გორის საკათედრო ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორის საკათედრო ტაძარი

გორის საკათედრო ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გორისა და ატენის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და ეპისკოპოსის რეზიდენცია ქ. გორში, ლომოურის ქ. 7.

ტაძარი აგებულია 1806-10 წწ. როგორც კათოლიკური ეკლესია.

აღწერილობა

გორის საკათედრო ტაძარი ჯვარ-გუმბიათოვანია (24 X 15,6 მ, სიმ. 25 მ), ნაგებია აგურით. შიგნიდანაც და გარედანაც შელესილია. 1920 წ. მიწისძვრამ შენობა დააზიანა. ეკლესიას მაღალი, განიერი და სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთით აქვს. შენობის გეგმა ჩაწერილი ჯვარია, რომლის მკლავები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული. აღმ. მკლავი დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აფსიდით, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. მკლავების გადაკვეთის ადგილას, თავისუფლად მდგარ ორ ბურჯზე და აფსიდის კუთხის პილასტრებზე გადაყვანილ ორსაფეხურიან ნახევარწრიულ თაღებზე დამყარებულია მაღალყელიანი 12-სარკმლიანი გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. აფსიდის მარცხნივ და მარჯვნივ მოთავსებულია სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც ბემაში გაჭრილი თითო გასასვლელით უკავშირდებიან აფსიდს, ხოლო დასავლეთით გაჭრილი თითო კარით – შენობის დანარჩენ ნაწილს სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე მოთავსებულია თითო ნახევარწრიული თაღით გახსნილი პატრონიკე. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია აფსიდის კონქის ზედა სივრცეში მოწყობილი გადასასვლელით, რომელში მოხვედრაც სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელში დატანებული კიბით და ზედა ნაწილში გაჭრილი კარით შეიძლება.

დასავლეთ მკლავის გვერდითი სათავსები ორი წყვილი ნახევარწრიული თაღითაა გახსნილი. ამ სათავსების გადახურვასა და სახურავს შორის სამალავებია. შენობას, დასავლეთ ნაწილში, მთელ სიგრძეზე, მეორე იარუსის დონეზე, მიჰყვება ღია პატრონიკე. ეკლესიის შესასვლელის ორივე მხარეს, კედელში დატანებულია პატრონიკეზე ასასვლელი კიბეები. შესასვლელის თავზე გაჭრილია სარკმელი. თითო განიერი და მაღალი, შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებშიცაა. ორ-ორი, შედარებით მცირე თაღოვანი სარკმლები დასავლეთის მკლავის გვერდით სათავსებშია. სამკვეთლოს და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აქვს სარკმლები, პატრონიკეებს – ჩრდილოეთით და სამხრეთით. ყველა სარკმელი გარეთ ვიწროვდება.

გორის საკათედრო ტაძრის გარეგან ფორმებში, მასებსა და სახურავთა სისტემაში გამოვლენილია შიდა მოცულობები. ცენტრში აღმართული გუმბათის ქვეშ ორფერდა სახურავიანი ჯვრის მკლავებია. დასავლეთი მკლავის გასწვრივ, ჩრდილოეთის და სამხრის მკლავებს შორის მოქცეულ სათავსებს ოდნავ დაბალი ცალფერდა სახურავი აქვთ. აფსიდის, სამკვეთლოსა და სადიაკვნის სახურავები კონუსისებრია. აფსიდის ორივე მხარეს, პატრონიკეების გადახურვებზე სამრეკლოებია აგებული.

აფსიდი და გვერდის სათავსები ტაძრის გარეგან მოხაზულობაში სამი არასრული ნახევარწრიული მრუდითაა გამოშვერილი. მათ შორის შუა, უფრო განიერი და მაღალი, საკურთხევლის აფსიდისაა. მის ცენტრში ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას პორტიკი, რომლის პროფილირებულ კაპიტელებიან მრგვალ სვეტებს ეყრდნობა რთული ლავგარდნით შემკული არქიტრავი.

გუმბათის ყელი მდიდრულადაა მორთული – 12 მოჩარჩოებულ თაღოვან ფანჯარას შორის, შეწყვილებული ნახევარსვეტების კონაზე გადაყვანილია დეკორატიული თაღები. სვეტებს სწორკუთხა ბაზისები აქვთ. არეები ფანჯრებსა და დეკორატიულ თაღებს შორის შევსებულია რელიეფური წრეებით. დეკორატიული თაღების თავზე სიბრტყეთა მონაცვლეობით შექმნილია ფრიზის ზოლი. ფრიზსა და ლავგარდანს შორის ადგილი წრიული ვარდულებით არის შემკული. გუმბათის ყელს აგვირგვინებს კბილანებიანი რთულპროფილიანი ლავგარდანი. რთულპროფილიანი ლავგარდნითაა დასრულებული ეკლესიის ყველა ფასადი.

ეკლესია გადახურულია მოთუთიებული თუნუქით. ინტერიერი მოხატულია მე-19 ს. II ნახ.-ში. 1950 წ. ინტერიერის კედლები შეუთეთრებიათ, რამაც დაფარა მხატვრობა. სამრეკლოები რვაწახნაგაა. თითოეულს ოთხ-ოთხი თაღი აქვს. თაღებს შორის მოქცეულ სიბრტყეზე კაპიტელებიანი შეწყვილებული სვეტებია, მათ ზემოთ – რთულპროფილიანი ლავგარდანი. სამრეკლოები დასრულებულია ნახევარსფერული გუმბათებით.

ბიბლიოგრაფია

  • გორის კათოლიკური ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.38-39. 1806-1810 წლებში აგებული კატოლიკური ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  • მამისთვალიშვილი ე. გორის ისტორია.-თბ.,1994.-გვ.287-288. ცნობები გორის ღვთისმშობლის ხარებისა და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიებზე.
  • ტაძრების ახალი სიცოცხლე //ჯვარი ვაზისა.-1988.-N2.-გვ.66. ცნობა გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ამოქმედების შესახებ. 4.ჭიჭინაძე ზ. სამცხე-საათაბაგო.-ტფ.,1905.-გვ.55-61. გორის კათოლიკური ეკლესიის ისტორია. გორი //გაზ. "ივერია".-1888(24 მარტი).-N63.-გვ.3; 1891.-N84.-გვ.1; 1892.-N107.-გვ.2. ციხისა და ეკლესიისათვის მიყენებული ზიანის შესახებ.
  • გორის ეკლესია. კვირაცხოვლის ეკლესია. გორის ოქონის ეკლესიის ნივთები. გორის ქართველთ კათოლოკეთა ეკლესიის ნივთები. გორის წმ. სტეფანეც ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.86-88.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები