მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტეხის ტაძარი

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი – (ინგლ. Metekhi Temple), V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი ძეგლი. მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბან ავლაბარში, ძველი თბილისის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის ციხის ტერიტორიაზე, (საეკლესიო ტრადიცია ტაძრის აგებას ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს). გადმოცემის თანახმად მეტეხის ტაძრის სადიაკვნეშია დაკრძალული წმინდა შუშანიკ წამებული (სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ გადმოუსვენებიათ დაბა ცურტავიდან). ასევე, გადმოცემის თანახმად, მეტეხის კლდე თბილისის მფარველი წმინდანის აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომლის სახელზეც აშენებული იყო მცირე ეკლესია. მეტეხის ტაძრის ქვევით კლდის ძირში.

წმინდა აბო თბილელის მცირე ეკლესია

მეტეხი აშენებიდან დღემდე თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი ძეგლია. ის ახლად დაარსებული ქალაქის შუაგულში მდებარეობდა. ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც მეფის რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა.

წარწერის ტექსტი

ტოპონიმ „მეტეხის“ ირგვლივ არსებული მრავალი ვერსიიდან (ნ. ჩუბინაშვილი, ზ. ჭუმბურიძე, ი. მაისურაძე), ერთ-ერთის თანახმად სახელი მეტეხი ძველ ქართულად „არემარეს სასახლის ირგვლივ“ ნიშნავს. თამარ მეფის დროს აქ სამეფო სასახლე და კარის ეკლესია იყო. VII-VIII საუკუნეებში (627, 628, 764 წლები) ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, XII საუკუნეში ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. XIII საუკუნის პირველ ნახევარში კი მონღოლებმა დაანგრიეს სასახლე და ეკლესია. XIII საუკუნის შუა წლებში სასახლე აღდგენილ იქნა, ხოლო 1278-1289 წლებში წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულმა განაახლებინა მეტეხის ციხე და აქ მონასტერიც დააარსა (ხელმეორედ საფუძვლიანად ააგო ახალი ეკლესია). XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა. XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია, შეაკეთა გუმბათი (ფაქტს ადასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა). XIX საუკუნის შუა პერიოდში ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ. XIX საუკუნის დასაწყისში აქ რუსული სამხედრო ნაწილი იდგა, შემდეგ ციტადელი დაშალეს, ახალი უსახური ნაგებობები ჩადგეს და მეტეხი 1934 წლამდე სატუსაღოდ გადააქციეს. 1837 წელს მეტეხის გარშემო აშენებული ყაზარმების შენობები დაანგრიეს, შემდეგ კი ხანგრძლივი დროით ტაძარი უმოქმედოდ იყო. (1937 წელს საბჭოთა მთავრობას მეტეხის ტაძრის დანგრევა და მის ადგილას შოთა რუსთაველის ძეგლის აღმართვა ჰქონდა გადაწყვეტილი, რასაც წინ აღუდგნენ ქართული კულტურის მოღვაწეები. მათ შორის იყო მხატვარი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი დიმირტი შევარდნაძე. ის „მეტეხის“ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, დააპატიმრეს და 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს). გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში განათავსეს „მეტეხის თეატრი“ (1979-1988 წწ.). 1988 წელს ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს, განახლდა წირვა-ლოცვა და ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს დაუბრუნდა.

ვახტანგ გორგასლის ძეგლი მეტეხის, ავტორი ელგუჯა ამაშუკელი, 1967 წ.

მეტეხის ტაძარი ცენტრალურ გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება და ნაშენია აგურით, გარედან კი მოპირკეთებულია თლილი მომწვანორუხი ფერის კვადრებით. ტაძარი გეგმით მართკუთხედის ფორმისაა შუაში ჯვრისებრი განივკვეთის (გუმბათქვეშა კვადრატისკენ ნახევარწრიული შვერილებიანი) ოთხი სვეტით (ბურჯით), რომელზეც დაყრდნობილია გუმბათი. აღმოსავლეთით, საკურთხევლის მხარეს, სამი შვერილი აფსიდია, რაც იმ ეპოქისათვის უჩვეულოა და ალბათ, ამ ადგილზე მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებს. შვერილი აფსიდის გვერდებზე მცირე ზომის სამსხვერპლო და სადიაკვნეა, ხოლო მათ თავზე მეორე სართულზე – სადგომები. ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის მკლავები ერთნაირი სიღრმისაა, აღმოსავლეთის კი დაგრძელებულია ბემით, რის გამოც გუმბათი ტაძრის ცენტრში კი არაა, არამედ გადანაცვლებულია დასავლეთისკენ. აღმოსავლეთის ფასადის შუა აფსიდს დიდი ჯვარი და სარკმლის ქვემოთ ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს, რაც ეხმაურება სამთავისის ტაძრის ცნობილ სქემას. საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა და მასში მკაფიოდ აღინიშნება სხვადასხვა ეპოქის კვალი: XIII საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილია აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები კამარებამდე, დასავლეთის კედლის ქვემო ნაწილი. XVI-XVII საუკუნეებში აგურითაა აღდგენილი ოთხივე სვეტი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები, გუმბათის ყელი და სხვ. მეფე ერეკლე II-ის დროსაა აღდგენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. შეინიშნება XIX საუკუნის სამშენებლო ფენებიც. მეტეხის ტაძრის წინ, მაღალ კვარცხლბეკზე, აღმართულია ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები