომელიც დასავლეთით არის გაჭრილი, უფრო ორიგინალურად არის გაფორმებული. სარკმლის ზედანს ვიწრო, ნახევარწრიული თაღი უვლის გარს, რომელიც ნაპირისკენ თარაზულად ბოლოვდება. მის ზემოთ ხერხის მსგავსად დაკბილული კუწუბებია, რომელთა სიბრტყე ქვის საერთო სიბრტყიდან არ გამოდის გარეთ და კუწუბთა ფონი ჩაზნექილ ზედაპირს იძლევა. კბილების ზომები და მოხაზულობა არათანაბარია. ეს მოტივი თავისთავად საინტერესოა იმით, რომ იხმარება ამავე რაიონის სხვა ძეგლებშიც. იგი ტექნიკურადაც მარტივია და გულუბრყვილოდაც არის შესრულებული.

ეკლესიას 2006 წ. მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ი. მირიჯანაშვილი


ლიტერატურა

რჩეულიშვილი ლ ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., 1994.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები