გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია (დმანისის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომარეთის წმ. გიორგის ეკლესიაეკლესია დგას სოფელ გომარეთის (დმანისის მუნიციპალიტეტი, დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია) განაპირას, შემაღლებულ ბექობზე, ძველი და ამჟამადაც მოქმედი სასაფლაოს ტერიტორიაზე, გზიდან მარჯვნივ, საშუალო სიმაღლის ღობით შემორაგულ ტერიტორიაზე.

გომარეთის წმ. გიორგის ეკლესია (XII-XIII ს.)

აღწერილობა

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ჩრდილოეთიდან მინაშენით. იგი ნაგებია სოსანისფერი, ვარდისფერი და რუხი ფერის, კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით (ამ ქვის კარიერი მოჩანს სოფლის ბოლოში, მთის ფერდობზე). ქვები დიდი ზომისაა, შიგადაშიგ ჩართულია რუხი, ახალი ბაზალტის (რესტავრაციის შემდგომი), შინდისფერი, ადგილ. შირიმის და მუქი ნაცრისფერი ქვები.

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაჭრილია შესასვლელი კარი, რომელთანაც უზარმაზარი ქვებია. შემთხვევითი მოხაზულობის კონტურები შევსებულია უფრო მცირე ზომის ქვებით. კარი უზარმაზარი არქიტრავით არის გადახურული, რომლის ზედაპირი, გომარეთის XI ს-ის სხვა ეკლესიების მსგავსად, სამად არის გაყოფილი და დიდი ჩაკვეთილი რელიეფური ჯვრითაა დეკორირებული.

ეკლესიის შიდა სივრცე ერთი წყვილი პილასტრით ორ ნაწილადაა გაყოფილი. აღმოსავლეთ მხარეს ფართო, ერთსაფეხურიანი აფსიდია, რომლის ცენტრშიც ღრმა, დახრილწირთხლებიანი სარკმელია გაჭრილი, თაღოვანი მოჩარჩოებით. დასავლეთის მრგვალი სარკმელი კეხშია გაჭრილი, სამხრეთს კედელზე პილასტრებს შორის კიდევ თითო-თითო სარკმელია.

სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადთა სარკმლები, რომლებიც ეკლესიის საგრძნობი ცვლილებების მიუხედავად, ძირითად ქრონოლ ფენას მიეკუთვნება, ოდნავ აღნიშნულია ირგვლივ შემოვლებული ლილვებით, ოღონდ ლილვების დინება და დეკორის საერთო კომპოზიციური აგებულება არც ერთში არ არის გამეორებული. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის და დასავლეთის მარყუჟიანი საპირეები ქართული ხუროთმოძღვრების XII-XIII სს. კერძო კუთვნილებაა და გუმბათოვან ხუროთმოძღვრებაში მეორეხარისხოვან სარკმლებს ხშირად ამშვენებს. ამგვარად, ეს დეტალი ერთგვარ დამათარიღებელ მასალას იძლევა. ერთადერთი ჩუქურთმა, რომელიც ამკობს სამხრეთ სარკმელს, წრიული რგოლებისაგან შედგება, მისი სიმშრალე და ტექნიკური სიმწირე იმოაზე მეტყველებს, რომ ამ რაიონის ხუროთმოძღვრულ სკოლაში, ორნამენტული ჭრა არ იდგა სრულ სიმაღლეზე. ამავე მხატვრულ თვისებებს ატარებს ზედა ოროზმანის ეკლესიაც. დიდი ზომის ქვები, უსწორო მოხაზულობისა, „ციკლოპური სახისა“, დაპირისპირებული უფრო მომცრო ქვებთან, ამ პერიოდში კვლავ ძალაშია (წმ. გიორგის კარის გასწვრივ ქვები და ზედა ოროზმანის აღმოსავლეთ ფასადის ცხოველხატული წყობა, რომელშიც ერთ ქვას თითქმის მთელი ფართობის ერთი მეოთხედი უჭრავს).

როგორც აღინიშნა, ეკლესიას ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მინაშენი, რომლის თავზე აღმართულია მცირე ზომის სამრეკლო, ფანჩატური. ჩრდილო მინაშენის აღმოსავლეთ მხარეს, სარკმლის გვერდზე ჩართულია ძველი, ჩუქურთმიანი ქვა. შენობის კარნიზი ოდნავ ჩაკვეთილია სამკუთხედებიანი ორნამენტით.

სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დიდი ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, შეიწყალე მიქელ და შვილნი მისნი მოიხსენე“. წარწერა, შესაძლოა, XII ს-ისა იყოს, ბაღვაშთა შემდგომი პერიოდისა.

ამგვარად, გომარეთის წმ. გიორგის ეკლესია მთელი რიგი ნიშნებით XII-XIII სს. მიეკუთვნება, მაგრამ XII ს-ის „ლამაზი საყდრის“ მხატვრულ ეფექტამდე და მაღალი ტექნიკის თვალისმომჭრელ „ბრწყინვალებამდე“ ვერ ამაღლებულა. იგი აღმოცენებულია ადგილობრივი, ძლიერი ხალხური ტრადიციიდან და საკუთარი მხატვრული თვისებების მატარებელია.

აღსანიშნავია, რომ ამ ეკლესიის შიგნით დაკრძალულნი არიან ეგრისის მფლობელთა უკანასკნელი წარმომადგენელი აზნაური ივ. ლარაძე და მისი მეუღლე ქეთევან შალიკაშვილი. ამ წყვილს შთამომავლობა არ დარჩენია და მათზე დასრულდა ლარაძეთა გვარი.

წმ. გიორგის ეკლესიის პირდაპირ, ორღობის მარცხენა მხარეს დგას ძველი ორსართულიანი სახლი მანსარდითა და ხის აივნებით. იქ წლების მანძილზე ცხოვრობდა გომარეთის მხარის მღვდელი კალისტრატე (ცინცაძე), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ამჟამად სახლი სავალალო მდგომარეობაშია.

ი. მირიჯანაშვილი

ლიტერატურა

რჩეულიშვილი ლ., ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., 1994.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები