გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორი(ს)ჯვარი, გორიჯვრის წმ. გიორგის ტაძარი

გორიჯვრის წმ. გიორგის ტაძარი – შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია, მდებარეობს გორის მახლობლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მაღალ გორაკზე. ნაგებია ქვით. აშენების თარიღი უცნობია, მაგრამ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის (1574-1605) დროს იგი უკვე კარგადაა ცნობილი.

ხალხური თქმულებით, თამარ მეფის აგებულია. ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდიან მ. ბროსე, დ. ბაქრაძე და ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი). პ. უვაროვას აზრით, როგორც ეკლესია, ისე მისი გალავანი, უძველესი დროისაა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „... გორის პირისპირ არს ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულთმოქმედი. თავი წმიდის გიორგისა მდებარებს ჯუარსა შინა, უწოდებენ გორიჯუარს“.

ამ ეკლესიაში ინახებოდა კანკელის წინ დასადგმელი ჯვარი (ამჟ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია). ჯვარი ხისაა და შეჭედილია ვერცხლის ფირფიტებით, რომლებზეც გამოსახულია წმ. გიორგის ცხოვრებისა და წამების სცენები. შუაში მოთავსებულია ჯვარცმა, იქვეა ღვთისმშობლისა და იოანეს გამოსახულებები. ჯვრის კონუსისებრი ქუდიც ვერცხლით არის შეჭედილი, მასზე წმინდანები არიან გამოსახულნი. ჯვრის კონუსური ქუდი გ. ჩუბინაშვილმა XIII ს-ით დაათარიღა, ხოლო თავად ჯვრის დათარიღების შესახებ გამოთქმულია ორი თვალსაზრისი. ერთი მოსაზრებით (თ. საყვარელიძე), მდიდრული დეკორისა და მისი მოჭედილობის მიხედვით, ჯვარი XVI ს. მიეკუთვნება. ასევე მიაჩნდა გ. ჩუბინაშვილსაც. განსხვავებული მოსაზრებით (ვ. თუთბერიძე), ჯვრის წარწერიდან გამომდინარე, იგი XV ს-ით შეიძლება დათარიღდეს. ეკლესია დიდძალ მლოცველს იზიდავდა. აქ ძველთაგანვე იმართება გორიჯვრობა – წმ. გიორგის დღეობა. გორიჯვრის ეკლესიის მიდამოებში წყალი არ იყო. 1712 ვახტანგ VI-ის მეუღლეს, ჩერქეზთ ბატონის ასულ რუსუდანს, იგი ბურეთის მთიდან გამოუყვანია. 1920 წ. მიწისძვრის დროს დანგრეული ეკლესია ამჟამად აღდგენილი (1988, არქიტ. გ. ციციშვილი) და მოქმედია.


ლიტერატურა

  • თუთბერიძე ვ., გვიანფეოდალური ხანის ქართული ჭედურობის ერთი ძეგლის შესახებ, „ძეგლის მეგობარი“, 1976, № 41;
  • საყვარელიძე თ., XIV-XIX საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობა, თბ., 1987;
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები