იესო ნავეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იერიხონის დაცემა

იესო ნავეს ძე - (ებრაულად: იეხოშუა ბინ ნუნი, დაახლ. ძვ.წ. XIV-XIII სს) – ებრაელთა მეთაური ქანაანში ლაშქრობისას. მოსეს შემცვლელი. მისი მოღვაწეობა იესო ნავეს ძის წიგნშია აღწერილი, რომელიც ბიბლიის ნაწილია. წარმოშობით იყო ებრაელი ეფრემის ტომიდან. თავდაპირველად ოსია ერქვა, მაგრამ როდესაც მოსემ სხვა თერთმეტი ტომის წარმომადგენელთან ერთად ისიც ქანაანის დასაზვერად გაგზავნა სახელი შეუცვალა და იესო (იეხოშუა) უწოდა.

როდესაც ეგვიპტიდან გამოსულმა ებრაელებმა უდაბნოში შედგეს ფეხი, მაშინვე საფრთხე დაემუქრათ იქ მცხოვრები მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ტომებისგან. მოსემ არმია მოამზადა საომრად და მეთაურად იესო ნავეს ძე აირჩია, რომელმაც რეფიდიმთან ბრძოლაში ამალეკების ჯარი გაანადგურა. მას შემდეგ იესო მოსეს მარჯვენა ხელად იქცა და ყოველთვის მის გვერდით იდგა, სანამ მოსე არ გარდაიცვალა და ძალაუფლება მის ხელში არ გადავიდა.

ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძეს ღმერთმა ჩააგონა, თუ როგორ უნდა გადაეყვანა მდინარეზე ხალხი. თორმეტივე ტომის თითო-თითო წარმომადგენელმა ქვით ხელში ადვილად გადალახა იორდანე აღთქმის კიდობანთან ერთად, შემდეგ კი მათ მთელი ხალხი უკან გაჰყვა. ეს გადასვლა სასწაულს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც უფალმა წყალი ორად გაჰყო რათა ისრაელის ხალხი გადასულიყო. მეცნიერთა ვერსიით იორდანეს გადალახვისას იესომ ფონი იპოვა და ისე შეძლო ხალხის გადაყვანა მეორე ნაპირზე.

მდინარის გადალახვის შემდეგ იესო ნავეს ძის ბრძანებით მოხდა ებრაელ მამაკაცთა წინადაცვეთა გიბყათ-ჰაყარალოთში, რის შემდეგაც ქანაანელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მომზადებისთვის ისრაელიანები გილგალში გაჩერდნენ. პირველი ქალაქი, რომელიც იესო ნავეს ძემ აიღო იერიხონი იყო, სადაც მან მზვერავები ჯერ კიდევ შიტიმიდან გაგზავნა იორდანის გადალახვაშდე. ბიბლიის მიხედვით ეს მზვერავები იერიხონის გალავანში გამოჭრილ სახლში მცხოვრებ მეძავ რახაბთან გაჩერდნენ და დახმარების სანაცვლოდ მისი და მისი ოჯახობის გადარჩენა აღუთქვეს. რახაბის დახმარებით ისინი თოკით ჩამოცოცდნენ გალავნიდან და შიტიმში დაბრუნდნენ. იერიხონელ მეძავს თავის სახლზე წითელი თოკი უნდა გამოეკიდა, რომ ებრაელებს სცოდნოდათ მისი ვინაობა და არ მოეკლათ.

იესო ნავეს ძეს ფარული გეგმა ჰქონდა მოფიქრებული ქალაქის ასაღებად. ბიბლიის მიხედვით მას უფალმა ჩააგონა, რომ შვიდი დღის განმავლობაში ქალაქის გარშემო თითოჯერ შემოეტარებინა აღთქმის კიდობანი და ჯარი, მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოევლოთ იერიხონის გალავანი, შემდეგ კი მღვდლებს ბუკში უნდა ჩაებერათ და გალავნები დაინგრეოდა.

ბიბლიისგან განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობენ ისტორიკოსები, რომლებიც ძველი, ბიბლიური აღმოსავლეთის ეპოქას იკვლევენ. მათი მოსაზრებით სწორედ მეძავი რახაბის სახლი იქცა იესო ნავეს ძის ჭკვიანური გეგმის მთავარ ნაწილად, რამაც მას სახელი და დიდება მოუხვეჭა. ბიბლიიდან კარგად ჩანს, რომ მეძავი რახაბის სახლი გალავანში იყო გამოჭრილი და იქიდან ებრაელი მსტოვრები ადვილად ჩავიდნენ თოკით სამშვიდობოს. როდესაც ნახეს, რომ ეს ძალიან ადვილი იყო, ებრაელთა მამაცმა და ცბიერმა მეთაურმა ბრძანა რახაბის სახლში უფრო მეტი გამოცდილი და კარგად შეიარაღებული მეომარი გაეგზავნათ რიგ-რიგობით, რათა იერიხონელებს არ შეემჩნიათეს მეომრები იქ თავს მოიყრიდნენ და საჭირო მომენტში მოქმედებას დაიწყებდნენ. რახაბის სახლზე გადმოკიდული წითელი თოკი არა ნიშანი, არამედ ერთგვარი კიბე იყო, რომლითაც იესოს მეომრები გალავანზე ავიდნენ. როდესაც ებრაელებმა ქალაქის გარშემოვლა დაიწყეს და მეშვიდე დღეს შვიდჯერ გარშემოვლის შემდეგ ბუკს ჩაბერეს (რაც ნიშანი იყო რახაბის სახლში დამალული მეომრებისთვის), ებრაელი მეომრები რახაბის სახლიდან გამოცვივდნენ და ქალაქის კარიბჭის მცველებს შეუტიეს. მოულოდნელი შეტევისგან იერიხონის მცველები დაიბნენ და დაიფანტნენ. შემდეგ ებრაელებმა შიგნიდან გააღეს ქალაქის კარიბჭე და თავისიანები შემოუშვეს, რომლებიც იესო ნავეს ძის მეთაურობით შეიჭრნენ იერიხონში და ქალაქის რბევა დაიწყეს. ისრაელიანებმა აიკლეს ქალაქი, მიწასთან გაასწორეს შენობები, ხალხი კი დახოცეს. მთელი იერიხონიდან ცოცხალი მხოლოდ რახაბი და მისი ოჯახობა დარჩა. ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით ეს იერიხონელი ქალი თვითონ იესო ნავეს ძემ შეირთო ცოლად.

მეორე ქალაქი, რომელიც ებრაელებმა აიღეს ქანაანში, ჰაღაი იყო. ამ ქალაქის აღებისას იესო ნავეს ძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა მხედართმთავრული ნიჭი. თავდაპირველად მან ჰაღაის წინააღმდეგ სულ სამიათასამდე კაცი გაგზავნა (ჰაღაი პატარა ქალაქი იყო), მაგრამ მოხდა ისე, რომ ქალაქის მცხოვრებლებმა დაამარცხეს ებრაელთა ჯარის ეს ნაწილი და შეტევა მოიგერიეს. ბიბლია ამ მარცხს ებრაელ ყაქან ქარვის ძეს აბრალებს, რომელმაც იესო ნავეს ძის მიერ აკრძალული განძიდან წილი აიღო რამაც უფალი განარისხა. ყაქანი ისრაელიანებმა მაშინვე ჩაქოლეს როდესაც ეს შეიტყვეს. თუმცა ეს მარცხის ნამდვილი მიზეზი არ იყო, უბრალოდ სამიათასი მეომარი არ გამოდგა საკმარისი, რათა პატარა, მაგრამ არცთუ ისე სუსტი ქალაქი აეღოთ. ჰაღაიზე მეორე ლაშქრობისას იესო ნავეს ძემ 30000 მეომარი გამოყო და ქალაქთან ახლოს, მოხერხებულ ადგილზე ჩაასაფრა, თვითონ კი შედარებით მცირე ჯარით ჰაღაის მიადგა. როდესაც ქალაქის მეფემ მტრის მცირერიცხოვანი ჯარი შეამჩნია, მაშინვე შეუტია მთელი თავისი არმიით. ებრაელებმა მანევრი დაიწყეს და უკან დაიხიეს, რათა მოწინააღმდეგე ჩასაფრებულ მეომრებამდე მიეყვანათ. მართლაც სანამ ჰაღაის მეფე ისრაელიანთა ერთ ნაწილს მისდევდა, მეორე ნაწილმა, რომელიც იესომ ჩაასაფრა, მოახერხა ცარიელი ქალაქის დაკავება და განადგურება. ამის შემდეგ ებრაელებმა ჰაღაელებს ორივე მხრიდან შეუტიეს იესო ნავეს ძის მეთაურობით და მთლიანად გაანადგურეს. ქალაქიდან ებრაელებმა პირუტყვი წაიყვანეს და ნადავლი წაიღეს.

იესო ნავეს ძემ კავშირი შეკრა გაბაონვლვბთან, ქანაანის ერთ-ერთ ხალხთან ბიბლიის მიხედვით გაბაონვლებმა ამას მოტყუების გზით მიაღწიეს. იმავე პერიოდში ებრაელების წინააღმდეგ ძალები გააერთიანეს ხეთელებმა, ამორევლებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა. იერუსალიმის იებუსვველმა მეფემ, ადონი-ცედეკმა, რომელიც შეშინებული იყო იესო ნავეს ძის ძლიერებით, დახმარებისთვის მიმართა ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიყს, ლახიშის მეფეს და დებირს, ყეგლონის ხელმწიფეს. მეფეებმა შეკრიბეს ჯარები და გაბაონისკენ დაიძრნენ. მათ სურდათ იესო ნავეს ძის მოკავშირე ეს ქანაანური ტომი მოვსპოთ. გაბაონელებმა დახმარება იესო ნავეს ძეს სთხოვეს, რომელმაც აღარ დააყოვნა და თავისი არმიით გილგალიდან მოკავშირის მისაშვვლებლად დაიძრა. ჭკვიანმა ებრაელმა სარდალმა გადაწყვიტა მტერს მოულოდნელად დასცემოდა თავს. მან ეს მოახერხა გილგალიდან შეუჩერებელი მარშის შემდეგ. დაბნეული მოკავშირე მეფეები თავიანთი ჯარით ბრძოლიდან გაიქცნენ, მაგრამ ისრაელიანები დაედევნვნ მათ ბეთ-ხორონის მაღლობზე და ყაზეკამდე და მაკედამდე ხოცავდნენ. ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძემ მზეს უბრძანა არ ჩასულიყო მანამდე, სანამ ებრაელები მტერს მთლიანად არ გაანადგურებდნენ. ხუთივე მოწინააღმდეგე მეფე იესო ნავეს ძის ბრძანებით დახოცეს და ხეებზე ჩამოვიდეს. იმავე დღეს ისრაელთა ჯარმა იერიშით აიღო მაკედა. რამდენიმე დღეში იესო ნავეს ძის მეთაურობით აიღეს ქალაქი ლიბნა, შემდეგ კი ლახიში. ებრაელები არ ჩერდებოდნენ და რიგრიგობით იღებდნენ ქალაქებს: ყეგლონს, ხებრონს, დაბირხ, დაიკავეს შვფელა და მისი ძირები, პალესტინის მთიანეთი, კადეშ-ბარნეა და გაბაონი.

ქანაანის ხალხები უბრძოლველად არ დანებდნენ ებრაელებს და ხაცორის მეფის, იაბინის მეთაურობით კიდევ ერთი კოალიცია შექმნეს. ამ კოალიციაში გაერთიანდნენ: იობაბი, მადონის მეფე, შიმრონის მეფე, აქშაფის მეფე, ასევე შეფელასა და ნაფთონ-დორში მდებარე სამეფოების ხელმწიფეები, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელები, ამორევლები, ხვთელვბი, ფერიზელები, მთის იებუსეველები და მიფცის ხეთები. ბიბლიის მიხედვით ახალი კოალიციის ჯარები ქვიშასავით ურიცხვი იყო დაშემდგარი იყო არამარტო ქვეითებისგან, არამედ საბრძოლო ეტლებისაგან, რაც მაშინ დიდ ძალად ითვლებოდა.

ბრძოლა მერიმის წყლებთან მოხდა. იესო ნავეს ძის ჯარი მოულოდნელად დაესხა მტერს თავს და დაამარცხა. იესოს ბრძანებით მოწინააღმდეგის ცხენებს ძარღვები გადაუსერეს, რათა ქანაანელებს ბრძოლაში ეტლები არ გამოეყენებინათ. მოკავშირეების ჯარის განადგურების შემდეგ იესო ნავეს ძემ შტურმით აიღო ხაცორი და მისი ზოგიერთი მოკავშირის ქალაქი. ებრაელებმა ილაშქრეს ნეგებში, შეფელაში და ყარაბაში. იესო ნავეს ძის მეთაურობით ისრაელიანებმა გაანადგურეს ყანაკებიც, რომლებიც ქანაანში ებრაელთა უკანასკნელი მოწინააღმდეგეები გამოდგნენ. მთელი ქანაანური ლაშქრობის დროს ისრაელიანთა მეთაურმა ოცდათერთმეტი მეფე დაამარცხა.

იესო ნავეს ძის სიცოცხლის ბოლო წლებში ებრაელებმა დაიწყეს ქანაანის მიწების განაწილება და დასახლება. ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძე 110 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოსეს ღირსეული შემცვლელი და ქანაანის დამპყრობელი ისრაელიანებმა თიმნათ-სერახში დამარხეს, ეფრემის მთაზე.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები