თუთირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუთირ-ი (ოს. Тутыр) – მგელთა უფალი, საქონლის ქურდების მფარველი, ოსური პანთეონის ერთ-ერთი ცენტრალური და თავისი ბუნებით ყველაზე რთული ღვთაება, რომლის ძლიერმა კულტმა რწმენა-წარმოდგენათა და მაგიურ ქმედებათა ფართო ქსელი წარმოქმნა. ოსებს სწამდათ, რომ იგი პერიოდულად აწყობდა მგლების შეკრებას, აძლევდა მათ დავალებებს, განუსაზღვრავდა საკვების ოდენობას. მისი ნების გარეშე ნადირი ადამიანებსა და საქონელს ზიანს ვერ მიაყენებდა. თუ მგელი ცხვრის ფარას დაესხმოდა, მწყემსი დახმარებისთვის მაშინვე თუთირს მიმართავდა:

„ო, თუთირ, მე და ჩემი საქონელი შენი მფარველობის ქვეშ ვართ, ჩვენ შენი სტუმრები ვართ, დაგვიფარე შენი მგლებისგან, გარეკე ისინი შორს“.

მწყემსების რწმენით, განრისხებულ თუთირს შეეძლო მგლისთვის პირი შეეკრა, ქვებით ამოევსო მისი გაუმაძღარი ხახა.

მგლის, როგორც ოსთა წინაპრების ტოტემური, მოგვიანებით მზის სიმბოლოდ ქცეული ცხოველის კულტი კარგად არის შესწავლილი ნართული ეპოსისა და ოსურ მითოლოგიასთან დაკავშირებული მასალების საფუძველზე. სწორედ მგლისა და მზის ერთიანმა თაყვანისცემამ განაპირობა თუთირის სახელობის დღესასწაულის აშკარად გამოკვეთილი აგრარული ხასიათი, ღვთაების კავშირი როგორც მესაქონლეობის, ისე სამიწათმოქმედო და ზოგადად ნაყოფიერების კულტებთან.

გარდა აღნიშნულისა, თუთირის ეპითეტი – „ყოვლისმძლეველი“ („ო, თუთირ, შენ ყოვლისმძლეველი ხარ, და ვინც ჩვენზე გამარჯვებას განიზრახავს, შენ იყავი მისი ძალის დამანგრეველი...“), ასევე, ერთი მხრივ, მგლისა (შდრ. ვ. აბაევის მიერ ეტიმოლოგიზირებული „ქურდალაგონი“ და „ვულკანი“) და, მეორე მხრივ, ღვთაების კავშირი სამჭედლო საქმესთან (შდრ. მჭედლების აქტიურობა თუთირის დღეებში) თუთირს წარმოაჩენს, როგორც მეომრული ბუნების ღვთაებას (შდრ. ბრძოლის წინ თუთირის მიერ ნართი გმირების დასაჩუქრება სასწაულებრივი იარაღებით – მახვილითა და თვითმსროლი მშვილდით; ბათრაძის განსაკუთრებული პატივისცემა თუთირისადმი).

აღნიშნულის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ თუთირის დღეებში იკრძალებოდა ყოველგვარი საომარი მოქმედება, დროებით წყდებოდა მოსისხლეთა შორის შურისძიებისკენ მიმართული ღონისძიებები. ასეთი აკრძალვა ძალაში შედიოდა მხოლოდ მეომართა მფარველი ღვთაების, ვასთირჯის, სახელობის დღეებში. აქვე უნდა ითქვას, რომ მრავალი მონაცემით თუთირი და ვასთირჯი ტყუპისცალებივით გამოიყურებიან. სოლარული ბუნების ღვთაება ვასთირჯი ოსურ ფოლკლორში მგლის სახითაც გვხვდება. ნართული ეპოსის მიხედვით, ძერასას ვასთირჯისაგან შეეძინა ქალიშვილი – სათანა. ქალმა იმავდროულად დაბადა პირველი ცხენი და პირველი ძაღლი (მგელი).

მიჩნეულია, რომ გადმოცემის თავდაპირველ ვარიანტში სამივეს მამა ვასთირჯი უნდა ყოფილიყო. ეს სავსებით დამაჯერებელი აზრი ვასთირჯის სამ იპოსტასში – ანთროპომორფულ და ზოომორფულ (ცხენი და მგელი – მზიური ცხოველები) პლანში წარმოაჩენს (გვიანდელი ოსური მასალით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ლოგიკით ეს როლი ეპოსში თუთირს უნდა რგებოდა). როგორც ჩანს, ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანული წმინდანები – თუთირი (წმ. თევდორე) და ვასთირჯი (წმ. გიორგი) ჩაენაცვლნენ, გენეტიკურად ტყუპი ღვთაებები იყვნენ (შდრ. ინდოევროპულთა აშვინები და დიოსკურები). ქართულ მითოლოგიაში ტყუპ ღვთაებათა ნიშნების მქონენი არიან წმ. გიორგი და წმ. თევდორე (ის ფაქტი, რომ ქართველი თევდორე ცხენთა უფალია, ხოლო გიორგი – მგელთა, საკითხის არსს არ ცვლის). ასეთადვე გამოიყურებიან ისინი სამხრეთ ევროპის, განსაკუთრებით ბალკანეთის ხალხების ეთნოგრაფიული მასალებით.

თუთირის დღეები, ისევე როგორც ქართული „თედორობა“, აფხაზური „აითარნიჰვა“ (აითარისადმი – წმ. გიორგისადმი მიძღვნილ წეს-ჩვეულებათა რიგი), ბულგარული „ტუდოროვ დენ“, იუგოსლავური „ტოდორიცა“ და სხვა დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნებოდა და ფართო აგრარული ხასიათის დღესასწაულს წარმოადგენდა. აქვე უნდა ითქვას, რომ წმ. გიორგი და წმ. თევდორე ასტრალური კალენდრის ერთი ციკლის შემკვრელები არიან. მათი სახელობის დღეებს უკავშირდება პლეადების გაუჩინარება-გამოჩენა. ამიტომ ისინი ასტრალურ ღვთაებებსაც წარმოადგენენ, რაც კარგად არის ასახული შესაბამის დღესასწაულებში.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Бинкевич Е. Верования осетин // Религиозные верования народов СССР. М., 1930. Т. II;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Л., 1979. Т. III;
  • Кочиев К. К. Тутыр – владыка волков // Известия ЮОНИИ. XXXI. Тб., 1987;
  • Чибиров Л. А. Пантеон // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები