ლახიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლახიში – ძველი ქალაქი იუდეის მთებში, ხებრონთან და ასკალონთან.

უძველესი დასახლება ლახიშის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულში არსებულა, ხოლო ძვ.წ. III ათასწლეულიდან ლახიში უკვე ქალაქად ჩამოყალიბდა. ლახიშის შესახებ ცნობები შემონახულია ელ-ამარნის ეგვიპტურ წარწერებში (ძვ.წ. XIV ს.), სადაც მოიხსენიება ლახიშის მმართველების, იაბნი-ილუს და ზიმრიდის სახელები.

ძვ.წ. XV-XIII საუკუნეებში ლახიში ეგვიპტურ გავლენაში იყო მოქცეული, თუმცა სწორედ მაშინ ჰქონდა ქალაქს აყვავების პერიოდი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქანაანური ცენტრი იყო პალესტინაში.

ლახიშში არქეოლოგებმა მიკენური, კვიპროსული და ეგვიპტური კერამიკა და სხვადასხვა ნივთები იპოვეს, რაც ნიშნავს, რომ ქალაქს სავაჭრო კავშირი ჰქონდა მრავალ სახელმწიფოსთან.

ლახიშის მეფე ერთ-ერთი იმ ხუთ ქანაანელ მეფეს შორის, რომელიც იესო ნავეს ძემ დაამარცხა გაბაონთან სასტიკ ბრძოლაში, რის შემდეგაც ბიბლიის მიხედვით ებრაელებმა ყაზეკამდე და მაკვდამდე სდიეს მტერს და მუსრი გაავლეს. ებრაელებმა ქალაქი მთლიანად დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს, მისი ტერიტორია კი იუდას ტომს მიეკუთვნა.

ძვ.წ. X საუკუნეში ქალაქი პირველმა ებრაელმა მეფეებმა აღადგინეს. სოლომონის (დაახლ. ძვ.წ. 965-928 წ.) სამეფოს დაშლის შემდეგ, მისმა ვაჟმა და იუდეის მეფემ, რობოამმა (ძვ.წ. 928-911 წ.) ახლიდან ააშენა და გაამაგრა ლახიში (ძვ.წ. 921 წელს ქალაქი გადაიწვა შეშონქ I-ის დამპყრობლური ლაშქრობის შედეგად), ხოლო მეფე ასამ (ძვ.წ. 908-867 წ.) და იოსაფატმა (ძვ.წ. 873-849 წ.) გააძლიერეს ქალაქ ლახიშის სიმაგრეები და ააგეს ახალი გალავანი. ამის შემდეგ ლახიში იუდეის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა (იერუსალიმის შემდეგ). მეფე ამასია (ძვ.წ. 798-769 წ.) იერუსალიმიდან გაექცა შეთქმულებს ქალაქ ლასიშში, მაგრამ სწორედ იქ მოკლეს. მეფე ოზიას (ძვ.წ. 769-742 წ.) დროს ქალაქი ლახიში მიწისძვრამ დაანგრია. მეფე ხიზკიამ (ძვ.წ. 715-687 წ.) აღადგინა ლახიშის ციხე-სიმაგრეები და ქალაქმა ისევ დაიბრუნა მნიშვნელობა.

ასურეთის მეფე სინაქერიბმა (ძვ.წ. 704-681 წ.) ძვ.წ. 701 წელს ალყა შემოარტყა ლახიშს, აიღო და გაანადგურა. ამ გამარჯვების აღსანიშნავად ასურეთის დედაქალაქ ნინევიაში რამდენიმე ნაგებობა აიგო. ლახიშში გაუგზავნა იუდეის მეფე ხიზკიამ სინაქერიბს ცნობა დანებების შესახებ და ლახიშიდან გააგზავნა სინაქერიბმა ჯარი იერუსალიმისთვის ალყის შემოსარტყმელად. როდესაც ასურელები იუდეიდან გავიდნენ ლახიში ერთადერთი ასურული სამხედრო პუნქტი იყო, რომელიც ამ ტერიტორიაზე დარჩა. ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ ლახიში ისევ იუდეველებმა დაიბრუნეს, რომელთაც კვლავ აღადგინეს ქალაქის სიმაგრეები. მიუხედავად ამისა ქალაქის-მოსახლეობის რიცხვი მცირე იყო და ლასიშს ადრინდელი მნიშვნელობა აღარ ენიჭებოდა.

ძვ.წ. 588-586 წლებში, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II (ძვ.წ. 630-562 წ.) იუდეის სამეფოს ტერიტორიას იპყრობდა, მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია ლახიშმა, თუმცა ბაბილონელებმა ის მაინც აიღეს და გაანადგურეს, რის შემდეგაც დაიკავეს იერუსალიმიც. ბაბილონელებმა იერუსალიმის მცხოვრებლებთან ერთად ლახიშის მოსახლეობაც ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში.

ებრაელების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ლახიში ისევ აღდგა, შეივსო მოსახლეობით, აშენდა ახალი გალავანი და სიმაგრეები, ასევე სპარსელი მმართველის სასახლე(ბაბილონის დაცემის შემდეგ ისრაელი და იუდეა სპარსეთის იმპერიამ იგდო ხელთ). დროებით ლახიში ამ ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა დასუსტდა და მას შემდეგ ამ ქალაქს ისტორიაში მნიშნველოვანი როლი აღარ უთამაშია.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები