მირაშხნის წარწერა (1064)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირაშხნის წარწერა – ქართული წარწერა, ამოკვეთილი ღრმა კაწვრით არტაანის მტკვრის ხეობის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე, ვარძიის გამოქვაბულების დასავლეთით 5 კმ-ზე, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, სოფ. მირაშხანის ახლოს. აქ. ორი გამოქვაბულის გამტიხრავ კედელზე, 11 სტრიქონად ამოკვეთილია წარწერის ტექსტის ძირითადი ნაწილი, ხოლო დასასრული გადატანილია მარცხნივ, პირველი სტრიქონების გასწვრივ. წარწერა რამდენიმე ადგილას უმნიშვნელოდ არის დაზიანებული და მისი სრული სახით აღდგენა შესაძლებელია.

წარწერა შერეული დამწერლობით არის შესრულებული – ასომთავრული, ნუსხური, გარდამავალი მხედრული და მხედრული ასოებით. სხვადასხვანაირია , , , , , , ასოების დაწერილობა. არის თავისებური გრაფემებიც, მაგ. ყ ასეთი მოხაზულობით სხვა წერილობით ძეგლებში არ გვხვდება. სხვა გრაფემებსაც ხშირად ინდივიდუალური ხელწერა აქვთ. პალეოგრაფიული ნიშნებითა და ტექსტის შინაარსის მიხედვით წარწერა XI ს-ით თარიღდება. წარწერის ტექსტი ასეთია:

„† სახელითა ღმრთისაჲთა. მე, გიორგ(ა) ხუცესმან დაეწ(ერე) მას ჟამს, ოდეს გას მოვიდჯ(ა) (...) ხორასანი ქალაქით.

ჵ მე, გიორგაჲ ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხა ყოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქი(თ) წაიღო, ას(წყ)უიდა და ტყუედ წაი(ღო). ყოველი მესხი აზნაური შიგან დგა ფარსმან პირ ექ(მ)ნ(ა) მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდ(ეს).

უფალო, შეუნდვენ გოჰარის ცო(დვ)ან(ი).

(ა)მენ; მირაშხნელ(თა) ყოველთა შეუნდვენ, უფალო, ამენ. (მეცა) ფრიად ცოდ(ვი)ლი მომიჴსე(ნეთ), (გიორგა) ბერი“.

ტექსტში დასახელებულია 6 ტოპონიმი (ხორასანი, ჯავახეთი, ახალქალაქი, მირაშხანი, მესხეთი, გოგა (გოგაშენი) და 4 ანთროპონიმი (გიორგა, ფარსმან, გოჰარი და კიდევ ერთი პირი, რომლის სახელი წარწერის ნაკლულ ნაწილში ეწერა).

წარწერაში აღწერილია 1064 თურქ-სელჯუკთა სულთნის ალფარსლანის თავდასხმა ჯავახეთის ახალქალაქზე, მისი დაპყრობა და გადაწვა. ეს ისტორიული ფაქტი წერილობითი წყაროებითაც ცნობილია. ქალაქის დამცველებში საგანგებოდ მოიხსენიებიან მესხი აზნაურები („ყოველი მესხი აზნაური შიგან დგა”). მათ შორის ყოფილა აგრეთვე ფარსმან თმოგველი, ბაგრატ IV-ის(1027-72) დროინდელი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რომლის ურთიერთობაც მეფესთან არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ ახალქალაქზე, სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ ფორპოსტზე, თავდასხმის დროს იგი მეფეს მიმხრობია („ფარსმან პირექმნა მეფესა“) და დაღუპულა კიდეც. წარწერაში დასახელებული სხეა პირები უცნობია. ტექსტის ავტორი, შესაძლოა – შემსრულებელიც, ჩანს გიორგი ხუცესი. ასევე, არ არის ცნობილი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო „მეწიფა“, რომელმაც დაიპყრო ახალქალაქი. ცნობილია, რომ ეს იყო სულთანი ალფ-არსლანი, მაგრამ გაუგებარია, როგორ შეიძლება მისი დაკავშირება სახელთან „მეწიფა“ თუ ტიტულთან „ჴელმწიფე“.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • გაფრინდაშვილი გ. ახალი ნავარძიევის წარწერა. – „მეცნიერება და ტექნიკა“, 1951, №9;
  • სილოგავა ვ. ერთი ეპიგრაფიკული ძეგლი თურქ-სელჯუკთა შემოსევის შესახებ XI ს. საქართველოში (მირაშხანის წარწერა). – კრ: ასპინძა-სამცხისა და ჯავახეთის საზღვარზე, ახალციხე, 2000.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები