კომედია დელ არტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომედია დელ’არტეს დასი, მე-16 საუკუნის ბოლოს ფლამანდური ნახატში

კომედია დელ’არტე – ნიღბების იმპროვიზაციული იტალიური თეატრი. აგებული იყო ინტრიგის მოკლე, სქემატური სცენარის მიხედვით, ჩამოყალიბდა მე-16 საიკუნეში ხალხური წარმოდგენების საფუძველზე (ფარსი, საკარნავალო ნიღბები, ბუფონადა, სასწავლო კომედია „ერუდიტა“); ფესვებით დაკავშირებული იყო ძველრომაული ატელანების ხელოვნებასთან.

სარჩევი

ისტორია

Komediadelarte.JPG

იტალიაში XVI საუკუნის II ნახევრამდე, პროფესიული თეატრი არ არსებობდა. დემოკრატიული მაყურებლისგან განრიდება აფერხებდა პროფესიული სასცენო ხელოვნების განვითარებას. XIII საუკუნიდან გაჩნდნენ ჰისტრიონჟონგლიორები, თანდათანობით კარნავალის მონაწილეთაგან და ბუფონთა წრიდან დაიწყო თეატრალური კოლექტივების შექმნა. დაფუძნდა სცენისმოყვარეთა ამხანაგობები. სწორედ მათგან წამოვიდნენ ნახევრადპროფესიონალურ მოხეტიალე მსახიობთა პატარა ჯგუფები. ისინი მაყურებელთა ყველა ფენისათვის მართავდნენ წარმოდგენებს, მათ შორის, პატრიციების სახლებშიც. ასეთი ჯგუფები მთელ იტალიაში არსებობდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა ანჯელო ბეოლკოს დასი. მისი ძიებები მიმართული იყო ცოცხალი ხალხური თეატრის შექმნისკენ, მაგრამ მან ვერ განახორციელა ეს იდეა.

მოგვიანებით, პადუაში შეიქმნა ახალი დასი. მომრავლდა მოხეტიალე მსახიობთა ქუჩის დასები, მათში ქალებიც მონაწილეობდნენ. ამ წარმოდგენებში ჭარბობდა ფარსული სანახაობები, კარნავალური ელემენტები. მსახიობები ხშირად იყენებდნენ ნიღბებს, ფერადოვან კოსტიუმებს. წარმოდგენები უპირატესად გასართობი ხასიათის იყო. ღია ცის ქვეშ გამართულმა წარმოდგენებმა თანდათანობით გადაინაცვლა შენობაში. პატრიციების სახლებში, ძირითადად, პლავტისა და ტერენციუსის კომედიები იდგმებოდა.

რეპერტუარი

პროფესიულმა თეატრებმა თანდათან ხელი აიღეს ფარსულ რეპერტუარზე და თავად მსახიობთა ძალებით, სცენარების შექმნაზე გადავიდნენ. ამგვარად აღმოცენდა აღორძინების ხანის მთავარი თეატრალური სახეობა – ნიღბების იმპროვიზაციული თეატრი „კომედია დელ’არტე“. „კომედია“, ამ შემთხვევაში, ჟანრს არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს „თეატრს“, ხოლო სიტყვა არტე – „პროფესიას“. ე. ი. „პროფესიული თეატრი“. მოგვიანებით, კომედია დელ’არტე მიიღებს „ნიღაბთა თეატრის“ სახელწოდებას და იტალიური თეატრალური ხელოვნების უმაღლეს მიღწევად იქნება მიჩნეული.

კომედია დელ’არტე იყო ნიღბების იმპროვიზაციული თეატრის უნიკალური სახეობა. მსახიობები მაყურებლის თვალწინ, იმპროვიზაციულად წარმოადგენდნენ სპექტაკლს, რომელსაც მსახიობები გაითამაშებდნენ წინასწარ განსაზღვრული მოკლე სქემის მიხედვით. თეატრის ამ სახეობამ საგრძნობლად სრულყო სამსახიობო ხელოვნების პროფესიული დონე. კომედია დელ’არტეში რეალიზმი და სატირა ხალხურ ფარსთან იყო შეზავებული, ხოლო მოქმედ გმირთა მუდმივი შემადგენლობა – ნიღბები, კარნავალების მონაწილე პოპულარული პერსონაჟებისგან იყო ნასაზრდოები.

Komediadelartes niRbebi.JPG

ამდენად, კომედია დელ’არტეს ფესვები დაკავშირებული იყო ხალხურ სანახაობასთან, ფარსულ წარმოდგენებთან და კარნავალურ დღესასწაულებთან. თეატრის ეს სახეობა აღმოცენდა ხალხური სანახაობიდან და შემდეგ გადაიზარდა პროფესიონალურ თეატრში. თავისი გამორჩეული თვითმყოფადობით, კომედია დელ’არტე ეფუძნებოდა საკუთარ კანონებს, საკუთარ ხელწერას, ამასთანავე, აგრძელებდა ძველრომაული ატელანების ხელოვნებას.

კომედია დელ’არტეში რეპერტუარს ქმნიდნენ მსახიობები, ისინი ხან თავად თხზავდნენ წარმოდგენებში გასათამაშებელ ამბავს, მოქმედ პირთა სალაპარაკო ტექსტს, ხან უკვე დაწერილი კომედიების სიუჟეტებს სცენარებად გადააკეთებდნენ ხოლმე. ამგვარად, სანახაობას საფუძვლად ედო სიუჟეტი – სცენარი – სქემა ანუ თავისებური ლიტერატურული პირველწყარო, ერთგვარი ჩარჩო, რომელიც მოქმედ პირთა ცხოვრების ძირითად ხაზებს მოიცავდა. სწორედ ამ სქემაზე დაყრდნობით, ტექსტისა და ჟესტიკულაციის სრული იმპროვიზაციით მსახიობები ქმნიდნენ სცენურ სახეებს. ეს ტრადიცია ფარსული თეატრიდან მოსდევდათ. სცენარები თანდათან ივსებოდა მსახიობთა იმპროვიზაციის საფუძველზე დაბადებული ცოცხალი სიტყვების მასალით. კომედია დელ’არტეს მკვლევარი, მსახიობი, რეჟისორი – კ. მიკლაშევსკი მიუთითებდა ლიტერატურული პირველწყაროს დამახასიათებელ თვისებაზე, კერძოდ, აღნიშნავდა, რომ პიესა-სცენარს ერთიანი ავტორი არ ჰყავდა. ათეულობით მსახიობი, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაყურებელთა თვალწინ ჩახლართულ სიუჟეტს გაითამაშებდა და თუმცა იმპროვიზაციის გარკვეული წილი ყოველი სპექტაკლის თანმდევი იყო, მაინც სანახაობა წინასწარ მოფიქრებულ და დასწავლილ სცენარს ეფუძნებოდა.

სცენარების მიხედვით შექმნილ წარმოდგენებში მთავარი იყო იმპროვიზაციით გათამაშებული სიუჟეტი, ამიტომ მსახიობებისათვის ფსიქოლოგიური ხასიათების შექმნა შეუძლებელი იყო. სიუჟეტის ლიტერატურულ ჩარჩოში მოქცეული იყო მსახიობთა საშემსრულებლო ხელოვნებაც. მსახიობები მუდმივ შემოქმედებით პროცესში იმყოფებოდნენ, მათ სულ უნდა ემზირათ და ყურადღებით ესმინათ პარტნიორისათვის, რათა ზუსტად ეპასუხათ რეპლიკასა თუ ქმედებაზე. სწორედ იმპროვიზაცია გახდა კომედია დელ’არტეს მთავარი განმსაზღვრელი თვისება.

Komedia delar niRbebi 2.JPG

კომედია დელ’არტე მასობრივი ხასიათის, მაყურებლისათვის ყველაზე საყვარელი სანახაობა იყო, სადაც სცენაზე შექმნილი სიტუაციების გამო სუფევდა საყოველთაო მხიარულება, სიცილი, ხარხარი, მაგრამ, ამასთანავე, ამ წარმოდგენებში, თითქმის ყოველთვის, იგრძნობოდა ჯანსაღი მორალი, რაც განსაზღვრავდა მის არა მხოლოდ გასართობ ხასიათს, არამედ აღმზრდელობით ფუნქციასაც. თანდათანობით კომედია დელ’არტემ შეიძინა მწვავე, სოციალური ხასიათი და მისი სცენა ერთგვარ ტრიბუნად იქცა, რადგან ასახავდა დროის სულისკვეთებას, ცხოვრებისეულ, საჭირბოროტო პრობლემებს. კომედია დელ’არტეს მთავარი დევიზი იყო, „გაერთო და სარგებლობა“ მოეტანა მაყურებლისათვის.

კომედია დელ’არტე ინტერაქტიულ ელემენტს მოიცავდა. სპექტაკლის მსვლელობის დროს მსახიობები პირდაპირ კონტაქტს ამყარებდნენ მაყურებელთა დარბაზთან. ისინი ხშირად მიმართავდნენ დამსწრე საზოგადოებას, რასაც მეტი მხიარულება და სიხალისე შემოჰქონდა. თავშესაქცევი და კომიკური ატმოსფეროს გაზრდის მიზნით, მსახიობები ზოგჯერ აკრიტიკებდნენ საკუთარ თავს, ან საჭირბოროტო თემებს ეხებოდნენ, მაგრამ, ამასთანავე, მაყურებელს შეახსენებდნენ, რომ ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება, მხოლოდ თამაშია და სხვა არაფერი. სპექტაკლის მსვლელობის დროს, მაყურებელთან ინტერაქტიული ურთიერთობა, კომედია დელ’არტეს მსახიობების მხრიდან, მოულოდნელი სვლებით იყო აღსავსე, რაც დიდ ეფექტს ახდენდა და მაყურებელს ემოციურად განაწყობდა.

ნიღბები

Komedia del niRbebi 3.JPG

როგორც ითქვა, კომედია დელ’არტე იყო ნიღბების თეატრი. ეს ნიღბები კარნავალური სანახაობიდან მოვიდა. ისინი ასახავდნენ ხალხურ იუმორს, დასცინოდნენ წარჩინებულებს, მდიდრებს. ნიღაბი ორი მნიშვნელობით მოიაზრებოდა. 1. როგორც სახის საფარი, ჩვეულებრივ ის მუყაოსგან, ხან მუშამბისგან კეთდებოდა. ნიღაბი ხან მთლიანად, ხან ნაწილობრივ ფარავდა სახეს. ხშირად მსახიობები სახეს ფქვილით ან ნახშირით იხატავდნენ, იწეპებდნენ ცხვირს, ხმარობდნენ დიდ სათვალეს; 2. ნიღბის მეორე მნიშვნელობა ის იყო, რომ მსახიობები ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ხასიათით, თვისებებით, უცვლელი სახით და დიალექტით მოსაუბრე, გარკვეულ სოციალურ ტიპს წარმოადგენდნენ. ისინი მთელი ცხოვრება ერთ როლს ასრულებდნენ და ტრადიციულად ქცეულ ნიღაბს არ იშორებდნენ მთელი თავისი სცენური სიცოცხლის მანძილზე. წარმოდგენის სიუჟეტი შეიძლება ყოველდღე შეცვლილიყო, მაგრამ პერსონაჟთა შემადგენლობა შეუცვლელი რჩებოდა. თუ დასში არ იყო რომელიმე ნიღბის შემსრულებელი, ამ ნიღბებს სცენარიდან იღებდნენ. მსახიობის როლი გამუდმებით სახეცვლილებას განიცდიდა. ყოველ ჯერზე ერთი და იმავე სპექტაკლის მსვლელობისას, მსახიობი სულ სხვადასხვაგვარად თამაშობდა თავის როლს. ფაქტობრივად, ყოველი წარმოდგენის დროს როლი ვითარდებოდა. მსახიობები მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ერთსა და იმავე პერსონაჟს განასახიერებდნენ და იმპროვიზაციის მეშვეობით ვირტუოზულად ხვეწდნენ მას. მსახიობის ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ იმპროვიზაციის საშუალებით მკაფიოდ, ხატოვნად წარმოეჩინა თავისი ნიღბის ხასიათი, შეექმნა პერსონაჟის მხატვრული სახე. კ. მიკლაშევსკი აღნიშნავდა, რომ გროტესკი და ბუფონადა, სხეულის პლასტიკური გამომსახველობა, აკრობატული ელემენტები და ჟესტი მსახიობის ძირითადი საყრდენი იყო, რომელსაც ემყარებოდა იტალიელი კომედიანტების ხელოვნება.

კომედია დელ’არტეს პერსონაჟებს, ნიღბების გარდა, მათთვის დამახასიათებელი ფერადოვანი კოსტიუმები ჰქონდათ, რომელიც წარმოადგენდა ნიღბის არსის განმსაზღვრელ დეტალს. მსახიობებისთვის მთავარი სოციალური სატირა იყო. ნიღბების კავშირი ცხოვრებასთან ცხადყოფდა, რომ კომედია მიისწრაფოდა ცხოვრების რეალისტური ასახვისკენ. ყოველი ნიღაბი შესაბამის დიალექტზე მეტყველებდა. კარნავალური სანახაობის დინამიკურობა გადატანილი იყო სპექტაკლში და მის რიტმს განსაზღვრა.

დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კომედია დელ’არტეს ნიღბების ორი ჯგუფი: ჩრდილოეთის – ვენეციური და სამხრეთის – ნეაპოლიტანური. ვენეციურ ჯგუფში შედიოდნენ: პანტალონე, სკარამუჩა, ტარტალია. ვენეციურში ჭარბობდა სატირული, ნეაპოლიტანურში კი – ბუფონადური ელემენტები.

კომედია დელ’არტეს ნიღბების რაოდენობა 100-ს აღემატებოდა. მათი დიდი უმეტესობა წარმოადგენდა რამდენიმე ძირითადი ნიღბის სახეცვლილებას.

კომედია დელ’არტეს ყველა ნიღაბი შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

I – მსახურთა ხალხურ-კომედიური ნიღბები ოპტიმისტური პათოსის, სატირული და მოქმედების განმსაზღვრელი: I და II ძანი, სერვეტა (მოახლე ქალი), ბრიგელა და არლეკინი.

II – ბატონთა სატირულ-მამხილებელი ნიღბები, რომლებიც მოქმედების ბუფონურ საფუძველს წარმოადგენდა. ამ ჯგუფებში შედიოდა: პანტალონე, ექიმი, კაპიტანი, ტარტალია და ა. შ.

III – შეყვარებულთა ლირიკული, რომანტიკული ნიღბები, რომლებსაც რენესანსული მსოფლმხედველობის ჯანსაღი თვისებები ახასიათებდა. აქ იყვნენ შეყვარებულები, რომელთა შორის ურთიერთობის განვითარება წარმოადგენდა სიუჟეტურ ინტრიგას; მოხუცები, რომლებიც ხელს უშლიდნენ ახალგაზრდებს და ძანები, ანუ მსახურები, რომელთა ინტრიგას მოქმედების განვითარება კეთილ დასასრულემდე უნდა მიეყვანა.

შეყვარებულები ნიღბებს არ ატარებდნენ, ეცვათ თანამედროვე მოდური ტანსაცმელი. ისინი მდიდრებთან და წარჩინებულებთან ბრძოლაში ყოველთვის გამარჯვებულები რჩებოდნენ. ახალგაზრდა შეყვარებულთა წყვილი გამოირჩეოდა დახვეწილი მანერებით და პოეტურობით, საუბრობდნენ ლიტერატურული ენით, უკრავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე და მღეროდნენ.

კომედია დელ’არტეს ნიღბები მკვეთრად დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩეოდნენ:

ბრიგელა – ჭკვიანი მსახური, მოხერხებული, საკუთარი კეთილდღეობის მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევდა. იგი წარმოშობით სოფლიდან იყო, მაგრამ ქალაქს კარგად აუღო ალღო და ამიტომ მისი გაცურება შეუძლებელი იყო.

არლეკინი – ბრიგელასაგან განსხვავებით, პროვინციული უბრალოება და გულუბრყვილობა ახასიათებდა. არც ის ეპუებოდა წინააღმდეგობებს.

პულჩინელა – უფრო სარკასტული, ვიდრე სხვა მსახურები. პულჩინელა სახეზე შავ ნიღაბს ატარებდა, რომელიც სანახევროდ უფარავდა მას. პულჩინელას დიდი, მოკაუჭებული ფორმის ცხვირი ჰქონდა და დუდღუნით ლაპარაკობდა.

პანტალონე – ვენეციელი ვაჭარი, მდიდარი, ამპარტავანი, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, ახალგაზრდა ქალების მოყვარული, ძალიან ვნებიანი, რომელიც მოსამსახურე გოგონას ეარშიყებოდა. მაგრამ ძუნწი, უიღბლო. მას წითელი ფერის ქურთუკი ეცვა და ჭაღარა, სოლისებური ფორმის წვერს ატარებდა. პანტალონე თავს მნიშვნელოვან პიროვნებად ასაღებდა, მაგრამ გამუდმებით ხათაბალაში ეხვეოდა. ის ჩერჩეტი და ავხორცი იყო, რომელსაც ბევრი ფული ჰქონდა.

ექიმი („დოქტორი“) – განათლებული ადამიანი, უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თავს იწონებდა და ხშირად მოიხმარდა ლათინურ სიტყვებს, გამოთქმებს, მაგრამ უმოწყალოდ ამახინჯებდა მათ. ის დიდ პატივს სცემდა თავის თავს და გამორჩეულად ქედმაღალი იყო. მას სწავლულის შავი ფერის მანტია ეცვა, შავი ქურთუკი, შავი შარვალი, შავი ქუდი, დიდი აზნექილი ფარფლებით. ამ შავ ფონზე გამოირჩეოდა თეთრი საყელო, თეთრი სამაჯეები და ქამარში გარჭობილი თეთრი ცხვირსახოცი, შავი ნიღაბი კი მხოლოდ შუბლსა და ცხვირს უფარავდა. ლოყები წითელი ფერის ჰქონდა, რაც მიანიშნებდა, რომ ექიმი ღვინით იყო შეხურებული. იგი პანტალონეს მოსამსახურე გოგონას ეარშიყებოდა.

კაპიტანი – ის კომიკურად ყვებოდა თავის საგმირო საქმეების შესახებ. იგი განდიდების მანიით იყო შეპყრობილი, მაგრამ სინამდვილეში საბრალო ლაჩარი, მატყუარა და გლახაკი იყო. კაპიტანი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, როცა საფრთხე ემუქრებოდა. მას ეცვა გროტესკულად ხაზგასმული თანამედროვე სამხედრო კოსტიუმი, ატარებდა ქარქაშში ჩადებულ გრძელ დაშნას, რომლის ამოღება შეუძლებელი იყო.

ტარტალია – ნოტარიუსის, მოსამართლის, პოლიციელის ან სხვა უფლებით მოსილი პირის ამსახველი ნიღაბია. ის დარბაისლური იერით, ვეებერთელა სათვალეს ატარებდა და ენას უკიდებდა. ენის მოკიდებით ყველასათვის უწმაწური ხასიათის გამონათქვამებს ქმნიდა, რომლის გამოც მას ხშირად სცემდნენ.

ამ პერსონაჟების მსგავსი კლასიფიკაცია მიგვანიშნებდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კომედია დელ’არტეს მსახიობების საშემსრულებლო ოსტატობა, მათი ნიჭი და მომზადება. ამ ჩამონათვალში იკვეთება მხატვრული სახის შექმნის ტრადიცია, შესაბამისი კოსტიუმებით, ტექნიკით, გმირისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით, გამომსახველობითი საშუალებებით. დასის შემადგენლობაში, მსახიობებთან ერთად, შედიოდნენ ჟონგლიორები, აკრობატები და, რაც მთავარია, დასის ხელმძღვანელი, დასის მთავარი მსახიობი – კაპოკომიკო , რომელიც ანაწილებდა როლებს, სრულყოფდა სიუჟეტებს და იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ის რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა. სწორედ კომედია დელ’არტეს სახელს უკავშირდება რეჟისორის, როგორც პროფესიის განვითარება.

კომედია დელ’არტემ საფუძველი ჩაუყარა ამპლუას (ფრანგული სიტყვა emploi – ნიშნავს მისადაგებას, როლების შესატყვისობას მსახიობის სცენურ მონაცემებთან) სისტემას. სწორედ კომედია დელ’არტეს ნიღბებში (პანტალონე, დოქტორი, არლეკინი, სმერალდინა და ა.შ.) გამოვლინდა ამპლუას როლი და მნიშვნელობა, სწორედ ამპლუამ ხელი შეუწყო სამსახიობო ხელოვნების სრულყოფას.

კომედია დელ’არტეს წარმოდგენები

კომედია დელ’არტეს რეპერტუარი აგებული იყო კომედიებზე, თუმცა ზოგჯერ იმპროვიზაციულად თამაშდებოდა ტრაგიკული და პასტორალური ჟანრის წარმოდგენებიც. სცენიდან ისმოდა ხალხური დიალექტები, სიმღერები, სრულდებოდა ხალხური ცეკვები, თამაშდებოდა ცალკეული ბუფონური სცენები – ლაცები (იტალიური lazzo – ხუმრობა), რომლებშიც ჩვეულებრივ მონაწილეობდნენ ძანები (მსახურები). ისინი სპექტაკლში გათამაშებულ სიუჟეტთან დაკავშირებული არ იყვნენ, თამამი ჩანართებითა და რეპრიზებით მხოლოდ მაყურებლის გამხიარულებას ისახავდნენ მიზნად.

კომედია დელ’არტეს მსახიობები ვირტუოზულად ფლობდნენ კოლექტიური იმპროვიზაციის ხელოვნებას, რამაც ხელი შეუწყო სცენაზე ანსამბლურობის პრინციპის დამკვიდრებას, სპექტაკლის სტილურ მთლიანობას, ატმოსფეროს შეგრძნებას, სასცენო ნაწარმოების ჩანაფიქრის სრულად გადმოცემას, სპექტაკლის ერთიანი სულისკვეთების წარმოჩენას.

კომედია დელ’არტეს წარმოდგენები გამოირჩეოდა დინამიკურობით, ფერადოვნებით, სპექტაკლის ყველა კომპონენტი ემსახურებოდა მთავარს – სანახაობას, რომელიც საოცარ ემოციურ მუხტს გადმოსცემდა და როგორც თავად ამ სანახაობის შემქმნელები აღნიშნავდნენ – „მხიარული სული“ (L’anima allegra) სუფევდა სცენაზე.

კომედია დელ’არტე, უპირველეს ყოვლისა, ლიტერატურული ტექსტის და ცოცხალი ხალხური იმპროვიზებული, კომედიური სანახაობის სინთეზს წარმოადგენდა. ეს იყო სიტყვის, მუსიკის, ცეკვის, პლასტიკის ნაზავი, სადაც მთავარი მაინც სამსახიობო ხელოვნება იყო, თეატრალური სანახაობის დანარჩენი კომპონენტები ემყარებოდა მას.

კომედია დელ’არტემ პირველად დაადგინა სასცენო ხელოვნების მნიშვნელოვანი კანონები: უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრა სასცენო ხელოვნების უმთავრესი თავისებურებები – მოქმედების ცხოველმყოფელობა, უწყვეტობა, დადგინდა პერსონაჟთა სამოქმედო ხაზი, წარმოაჩინა თეატრალური ხელოვნების კოლექტიური სახეობა და ანსამბლურობა.

კომედია დელ’არტემ უდიდესი მნიშვნელობა იქონია არა მარტო იტალიური თეატრის, არამედ საერთოდ ევროპული თეატრალური ხელოვნების განვითარებაზე. ამ თეატრმა სახელი გაითქვა მსახიობთა დაუცხრომელი შემოქმედებითი აქტივობით, იმპროვიზაციის უნარით. იტალიური თეატრალური კულტურა დღესაც საზრდოობს კომედია დელ’არტეს მიერ შექმნილი სასცენო ტრადიციებით. კომედია დელ’არტეს ტრადიციის შემოქმედებითი პოტენციალის გააზრება დღესაც უდიდესი რესურსის მომცველია თანამედროვე სათეატრო ხელოვნებისათვის.

მარინა ხარატიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები