ხიზკია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეზეკია (ხიზკია), იუდეის მეფე

ხიზკია - (დაახლ. ძვ.წ. 715-686) – იუდეის მეფე, ახაზის ძე. ხიზკიას მმართველობის დასაწყისში მოხდა ისრაელის სამეფოს დაცემა. ასურელებმა აიღეს დედაქალაქი სამარია და სხვა მნიშვნელოვანი ქააქები. ზოგიერთ მათგანში ასურეთის ჯარის გარნიზონი ჩადგა, ზოგი კი მიწასთან გაასწორეს. იუდეის სამეფოში თვლიდნენ, რომ ისრაელის მოსახლეობა და ტერიტორია იუდეას უნდა შეერთებოდა, როგორც ადრე, საულისა და დავითის დროს. მეფე ხიზკია ცდილობდა, რომ ურთიერთობა დაემყარებინა ისრაელის ერთ-ერთ უკანასკნელ მეფესთან, იოშიასთან. საბოლოოდ ასურელების ლაშქრობამ ჩაშალა გეგმა, რომელიც ისრაელისა და იუდეის ერთიანობას მოიაზრებდა.

ხიზკია მამამისის პოლიტიკას აგრძელებდა ასურეთთან მიმართებაში, რაც იქიდან ჩანს, რომ იუდეა ხიზკიას პერიოდში არცერთ ანტიასურულ კავშირს არ მიემხრო (ასურეთში სარგონ II-ის მმართველობის დასასრულამდე). ხიზკიას მეფობისას იუდეაში არ იყო ომები და აჯანყებები, ქვეყანამ ამოისუნთქა, რამაც ხელი შეუწყო იუდეის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებას.

ასურეთის ერთგული ხიზკიას დროს იუდეის სამეფო დაცულად გრძნობდა თავს, რადგან მისი მოკავშირე, მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო, ასურეთის იმპერია იყო. იუდეის გავლენა ვრცელდებოდა ეფრაიმის მთებზე და ნეგებში, სადაც ნახევრადმომთაბარე ტომები სახლობდნენ.

იუდეის სამეფომ ხიზკიას მმართველობისას განდევნა უცხოური კერპები და აღადგინა უფლისმსახურება სოლომონის ტაძარში. ბიბლიის მიხედვით რელიგიური რეფორმა ხიზკიამ თავისი მეფობის დასაწყისშივე გაატარა, თუმცა გამოკვლევების შედეგად ისტორიკოსები თვლიან, რომ რელიგიური რეფორმა მეფემ მეფობის ბოლო წლებში გაატარა და ეს ცვლილება მჭიდროდ უკავშირდებოდა ასურეთის წინააღმდეგ გამოსვლას. მართლაც, ხიზკიას მეფობის ბოლო წლებში იუდეის სამეფოს პოლიტიკა მკვეთრად შემოტრიალდა. ძვ.წ. 705 წელს ასურეთის მეფე სარგონ II ბრძოლაში დაიღუპა. მისმა სიკვდილმა მთელ იმპერიაში დიდი არეულობა გამოიწვია. მისი მემკვიდრის, სინაქერიბის წინააღმდეგ მრავალ პროვინციაში აჯანყების ცეცხლი აგიზგიზდა. აჯანყდნენ იუდეის მეზობლები. მათ სათავეში მეფე ხიზკია ჩაუდგა, რომელსაც მთელი იუდეა ფეხზე დაეყენებინა, ამ აჯანყების მთავარ ძალას ეგვიპტის XXV, ნუბიურ-ეთიოპიური დინასტიის ფარაონები წარმოადგენდნენ, რომელთა ძლიერი სამეფო დიდ საფრთხეს უქმნიდა ასურეთს.

ხიზკიამ გაითვალისწინა, რომ შეიძლებოდა იერუსალიმს მტრისგან საფრთხე დამუქრებოდა, ამიტომ ქალაქი გაამაგრა და ხალხი შეაიარაღა. ასევე მან მოამარაგა იერუსალიმი დიდძალი პურით და მოუხსნა წყლის პრობლემაც. ხიზკიამ გაიყვანა გრძელი გვირაბი რათა ეინ-გიხონიდან წყალი იერუსალიმში შესულიყო. ეს გვირაბი დღესაც არსებობს.

ძვ.წ. 702 წელს სინაქერიბმა სამწლიანი ომის შემდეგ დაიბრუნა ბაბილონის ტერიტორია, ხოლო ძვ.წ. 701 წელს დიდი არმიით ასურეთის იმპერიის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე აჯანყებული მხარეებისკენ დაიძრა. მან დაიპყრო ტიროსი, შეიჭრა პალესტინაში და აიღო იაფა. კრიტიკულ მომენტში აჯანყებულთა დასახმარებლად ეგვიპტის ჯარი მოვიდა. ეგვიპტისა და ასურეთის არმიებს შორის ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ეგვიპტის არმიამ უკან დაიხია, სინაქერიბი კი იუდეისკენ მიბრუნდა. ასურელებმა მიწასთან გაასწორეს იუდეის მთელი სამხრეთი მხარე ქალაქ ლახიშის ჩათვლით, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღეს. ლახიშის შემდეგ ასურელებმა ცენტრალური იუდეის განადგურება დაიწყეს, ბოლოს კი იერუსალიმს შემოარტყეს ალყა. როდესაც იერუსალიმს უკვე აღარ შეეძლო ალყის გაძლება და უნდა დანებებოდა მტერს, სინაქერიბმა მოულოდნელად ალყა მოხსნა და ასურეთის დედაქალაქ ნინევიაში დაბრუნდა, თუმცა ხიზკიას დიდძალი ხარკის გადახდა და ჯარის ნაწილის ასურეთის სამსახურში გადაცემა მოუწია, ასურული წყაროების მიხედვით სინაქერიბმა იუდეიდან 200000 ტყვე გადაასახლა. მიუხედავად დიდი ზარალისა იუდეამ შეინარჩუნა სამხელმწიფოებრივობა, ხოლო იერუსალიმმა გაუძლო მტრისაგან დარბევას. სხვა აჯანყებული სამეფოები ასურეთის პროვინციებად იქცნენ.

ასურელების მოულოდნელი წასვლა იუდეიდან და იერუსალიმის ალყის დატოვება იუდეველმა ხალხმა სასწაულს მიაწერა. იუდეველებისთვის ეს მართლაც სასწაული იქნებოდა, რადგან ისინი ხედავდნენ როგორ ყლაპავდა ასურეთის მრისხანე იმპერია მისი მეზობელი სამეფოების ტერიტორიებს, ხოლო იუდეის დაპყრობა ვერ მოახერხა. ამ ფაქტის შემდეგ იუდეველებში გაძლიერდა რწმენა უფლის ძალმოსილების მიმართ და სოლომონის ტაძარმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ამაში დიდი წვლილი წინასწარმეტყველის, ესაიას ქადაგებვბმა და მოწოდებამ შეიტანა. ესაია იუდეის სამეფოს ბოლო პერიოდის უდიდესი ისტორიული მოღვაწე და ბიბლიური გმირი იყო.

მეფე ხიზკია სინაქერიბის ლაშქრობიდან რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა. ის იერუსალიმში დაკრძალეს, ხოლო სამეფო ტახტი მისმა ძემ, მენაშემ დაიკავა.

წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები