იყალთოს აკადემია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია − (ინგლ. Ikalto Academy), XI-XII საუკუნეების ქართული უმაღლესი სასწავლებელი. მდებარეობდა კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, სოფელ იყალთოში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. ეს კომპლექსი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა ზენონმა (ზენონ იყალთოელი). მან აქვე ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო და მთელი სიცოცხლე ქართველთა საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. შემდეგში ზენონის მიერ აგებული ტაძრის ადგილას ღვთაების (ფერისცვალების) ეკლესია აშენდა (VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე), მოგვიანებით კი ყველაწმინდის ერთნავიანი და სამების მცირე ეკლესიები (XII-XIII საუკუ-ნეები), რომლებიც ერთ სამონასტრო კომპლექსში გაერთიანდა. ამჟამად მონასტრის ეზოში შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობები, მათ შორის იყალთოს აკადემიის და სატრაპეზოს ნანგრევებიც.

აკადემიის ნაშთი

აკადემია ეკლესიების სამხრეთით, მონასტრის ახლანდელი ზღუდის სიახლოვეს მდებარეობს. ნაგებობა ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, სართულშუა გადახურვისა და სახურავის გარეშე. ეს იყო სამი შენობისგან შემდგარი კომპლექსი, რომელშიც, საკუთრივ აკადემიის გარდა, საწნახელი და აკადემიის მსგავსი დარბაზი შედიოდა (ძეგლის შეწავლამ გამოავლინა, რომ კომპლექსის ყველაზე ადრინდელი საწნახელია, შემდეგ უნდა იყოს აგებული დარბაზი და ბოლოს აკადემია). ნაგებობა პროპორციებისა და ზომის წყალობით საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. შენობის სიგრძე დაახლოებით 50 მ-მდე, ხოლო სიგანე 11 მეტრი იყო. მთლიანად რიყის ქვით ნაგები აკადემიის შენობის პირველი სართული ორი ოთახისგან შედგება, მეორე სართული კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5x9,0 მ), რომელიც, სავარაუდოდ, იმ დროის სწავლულ კაცთა შეკრების ადგილი იყო. გარედან აკადემიის დიდი ორსართულიანი კორპუსი აღმოსავლეთით და დასავლეთით ფრონტონებს ქმნიდნენ. აღმოსავლეთი ფასადის მნიშვნელოვანი ელემენტი ორი უზარმაზარი შეწყვილებული თაღოვანი სარკმელია, მათ შორის ჩასმული რვაწახნაგა სვეტით.

აკადემიის ნანგრევები

ძეგლის არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზის საფუძველეზე აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი მიიჩნევს, რომ აკადემია VIII-IX საუკუნეების კახეთის ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

სოფელ იყალთოსა და მის შემოგარენში 70-ზე მეტი ეკლესია და ეკლესიის ნაშთია დაფიქსირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადგილზე მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ყალიბდებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იყალთოს აკადემია IX საუკუნეში დაარსდა, მაგრამ არაბთა ბატონობის გამო არსებობა მალევე შეწყვიტა. მხოლოდ XII საუკუნეში განაახლა ფუნქციონირება, როცა იყალთოში საქართველოს დიდი მეფის (1089-1125 წწ.) დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კარის მრჩეველი, სასულიერო მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი და ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი (მაყაშვილი) ჩავიდა (მანამდე გელათის აკადემიაში მოღვაწეობდა). 1114-1120 წლებიდან აკადემიამ მუშაობა განაახლა მისი პირველი რექტორის არსენ იყალთოელის ხელმძღვანელობით. აქ ძირითადად ასწავლიდნენ ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს (ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფის, გეომეტრია, გალობა). ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა”) და მევენახეობა-მეღვინეობა.

იყალთოს მონასტრის ტერიტორიის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ფირუზისფერი კრამიტი (ასეთები მხოლოდ ეკლესია-მონასტრებთან გვხვდება), საჭურჭლე ქარხანა (მდებარეობს მონასტრის გარეთ), სამჭედლო ბუხრით, ხოლო ახლახან მონასტრის ეზოში მიაკვლიეს ზენონ და არსენ იყალთოელების სამარხებს.

საქართველოში განათლება და მეცნიერება სახელმწიფო პოლიტიკის რანგამდე იყო აყვანილი. ქართველი მეფეებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ განათლების საკითს და აკადემია ერთ-ერთი ასეთი ცენტრი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა ქვეუნის წინსვლას. აკადემიამ მხოლოდ 1616 წლიდან შეწყვიტა არსებობა ირანის მმართველის შაჰ-აბასის შემოსევის შედეგად, როცა ხანძარმა მთლიანდ გაანადგურა მონასტერი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები