ველოსპორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ ფონ დრეიზი თავისი ველოსიპედით

ველოსპორტი − (ფრანგ. Velocipede < ლათ. velox – სწრაფი, pes – ფეხი). სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს ველოსიპედით ტრეკზე და გზატკეცილზე რბოლას, მაუნთინ ბაიკს (სამთო დაშვება), BMX-ს, ფიგურულ ტარებას, ველობურთს, ველოპოლოს.

სარჩევი

ისტორია

1896 წლის პირველი ოლიმპიადის ჩემპიონი საგზატკეცილო რბოლაშო ლეონ ფლეიმინგი და სამგზის ჩემპიონი ტრეკზე რბოლაში პოლ მასონი (ორივე საფრანგეთი)

ველოსიპედის ისტორიული საწყისები კამათის საგანს წარმოადგენს. ველოსიპედიზმის ისტორიის საერთაშორისო კონფერენციის (ICHC - 1990 წლიდან ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში) მასალების მიხედვით, ველოსიპედის, როგორც თვითმოძრავი ორთვლიანი მექანიზმის ისტორია, XIX საუკუნეში იწყება. თუმცა, არსებობს 1493 წლით დათარიღებული ნახატი, რომელზეც გამოსახულია ველოსიპედის მსგავსი მექანიზმი და რომელიც ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის მოსწავლეს, ჯიაკომო კაპრიოტის. თვით ლეონარდო და ვინჩიმ მიაგნო ჯაჭვური გადაცემის პრინციპს (აღწერილია 1435 წელს შესრულებულ ნახატზე), მაგრამ ეს აღმოჩენა მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ განხორციელდა. საეჭვოდ არის მიჩნეული ფრანგი კომტ დე სივრაკის განცხადება, რომ მან 1791 წელს გამოიგონა ორთვლიანი მექანიზმი. დანამდვილებით ცნობილია, რომ 1817 წელს გერმანელმა კარლ ფონ დრეიზმა შექმნა Lauffmashcine (მრბოლი მანქანა), რომელსაც პრესამ ჯერ დრეზინა, შემდეგ კი ველოსიპედი უწოდა. ფონ დრეიზის თქმით, ხის ორთვალა მექანიზმის, როგორც ცხენის ერთგვარი შემცვლელის გამოგონება განაპირობა 1816 წლის გვალვამ და შიმშილმა. 1817 წელს მანჰეიმში მან თავისი მექანიზმით 13 კილომეტრი ერთ საათზე ნაკლებ დროში დაფარა. 1860-იან წლებში საფრანგეთში ველოსიპედის წინა ბორბალს პედლები გაუკეთეს. ექსპერტებს ჯერ არ აქვთ გარკვეული, ვინ იყო პირველი ამ საქმეში - ერნსტ მიშო, პიერ ლალემენტი თუ ალექსანდრ ლეფევრი. 1879 წელს ინგლისელმა ჰენრი ლოუსონმა შექმნა ველოსიპედი ჯაჭვური გადაცემით, 1888 წელს კი ჯონ ბოიდ დანლოპმა – პნევმატური საბურავით. XIX საუკუნის ბოლოს ველოსიპედმა კონსტრუქციულად თანამედროვე სახე მიიღო.

ველოსპორტის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1868 წლის 31 მაისი, როცა პარიზში (პარკი სენ-კლუ) გაიმართა პირველი რეგისტრირებული რბოლა 2 კილომეტრზე. გაიმარჯვა ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს მურმა, რომელმაც ერთი წლის შემდეგ პირველი საგზატკეცილო რბოლაც მოიგო: პარიზ-რუანის 120 - კილომეტრიანი ტრასა საათში საშუალოდ 12,4 კმ სიჩქარით გაიარა. ველოსპორტში პირველ რეკორდსმენად ითვლება ასევე ინგლისელი სპორტსმენი, ვინმე დოდსი. მან 1876 წლის 25 მარტს 1 საათში 25 კმ და 508 მ დაფარა.

ტრეკზე პირველი ველორბოლა მოეწყო ინგლისში 1868 წელს. იმდროინდელი ტრეკი იპოდრომის ტიპის, ოვალური მინდორი იყო. მოგვიანებით, შენდებოდა თიხის, წიდისა და ბეტონის საფრიანი ტრეკები 20-35-გრადუსიანი ვირაჟებით. XIX საუკუნის მიწურულს ველოსპორტი სწრაფად განვითარდა ევროპის მრავალ ქვეყანაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. გერმანიაში პირველი ველოშეჯიბრება მოეწყო 1882 წელს, რუსეთში — 1883 წელს.

1970-იან წლებში ველოსპორტის ცალკე სახეობად ჩამოყალიბდა მაუნთინბაიკი (ინგლ. mountain — სამთო, bike – ველოსიპედის, ანუ სამთო დაშვება, რომელიც აერთიანებს სამთო რბოლის ძირითად დისციპლინებს (მთიდან სწრაფდაშვება, რბოლა დასერილ ადგილებში, წინაღობათა გადალახვა, მთაზე ასვლა, ტრიუკები და ხტომები). პირველი სპეციალური სამთო ველოსიპედი დააპროექტა ამერიკელმა კონსტრუქტორმა გარი ფიშერმა, მანვე დაიწყო ამ ველოსიპედების სერიული წარმოება. 1969 წლიდან იმართება მსოფლიოს ჩემპიონატები, 1996 წელს კი სამთო დაშვება ოლიმპიური სახეობა გახდა. მაუნთინბაიკის ცალკეულ დისციპლინათა უმეტესობას სპორტის ექსტრემალურ სახეობებს მიაკუთვნებენ.

1970-იანი წლებიდან აშშ-ში, მოგვიანებით კი, ევროპაში განვითარდა BMX, ანუ ველომოტოკროსი, იგივე BMX Racing. ველოსპორტის ეს მიმდინარეობა 1993 წელს ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირს შეუერთდა, 2008 წლიდან კი ოლიმპიური დისციპლინა გახდა. ველოსპორტი ყველა ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა. 1896-1924 წლებში შეჯიბრების პროგრამა არაერთხელ გადაისინჯა. მაგალითად, პირველ თამაშებში პროგრამაში იყო ველოსპორტის 6 დისციპლინა, მეორეში – 2, მესამეში – 7. 1928-92 წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, 1996 წლიდან კი პროგრამას დაემატა ქალთა და კაცთა საგზატკეცილო ინდივიდუალური რბოლა და სამთო ველოსპორტი, დისციპლინების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.

პირველი ოლიმპიური ჩემპიონი იყო ფრანგი პაულ მასონი, რომელმაც მოიგო ჰიტი ადგილიდან, სპრინტი 2000 მ და რბოლა 10000 მ. დღეისთვის ველოსპორტის 4 სახეობის 11 დისციპლინაში ოლიმპიური მედლების 22 კომპლექტი თამაშდება (თანაბრად — კაცებსა და ქალებს შორის).

პირველი თაობის ქართველი ველოსიპედისტები. თბილისი 1900-იანი წლები

ველოსპორტი საქართველოში

საქართველოში ველოსპორტი XIX საუკუნის მიწურულს შემოვიდა, როცა თბილისში, ყოფილი დიდი მთავრის (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე აიგო პირველი ველოტრეკი. ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (1856-1927), რომელსაც საკმაოდ დიდი თანხა გაუღია. ველოტრეკის ამოქმედების ოფიციალურ თარიღად 1892 წელი სახელდება. ძველ ველოსიპედისტთა გადმოცემით კი, აქ 1886 წლიდან უკვე იმართებოდა შეჯიბრებები, მაგრამ უსახსრობის გამო მალე დახურულა. 1893 წელს ტრეკი ვასილ ჯორჯაძეს გამოუსყიდია და ექვსთა ტურნირი მოუწყვია. პეტერბურგის ჟურნალ „ველოსიპედის” მიხედვით, ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძეს გაუმარჯვია. თანაც – დიდი უპირატესობით. ამიტომაც არის, საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასილ ჯორჯაძეა აღიარებული.

XX საუკუნის დასაწტისში სახელი გაითქვა ლადო კავსაძემ - პოპულარულმა ველოსიპედისტმა, მოჭიდავემ, საოპერო და საესტრადო მომღერალმა. 1907 წლის 18 მაისს თბილისის ველოტრეკზე გამართულ გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში (ასე იუწყებიდა იმდორინდელი აფიშები) კავსაძემ რუსთა სახელოვან სპორტსმენს სერგეი უტოჩკინს აჯობა და ჯილდოდ 300 მანეთი მიიღო. ამის შემდეგ კავსაძე წარმატებით გამოდიოდა ილერის, ტულის, ხარკოვისა და მოსკოვის ველოტურნირებში, პეტერბურგში კი გარდა რუსებისა, დაუმარცხებია ინგლისელი, ამერიკელი, იტალიელი მრბოლელები.

1916 წელს, წარმატებული მრეწველების ძმები ლგოტაკების შემწეობით საფუძვლიანად გადაკეთდა თბილისის ველოტრეკი. ლგოტაკები, სხვა საქველმოქმედო საქმესთან ერთად, ველოსპორტსაც დიდ ყურადღებას უთმობდნენ. აწყობდნენ შეჯიბრებებს, აწესებდნენ პრიზებს, ფინანსურად ეხმარებდოდნენ ხელმოკლე ველოსიპედისტებს. იმ პერიოდში წარმატებულ მრბოლელად ითვლებოდა საზღვარგარეთული ფირმა „დუქსას” მექანიკოსი ნიკოლოზ გაბრიელოვი, რომელსაც არაერთი ცნობილი უცხოელი მეტოქე დაუმარცხებია.

1910- იან წლებში ველოსპორტი ქუთაისშიც გავრცელდა, რასაც ხელი შეუწყო ყოფილი მიხაილოვის (ამჟამად, ფალიაშვილის) ქუჩაზე ველოსიპედების საფირმო მაღაზიის გახსნამ. ამ მაღაზიის მეპატრონის ვლადიმერ ტერკის თაოსნობით საღორიას ტყის მიდამოებში ხშირად იმართებოდა ველოსიპედისტთა შეჯიბრებები. 1920 წელს ქუთაისის „შევარდენის” ვარჯიშთავმა დათა ჯავრიშვილმა ჩამოაყალიბა ველოსიპედისტთა სექცია. „უმთავრესად ყურადღება ქონდა მიქცეული სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. აგრეთვე ველოსიპედელთა სექციის მიზანი იყო გაემართა შეჯიბრებები ურთიერთ შორის: ჩქარ სიარულზე, ნელ სიარულზე და ფიგურების კეთებაზე. დღემდის უმთავრესი ყურადღება მიქცეული ქონდა სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. საზოგადოებას ველოსიპედისტთა გუნდმა უჩვენა თავისი მოკლე ხნის ნამუშევარი, 9 მაისს, როდესაც იყო გამოსვლები ტან-სავარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“-ს. ახლო მომავალში მას მიზნად აქვს მოაწყოს შეჯიბრებები ველოსიპედელთა შორის და ექსკურსიები“ (ჟურნალი „შევარდენი“, 1920 წელი, ქუთაისი).

სსრკ ჩემპიონატში ქართველთაგან პირველი გამარჯვებები მოიპოვა გიორგი ლეჟავამ, რომელმაც 1939-45 წლებში 4-ჯერ მოიგო სალიდერო რბოლა. 40-50-იან წლებში გამოირჩეოდნენ ავთანდილ გუნია, არკადი ხაბურზანია, ოთარ დადუნაშვილი, ვლადიმერ ძებნიაური, ედუარდ ჯიმშელეიშვილი. მათი გზა ღირსეულად გააგრძელა ქუთაისელმა სპრინტერმა ომარ ფხაკაძემ, რომელმაც ერთბაშად დაიპყრო სპორტული სიმაღლეები, 1965 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფხაკაძე მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს სპრინტერად ითვლებოდა. სხვადასხვა თაობის ველოსიპედისტთა შორის საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ შოთა კაცაძე, იგორ ვოლკოვი, ვლადიმერ პოპოვი, პეტრე ჩევარდოვი, ემზარ გელაშვილი, ოთარ მჭედლიშვილი და სხვ.

ველოსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1972 წელს თბილისში აშენებულმა ცენტრალურმა ველოტრეკმა, რომელიც თავისი ტექნიკური მონაცემებით უტოლდებოდა იმდროინდელ მსოფლიოს საუკეთესო ტრეკებს. იმავე წლიდან რეგულარულად იმართებოდა პოპულარული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ტელევიზიის პრიზზე, თბილისში ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ველოსიპედისტები. ეს ტრადიცია 1984 წელს შეწყდა, მოგვიანებით კი, ეკონომიკური პრობლემების გამო, საქართველოში ველოსპორტის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდა.

წესები

ტრეკზე რბოლა

ტრეკზე რბოლა

ოფიციალური საერტაშორისო შეჯიბრებები ტარდება ხის საფარიან ტრეკზე, რომლის სარბოლო ოვალის სიგრძეა 250 (მოკლე ტრეკი), 333,33 ან 400 (გრძელი ტრეკი) მეტრი, სარბოლო ზოლის სიგანე - 7-9 მეტრი, დაქანება მრუდზე - 22-დან (გრძელ ტრეკზე) 42 (მოკლე ტრეკზე) გრადუსამდე. მთელ ოვალზე სარბოლო ზოლის კიდედან 80 სმ-ზე გავლებულია წითელი ხაზი, თეთრი ხაზით კი მონიშნულია სტარტის, 200 მეტრის და ფინიშის ადგილები. ველოსიპედის ჩარჩო სამკუთხედის ფორმისაა და მზადდება სხვადასხვა მასალისაგან (ფოლადი, ალუმინი, ტიტანი, ნახშირპლასტიკი). ტრეკზე რბოლაში გამოიყენება უმუხრუჭო ველოსიპედი. გამოდევნებით და ერთ კილომეტრზე რბოლაში იყენებენ აეროდინამიურ საჭეს. ველოსიპედის მაქსიმალური სიგრძეა 2 მ, სიგანე - 50 სმ. იკრძალება ისეთი მოწყობილობის გამოყენება, რომელიც სისწრაფეს ხელოვნურად ზრდის. ველოსიპედისტს აცვია სპორტული მაისური, შორტი და ფეხსაცმელი, აგრეთვე - ტყავის ხელთათმანი, თავზე ახურავს აეროდინამიური ჩაფხუტი.

ტრეკზე რბოლის ძირითადი დისციპლინებია: კაცები - ჰიტი 1000 მ ადგილიდან, სპრინტი 3 წრე, გამოდევნებით ინდივიდუალური რბოლა 4 კმ, გამოდევნებით გუნდური რბოლა 4 კმ, ქულებზე რბოლა 40 კმ, კეირინი, გუნდური ანუ ოლიმპიური სპრინტი, მედისონი, სკეტჩი 15 კმ; ქალები - ჰიტი 500 მ, სპრინტი 3 წრე, ინდივიდუალური რბოლა გამოდევნებით 3 კმ, ქულებზე რბოლა 24 კმ, სკრეტჩი 10 კმ.

BMX Racing

ჰიტში ველოსიპედისტის ერთადერთი მეტოქეა დრო. რბოლის მონაწილენი ტრეკზე ცალ-ცალკე გადიან, ცდილობენ სტარტზევე აკრიფონ მაქსიმალური სისწრაფე და ასე მივიდნენ ფინიშამდე. იმარჯვებს ის, ვინც დისტანციას ყველაზე სწრაფად გაივლის.სპრინტის სტარტზე ერთდროულად ორი სპორტსმენი დგება, დისტანციაზე პირველი ის გადის, ვისაც პირველობა კენჭისყრით ერგო. დისტანციის უმეტეს ნაწილს მრბოლელები ტაქტიკური მანევრებისთვის იყენებენ და ცდილობენ საფინიშო სპურტისთვის უკეთესი პოზიცია შეარჩიონ. რბოლაში გამარჯვებულად ის ითვლება, ვინც ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს. სპრინტი სამი სტარტისგან შედგება. ვინც ორ რბოლას მოიგებს, საბოლოო გამარჯვება მას რჩება. დიდი შეჯიბრებების ფინალურ ეტაპში, როგორც წესი მონაწილეობს 18 სპორტსმენი, რომლებიც წყვილდებიან წინასწარი რბოლის შედეგების მიხედვით. გამარჯვებული გადის შემდეგ ეტაპზე, დამარცხებული კი ე.წ. დამამშვიდებელ გარბენში მონაწილეობს. გამოდევნებით ინდივიდუალური რბოლის სტარტს ტრეკის მოპირდაპირე მხარეს ერთდროულად ორი სპორტსმენიო იღებს. გამარჯვებული ვლინდება ნაჩვენები დროის მიხედვით, თუ მეტოქეებს ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდებათ. უპირატესობა იმას ენიჭება, ვინც ბოლო წრე უფრო სწრაფად გაირა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები უკეთესი დროის მიხედვით არჩევენ ოთხ საუკეთესო მრბოლელს, რომლებიც ბრძოლას ნახევარფინალში აგრძელებენ.

გამოდევნებით გუნდური რბოლის წესები, ძირითადად, ინდივიდუალური რბოლის წესების ანალოგიურია. მეტოქე გუნდები სტარტს აქაც ტრეკის მოპირდაპირე მხარეს იღებენ. თითოეულ გუნდში ოთხი სპორტსმენია. საერთო დრო იმ მომენტში აღირიცხება, როცა ფინიშის ხაზს გუნდის რიგით მესამე წევრი გადაკვეთს. რბოლა შეიძლება შეწყდეს დისტანციის დამთავრებამდე, თუ დაწინაურებული გუნდის მესამე მრბოლელი მეტოქის მესამე წევრს დაეწევა. ქულებზე რბოლაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. პირველი წრის გავლის შემდეგ, ყოველი მომდევნო ათი წრის ფინიშზე ოთხ საუკეთესო მრბოლელს ერიცხება ჩასათვლელი ქულები, შესაბამისად - 5, 3, 2 და 1 ქულა (დისტანციის ბოლო წრეზე ეს ქულები ორმაგდება). საბოლოო ადგილები ნაწილდება მოპოვებული ქულების ჯამის მიხედვით. თუ ორ ან მეტ სპორტსმენს თანაბარი ქულები აღმოაჩნდა, უპირატესობას ანიჭებენ იმას, ვისაც საშუალედო ფინიშებზე, მეტი პირველი (მეორე, მესამე და ა. შ.) ადგილები აქვს დაკავებული. თუ ეს მაჩვენებელიც ერთნაირია, იმარჯვებს ის, ვინც ბოლო ფინიშზე უფრო ადრე მივიდა.

საგზატკეცილო რბოლა

კეირინი იმართება 2000 მ დისტანციაზე. მრბოლელები უკან მიჰყვებიან მოტოციკლეტისტს, რომელიც თანდათან ზრდის სიჩქარეს 50 კმ საათამდე და მსაჯის ნიშანზე, როცა ფინიშამდე 600-700 მეტრი რჩება, ტრეკიდან გადის. ამას მოსდევს რბოლის მონაწილეთა სპურტი. გამარჯვებულად ის ითვლება, ვინც ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს.

გუნდური სპრინტი იმართება სამ წრეზე. ტრეკის საპირისპირო მხარეს სტარტს იღებს ორი სამკაციანი გუნდი. ყოველი წრის შემდეგ თითოეული გუნდის ის სპორტსმენები, რომლებიც ფინიშთან პირველები მივლენ, ეთიშებიან რბოლას. წამზომი მაშინ ჩერდება, როცა ფინიშის ხაზს გუნდის ბოლო მესამე წევრი გადაკვეთს. თუ მეტოქეებს ერთნაირი შედეგი აღმოაჩნდათ, გამარჯვება იმ გუნდს მიენიჭება, რომელმაც ბოლო წრის გავლას ნაკლები დრო მოანდომა.

მედისონი წყვილთა შეჯიბრებაა. რბოლა შედგება საშუალედო ფინიშებისაგან, რომელთა ოდენობა განისაზღვრება ტრეკის სიგრძის მიხედვით. გუნდის ერთი წევრი აქტიურად მონაწილეობს რბოლაში, მეორე კი ნელა მოძრაობს ტრეკზე და ძალებს ზოგავს. ესტაფეტის გადაცემა ხდება მაშინ, როცა დაღლილი სპორტსმენი ხელით შეეხება თავის მეწყვილეს. ყოველ საშუალედო ფინიშზე პირველ ოთხეულში გასულ გუნდებს ერიცხებათ ჩასათვლელი ქულები, შესაბამისად - 5, 3, 2 და 1 ქულა. საბოლოო ადგილები ნაწილდება მოპოვებული ქულების ჯამის მიხედვით.

სკეტჩი ინდივიდუალური რბოლაა ერთდროული სტარტით. მონაწილეთა რაოდენობა 24-ზე მეტი არ უნდა იყოს. მრბოლელი შეჯიბრებას ეთიშება, თუ დანარჩენ მეტოქეებს მთელი წრით ჩამორჩა. თუ რომელიმე სპორტსმენი ძირითად ჯგუფს ერთი წრით გადაასწრებს, რბოლა წყდება და ის გამარჯვებულად ცხადდება. თუ ძირითად ჯგუფს ერთი წრით ერთბაშად სამი მრბოლელი გადაასწრებს, მათ მთელი დისტანცია ბოლომდე უნდა გაიარონ. დანარჩენები ეთიშებიან შეჯიბრებას.

სამთო დაშვება

საგზატკეცილო რბოლა

შეჯიბრებები იმართება უსაფრთხო საავტომობილო გზებზე. ერთდღიანი რბოლისთვის იყენებენ როგორც წრიულ, ასევე ღია და კომბინირებულ ტრასებს. წრიული ტრასის სიგრძე 12 კმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ველოსიპედის მაქსიმალური სიგრძეა 2 მ, სიგანე - 50 სმ, წონა - არანაკლებ 6,5 კგ. ველოსიპედისტს აცვია სპორტული მაისური, შორტი და ფეხსაცმელი, აგრეთვე - ტყავის ხელთათმანი, თავზე ახურავს დამცავი ჩაფხუტი.

საგზატკეცილო რბოლის ძირითადი დისციპლინებია ჯგუფური რბოლა (კაცები - 250-280 კმ, ქალები - 80-120 კმ) და ინდივიდუალური რბოლა (კაცები - 40-50 კმ, ქალები - 20-30 კმ), მრავალდღიანი რბოლა, ზამთრის კროსი. საგზატკეცილო ჯგუფური რბოლა იწყება საერთო სტარტით, ინდივიდუალური რბოლის მონაწილენი კი სტარტს იღებენ 90 წამის ინტერვალით. რბოლის მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში, სპორტსმენებს ემსახურებიან ტექნიკური დახმარების ჯგუფები.

მრავალდღიანი ველორბოლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მინიმუმ ორი დღე გრძელდება. პროგრამაში შედის ჯგუფური რბოლა, ინდივიდუალური და გუნდური რბოლა დროზე, აგრეთვე ე.წ. პროლოგი (ინდივიდუალური რბოლა არაუმეტეს 8 კმ დისტანციაზე) და ნახევარეტაპები. ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვებული ვლინდება ცალკეულ ეტაპებზე მოპოვებული დროის ჯამის მიხედვით. დროის ტანაბრობის შემთხვევაში ითვალისწინებენ ეტაპებზე მოპოვებული გამარჯვებების საერთო რაოდენობას, ყველა ეტაპზე ნაჩვენებ საერთო დროს. გუნდურ ჩათვლაში შედის გუნდის წევრთა მიერ ცალკეულ ეტაპებზე და მთელ დისტანციაზე ნაჩვენები სამი საუკეთესო დრო. თუ რბოლის მსვლელობისას გუნდში სამზე ნაკლები სპორტსმენი რჩება. ამ გუნდის შედეგი შედეგი საერთო ჩათვლაში არ შეაქვთ.

სამთო დაშვება

სამთო დაშვებაში იყენებენ განსაკუთრებიტ მყარი კონსტრუქციის ველოსიპედს, რომელიც აღჭურვილია სიჩქარის გადამრთველით, წინა და უკანა მუხრუჭებით, ამორტიზაციით, რელიეფური პროტექტორით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები