მეზითჰა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეზითჰა (ადიღ. Мэзытхьэ/Мэзытхь: мэз – „ტყე“, тхьэ – „ღმერთი“) – ტყის, ნადირობისა და გარეული ცხოველების მფარველი ღვთაება ადიღურ, უბიხურ და აფხაზურ (მეზიხუუ) მითოლოგიაში. ჩერქეზული იკონოგრაფიით, მეზითჰა წარმოდგენილია, როგორც ოქროსჯაგრიან ტახზე მჯდომი ვერცხლისრქებიანი მამაკაცი, ვერცხლითვე მოჭედილი სხეულით, მეწამული წვერებით, ჯიხვის ტყავით მოსილი, კაკლის ხის მშვილდითა და შინდის ისრებით. როგორც ჩანს, ჰყავს ქალიშვილები, ან მოსამსახურეები, რომლებიც მეზითჰას ირმებს წველიან (შდრ. აფხაზური ღვთაების, აჟვეიფშას, ქალიშვილები). ლ. ლავროვის შეხედულებით, „ნადირობის ღმერთის რქები, ისევე როგორც ოქროსჯაგრიანი ღორი, რომლითაც იგი დადის, იმაზე მოწმობს, რომ მეზითჰას შესახებ რწმენის წარმოშობამდე თვით ცხოველი იყო გაღმერთებული“. რამდენადაც ჩერქეზთა ნაწილს (ყაბარდოელებს, აბძახებს, ბესლანელებსა და სხვ.) მეზითჰა ქალ-ღვთაების სახით ჰყავდათ წარმოდგენილი, რიგი ავტორების აზრით, იგი „ტყის ქალბატონის“ („მეზგუაშე“) გვიანდელ ტრანსფორმაციას წარმოადგენს. მათივე შეხედულებით, ღვთაების გვიანდელი ტრანსფორმაციაა ადიღური ფოლკლორის დემონური პერსონაჟი – „ტყის კაცი“ („მეზილი“).

სანადიროდ წასვლის წინ ადიღი მონადირეები წმ. ხესთან მიდიოდნენ და მეზითჰას მათთვის ნადირის გამოყოფას შესთხოვდნენ. „მეზითჰა იცავს ნადირს, – წერდა ა. დირი, – ის იძლევა მას. მეზითჰას ნებართვის გარეშე მონადირე ვერაფერს მოინადირებს, შეუძლია, მოკლას მხოლოდ ის ცხოველი, რომელსაც მეზითჰა უწილადებს“. ადიღებში გავრცელებული ანდაზა – „მეზითჰასთვის მიუღებელია ის, ვინც მხოლოდ ნახევარს ჭამს“ (КIэлъэныкъошх Мэзытхьэ иджагъу) – დასტურია იმის რწმენისა, რომ ღვთაება ვერ იტანს არარაციონალურ, არაეკონომიურ და უაზრო მონადირეებს, რამაც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელთა ქმედებებს თავისი დაღი დაასვა. გადმოცემისთანახმად, ძველად სანადიროდ ტყეში წასულს თან სამი ისარი მიჰქონდა: ფრინველისთვის, მორბენალისთვის და მცურავისთვის. ასეთი მონადირეების მიმართ მეზითჰა კეთილგანწყობას იჩენდა. ამიტომ ფსათჰასთან გამართულ ნადიმზე მეზითჰა შავაის, ყანჟის ვაჟის – „ნართების ქვეყანაში უბადლო მონადირის“, მოწვევასა და მისთვის ღვთაებრივი სასმელით (სანოთი) სავსე ყანწის მირთმევას ითხოვს. ნართულ თქმულებებში ასეთი დაფასებით წელიწადში ერთხელ ის ნართი სარგებლობდა, რომელიც თავისი კეთილშობილური ქმედებებით გამოირჩეოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ, ეპიკური თქმულებების მიხედვით, მეზითჰა მკაცრი, მაგრამ იმავდროულად გულეხვი და სამართლიანია.

მეზითჰას კულტთან დაკავშირებული იყო განსაზღვრული რეგლამენტაციები. ნადირობა საკულტო ქმედებათა მთელ კომპლექსს ითხოვდა. მონადირეთა ქცევები და მოქმედებები ატარებდა კოლექტიურ ხასიათს, დაფუძნებულს „მონადირეთა საძმოს“ ყველა წევრის თანასწორობის პრინციპზე. იკრძალებოდა თეთრი ფერის ცხოველისა და ფრინველის მოკვლა, რადგან ეს თავად ღვთაების მოკვლად ითვლებოდა (თეთრი ფერი „თეთრხელება“ და „თეთრსხეულა“ მეზითჰასთან იყო ასოცირებული). მონადირეები ნანადირევს თანაბრად იყოფდნენ, მოკლული ცხოველის თავს მეზითჰას ტყეში უტოვებდნენ. ნადირობის ადგილზე მხოლოდ ნადირის შიგანს ჭამდნენ, ტყავს კი ის მონადირე იღებდა, რომელიც ცხოველს კლავდა. ნადირობის პერიოდში გარეული ცხოველებისა და ფრინველების თავიანთი სახელებით ხსენება ტაბუირებული იყო. საამისოდ ხელოვნურად შექმნილ ენას იყენებდნენ („შაკობზა“).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ნადირის მოკვლის შემდეგ და დაძინების წინ ყაბარდოელი მონადირეები მეზითჰას უმღეროდნენ საწესო ჰიმნს, შემდეგი ტექსტით:

შენ, ტყეების ღმერთად გხმობთ,
შენი ულვაში მეწამული ალია,
ლოცვებში უხვად გწირავთ სისხლს – წითელ სასმელს,
საჩუქრად თეთრ მსუქან თხას გწირავთ,
შენთვის სასურველს.
შენს წინაშე უნაყოფო ახალგაზრდა ცოლი მუხლებზე დგას.
თეთრხელებავ, შენ უწყი ყოველი.
ძლევამოსილო – მუხათა კენწეროებს დაბლა ხრი.
შენი სამოსი – მსუქანი ჯიხვის ტყავია,
შენი საწოლი – სპილოს სხეულის ადგილია.
წმინდა ვერცხლითაა მოჭედილი შენი სხეული,
მეზითჰას ისარი წითელი შინდის გულისაა,
მშვილდი – კაკლისა – თეთრი ხისა.
თავს გააქნევ – ტყე აგუგუნდება,
მაშინ ნადირს, ოი, უბედურებავ, ბუნაგში შეაჟრჟოლებს.

ახლა მეზითჰაზე გიამბობთ ყოველივეს.

მეზითჰას ტიპოლოგიური პარალელებია კავკასიის ხალხთა მითოლოგიიდან ცნობილი იდენტური ფუნქციის ღვთაებები („ა-ჟვეიფშაა“, „მეზიხუუ“, „აფსათი“, „ბერ შიშვლიში“, „შვაზაფში“, „ელთა“).


ლიტერატურა

  • Дирр А. М. Божества охоты и охотничий язык у кавказцев // Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа. Вып. 44. Тифлис, 1915;
  • Хан-Гирей. Записки о Черкесии. Нальчик, 1978;
  • Лавров Л. И. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных верований. Труды Института этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая. Новая серия. Т. 51. М., 1959;
  • Клапрот Г. Ю. Путешествие по кавказу и Грузии, прдпринятое в 1807-1808 гг. // Адыги, балкарцы и карачаевцы в известиях европейских авторов XIII-XIX вв. Нальчик, 1974;
  • Хут Ш. Сказка. Несказочная проза // Адыгский фольклор. Т. 2. Майкоп, 1980;
  • Сталь К. Этнографыческий очерк черкесского народа // Кавказский сборник, вып. XXI. Тифлис, 1900;
  • Куёк А. С. Образ мифологического божества Мэзитха в мифологии и эпических сказаниях адыгов // Вестник Адыгейского государственного университета. Серия 2: Филология и искусствоведение. Вып. № 2 (114), 1913;
  • Кабардинский фольклор. Под общей редакцией Г. И. Бройдо. Вступительная статья, комментарии и словарь М. Е. Талпы. М., 1936.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები