ონეგერი არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურ ონეგერი

არტურ ონეგერი – (ფრანგ. Arthur Honegger; 10 მარტი 1892, ჰავრი, — 27 ნოემბერი 1955, პარიზი), XX საუკუნის გამოჩენილი ფრანგი (წარმოშობით შვეიცარიელი) კომპოზიტორი, კომპოზიტორთა ჯგუფის „ექვსეული-“ის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მუსიკოსი .

სარჩევი

ბიოგრაფია

არტურ ონებერი, დაიბადა 1892 წელს ჰავრში და აქვე მიიღო დაწყებითი მუსიკალური განათლება. 1909-11 წლებში სწავლობდა ჯერ ციურიხის, ხოლო შემდეგ პარიზის კონსერვატორიებში (ვიოლინოს, კონტრაპუნქტის, კომპოზიციის და დირიჟორობის კლასებში). ახალგაზრდა კომპოზიტორის მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა როგორც ფრანგულმა, ისე ავსტრიულ-გერმანულმა მუსიკამ, რაც გარკვეულწილად მისი შვეიცარიული წარმოშობითაც აიხსნება. სწავლის წლებში ონეგერის ინტერესების სფერო ძირითადად გერმანული რომანტიკული მუსიკით, რ. ვაგნერის, რ. შტრაუსის და მ. რეგერის შემოქმედებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ამავე პერიოდში გაიცნო მან კ. დებიუსის და გ. ფორეს ნაწარმოებები, რომლებმაც, თავად კომპოზიტორის აღიარებით, დიდი გავლენა მოახდინეს მასზე. პარიზის კონსერვატორიაში ონეგერი შეხვდა ჟ. ტაიფერს, ჟ. ორიკს და დ. მიიოს, მოგვიანებით გაიცნო ჟ. კოკტო და ე. სატი, რომლებთან ურთიერთობაც ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის 10-იანი წლების მიწურულს და 20-იანების დასაწყისში. სწორედ მათთან ურთიერთობამ განსაზღვრა ონეგერის შემოქმედების აღნიშნული პერიოდის თავისებურება, როდესაც იგი „ექვსეულის“ წევრად მოიაზრებოდა, თუმცა მისი შემოქმედებითი ნატურის მასშტაბებმა განაპირობა ის, რომ ონეგერის შემოქმედებაში ყველაზე ნაკლებად აისახა „ექვსეულის“ ესთეტიკა.

მუსიკალური ენა

ონეგერის მუსიკალური აზროვნება, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში კომპოზიტორი რადიკალური შემოქმედებით დაჯგუფების წევრი იყო, მჭიდროდაა დაკავშირებული ტრადიციასთან. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება მის დამოკიდებულებას ამ პერიოდში მიმდინარე მუსიკალური ენის განახლების პროცესებისადმი. ონეგერისთვის უცხოა თავისუფალი ატონალობა და დოდეკაფონია. იგი ტრადიციული, თუმცა გართულებული, ტონალური სისტემის ერთგული რჩება. ამავდროულად, მისთვის არც სატის და მისი თანამოაზრეებისთვის ტიპური უკიდურესად გამარტივებული ტონალური სტრუქტურებია მისაღები. „მე არა ვარ არც პოლიტონალისტი, არც ატონალისტი და არც დოდეკაფონისტი, – წერდა კომპოზიტორი, – ჩვენი მუსიკალური მასალა ქრომატული ბგერათრიგის 12 ნახევარ ტონს ეფუძნება, რომლებითაც ჩვენ ისევე თავისუფლად ვსარგებლობთ, როგორც პოეტი ანბანის ასო-ბგერებით, ან მხატვარი – სინათლის სპექტრის ყველა ფერით“.

ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ონეგერს ჟანრის და ფორმის მიმართ. კომპოზიტორი ისწრაფვის კლასიკურ-რომანტიკული ტრადიციის შენარჩუნებისკენ და, ამასთანავე, განაახლებს მას ახალი შინაარსით. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორატორიის და სიმფონიის ჟანრები. როგორც ზემოთ აღინიშნა, „ექვსეულის“ წევრები უპირატესობას მინიატიურებს ანიჭებდნენ. მათგან განსხვავებით, ონეგერისთვის პრიორიტეტული სწორედ დიდი ფორმა და კონცეპტუალური ჟანრები იყო. სიმფონიის ჟანრში ონეგერი ევროპული, უფრო ზუსტად კი XIX საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგული ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება. მისი ორატორიები კი, ამ ჟანრში შექმნილ საუკეთესო ნიმუშებზეა ორიენტირებული. ამასთანავე, ონეგერი აღნიშნულ ჟანრებში XX საუკუნის ნოვაციების იგნორირებასაც არ ახდენდა. კერძოდ, იგულისხმება ორატორიაში თეატრალიზაციის გარკვეული ელემენტების შემოტანა, რაც გეხედება სტრავინსკის, მოგვიანებით, კარლ ორფის შემოქმედებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრულ სახეთა ხატოვანება, თეატრალურობა საზოგადოდ ახასიათებს ონეგერის შემოქმედებას. ონეგერის როგორც სცენური, ისე ინსტრუმენტული ნაწარმოებების თემათა უმეტესობა გამოკვეთილი სახიერებით ხასიათდება.

კომპოზიტორის საორკესტრო სტილს საფუძვლად უდევს მუსიკალური ქსოვილის პოლიფონიური სტრუქტურა. მასთან ტემბრი მუდამ თემის, თემატური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ დაქვემდებარებული პარამეტრია. ონეგერის ნაწარმოებებში თემა, როგორც წესი, ერთი საორკესტრო ჯგუფის ტემბრული რესურსებითაა ექსპონირებული და ეს ტემბრია შენარჩუნებული მთელი სტრუქტურული ერთეულის მანძილზე. ტემბრი მხოლოდ მონაკვეთების საზღვარზე იცვლება, ერთი საორკესტრო ჯგუფიდან მეორეში გადადის. ტემბრული განვითარების ასეთი ლოგიკა ონეგერის სიმფონიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და მის პროგრამულ, თეატრალიზებული ტიპის სიმფონიზმთანაა დაკავშირებული: ახალი საკრავების გამოჩენა ხაზს უსვამს განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლას.

მუსიკალურ-დრამატული ჟანრის ნაწარმოებები

ონეგერის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია მუსიკალურ-დრამატული ჟანრის ნაწარმოებებს. ოპერის და ორატორიის ჟანრებს კომპოზიტორი მათი მასშტაბურობის, სინთეზურობის და დრამატიზმის გამო ანიჭებს უპირატესობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონეგერის შემოქმედებითი ნოვატორობა სწორედ მუსიკალურ-სცენურ ჟანრებში გამოვლინდა. მკაცრად თუ მივუდგებით ჟანრის თავისებურებებს, მის არქეტიპულ თვისებებს, აღმოვაჩენთ, რომ ონეგერის სცენური ნაწარმოებები არც ოპერის და არც ორატორიის ჟანრს არ განეკუთვნება და, ამავე დროს, ორივე ჟანრის თვისებებს შეიცავს. ამგვარად, ონეგერის სცენური ნაწარმოებების უმეტესობა – ესაა ოპერა-ორატორიები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჟანრთაშორისი ურთიერთობების ბალანსი ხან ერთისკენ იხრება, ხან კი – მეორისკენ. თავად კომპოზიტორი ყოველი ნაწარმოების თავისებურებას განსაკუთრებულად აღნიშნავს: „მეფე დავითი“ – სიმფონიური ფსალმუნი, „ივდითი“ – ბიბლიური დრამა, „ანტიგონე“ – ლირიკული ტრაგედია და ა. შ. ოპერის და ორატორიის ჟანრების სინთეზი ონეგერთან დაფუძნებულია ეპიკური თეატრის ტრადიციებზე და, უმთავრესად, გმირულ-პატრიოტულ თემატიკაზე. სიუჟეტებისთვის იგი უფრო სშირად მიმართავს ძველ აღთქმას (მეფე დავითი, ივდითი), ანტიკურ ტრაგედიას (ანტიგონე), საფრანგეთის ისტორიას (ჟანა დ’არკი კოცონზე) და სხვ.

განსხვავებულ ტიპს მიეკუთვნება ონეგერის შემდგომ წლებში დაწერილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრის ნაწარმოებები – ორატორია-კანტატა „სიკვდილის როკვა“ (1938 წ) და დრამატული ლეგენდა „ნიკოლა ფლუდან“.(1939 წ). პირველ მათგანს საფუძვლად დაედო პ. კლოდელის ტექსტი, რომელიც ჰ. ჰოლბაინის სახელგანთქმული ფრესკის მიხედვით შექმნილი გრავიურებით იყო შთაგონებული. ნაწარმოების კონცეფცია ტრაგიკულია და ბგერებით აპოკალიფსურ სურათებს გვიხატავს. სრულიად განსხვავებული ხასიათის ნაწარმოებია „ნიკოლა ფლულან“, რომელიც შეიქმნა შვეიცარიის კონფედერაციის დაარსების 650 წლისთავის აღსანიშნავად. დრამატულ ლეგენდას საფუძვლად დაედო დენი დე რუჟმონის ლიბრეტო, რომელშიც ცხადად და ლაკონიურადაა ასახული შვეიცარიის ისტორიის ეპიზოდი, ბრძოლა დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის.

სიმფონიური ჟანრის ნაწარმოებები

სიმფონიური მუსიკის ჟანრს ონეგერი შემოქმედებითი გზის სხვადასხვა პერიოდში მიმართავდა. პირველად ამ ჟანრით იგი 20-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც ონეგერი „ექვსეულის“ წევრად მოიაზრებოდა და ამ შემოქმედებითი ჯგუფის ესთეტიკურ იდეალებს იზიარებდა, მაგრამ „ექვსეულის“ სხვა წევრებთან და სატისთან სიახლოვის მიუხედავად, ონეგერის მუსიკა ჩანაფიქრის მეტი სიღრმით, მხატვრულ სახეთა რელიეფურობით გამოირჩევა. ასეთ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება მისი „ზაფხულის პასტორალი“, „სიხარულის სიმღერა“ და სხვ. ამასთანავე, „ექვსეულის“ ურბანისტული მისწრაფებები ვლინდება ონეგერის ე. წ. სიმფონიურ მოძრაობებში, მცირე საორკესტრო პიესებში: „რაბბი“, „პასიფიკ 231“, „სიმფონიური მოძრაობა 15 3“. ამ მცირე, 5-6 წუთიან პიესებში, როგორც წესი, დომინირებს ერთი მხატვრული სახე და მოძრაობის გარკვეული ტიპი, მუსიკა მოკლებულია რომანტიკულ ემოციურობას. წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება მოტორულობას, ენერგიულობას და აქტიურ მოქმედებას. ამავდროულად, თითოეული ამ პიესათაგანი ამზადებს ონეგერის სიმფონიური ჟანრის ნაწარმოებებს და ხასიათდება, განვითარების ხერხების მრავალფეროვნებით, საორკესტრო პალიტრის და ფორმის ორიგინალობით.

ახალი იდეები და მხატვრული სახეები ჩნდება ონეგერის 30-იანი წლების სიმფონიურ შემოქმედებაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული იგი პრიორიტეტს ანიჭებს სიმფონიის ჟანრს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მის პირველ სიმფონიას ჯერ კიდევ შუალედური მნიშვნელობა აქვს. შემდგომში, კომპოზიტორის სიმფონიური სტილი კიდევ უფრო იხვეწება და, რაც მთავარია, ღრმავდება კონცეპტუალური მხარე. მის მოწიფულ სიმფონიებში უპირატესობა ენიჭება ტრაგიკულ სახეებს, ბოროტება და ძალადობა სინათლის, სიკეთის და მომავლის რწმენის წინააღმდეგ იბრძვის და ხშირად იმარჯვებს კიდეც (იხ. მესამე და მეხუთე სიმფონიები). ამ მხრივ გამონაკლისია მეოთხე სიმფონიის პასტორალური სახეები, თავისებური „ამოსუნთქვა“ მესამე და მეხუთე სიმფონიების დაძაბულ დრამატიზმს შორის.

ონეგერის შემოქმედებაში გამოყენებული სიმფონიის ჟანრის ტიპი აგრძელებს სეზარ ფრანკის სიმფონიზმის ტრადიციებს. ფრანკის მსგავსად, იგი უარს ამბობს ტრადიციულ ოთხნაწილიან ციკლზე და უპირატესობას ლაკონიურ სამნაწილიანობას ანიჭებს, სადაც ნაწარმოების ცენტრალური იდეა ციკლში გამჭოლ განვითარებას განიცდის. პირველი სამი სიმფონია შემდეგ პრინციპებს ემყარება: პირველი ნაწილი – დრამატული /Allegro რომელიც მწვავედ წარმოაჩენს ძირითად კონფლიქტს, მეორე – Adagio, პირველი ნაწილის ფილოსოფიური გააზრება და ფინალი – ციკლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელშიც ხდება პირველი ორი ნაწილის პრობლემატიკის შეჯამება და მათი ახალ რაკურსში, განზოგადების უფრო მაღალ დონეზე ჩვენება. ბოლო ორ სიმფონიაში კომპოზიტორი მიმართავს სკერცოს ჟანრსაც, მაგრამ არა ტრადიციულ კონტექსტში – მეოთხეში სკერცო ფინალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ხოლო მეხუთეში სკერცო ციკლის მეორე ნაწილია, Adagio კი – პირველი.

ონეგერის სიმფონიური შემოქმედების ცენტრალური ქმნილებაა მესამე სიმფონია, ლიტურგიული (1946 წ).

მესამე ლიტურგიული სიმფონიის ტრაგიკულ ხაზს ონეგერი მეხუთეში აგრძელებს.DI TRE RE, (სამი რე-ს) სიმფონია (1950 წ) კომპოზიტორის ერთ-ერთი ყველაზე პირქუში თხზულებაა, რომელიც მისი სხვა ნაწარმოებებისგან უჩვეულოდ გამოირჩევა პოზიტიურ იდეალთა სიმცირით, საერთო ტრაგიკული კონცეფციით.

მთლიანობაში, ონეგერის სიმფონიზმი მისი მხატვრულ-ესთეტიკური პოზიციის შესანიშნავი გამოხატულებაა. კომპოზიტორი წერდა: „თუ მუსიკას არ სურს თავისი მნიშვნელობა ფონამდე დაიყვანოს, მან კვლავ უნდა მოიპოვოს დიდი სოციალური მნიშვნელობა, მიმართოს პროცესიებს, სახალხო წარმოდგენებს <..> ის უნდა ეხმარებოდეს ხალხს“.

ძირითადი ნაწარმოებების სია

  • 1914 საფორტეპიანო ტრიო f-moll
  • 1916 ტოკატა და ვარიაციები ფორტეპიანოსთვის
  • 1917 ნიგამონის სიმღერა (Le Crant de Nigamon), ორკესტრისთვის
  • 1917 სიმებიანი კვარტეტი №1 c-moll
  • 1918 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის №1 cis-moll
  • 1919 სამი პიესა: პრელუდია. ეძღვნება რაველს. ცეკვა
  • (Prelude, Hommage a Maueice Ravel Dance ), ფორტეპიანოსთვის
  • 1919 სონატა ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის №21 B
  • 1920 ჰიმნი, b-moll 10 სიმებიანისთვის
  • 1920 სარაბანდა ფორტეპიანოსთვის
  • 1920 სიმართლე? სიცრუე? ბალეტი
  • 1920 სონატა ჩელოს და ფორტეპიანოსთვის d-moll
  • 1920 სონატა ვიოლას და ფორტეპიანოსთვის
  • 1920 სონატინა ორი ვიოლინოსთვის in G
  • 1920 შვიდი მოკლე პიესა ფორტეპიანოსთვის
  • 1920 ზაფხულის პასტორალი, ორკესტრისთვის
  • 1921 გამარჯვებული ჰორაციუსი, სიმფონიური პანტომიმა
  • 1921 მეფე დავითი, სიმფონიური ფსალმუნი
  • 1921 თხის ცეკვა, სოლო ფლეიტისთვის
  • 1922 ფანტაზია, ბალეტი
  • 1922 სონატინა კლარნეტის და ფორტეპიანოსთვის
  • 1923 პასიფიკ 231, სიმფონიური მოძრაობა №1
  • 1923 პრელუდია უ. შექსპირის ქარიშხლისთვის, ორკესტრისთვის
  • 1923 სიხარულის სიმღერა, ორკესტრისთვის
  • 1923 შვეიცარიული რვეული, ფორტეპიანოსთვის
  • 1924 კონცერტინო ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის
  • 1926 ანტიგონე, ლირიკული ტრაგედია
  • 1927 ივდითი, ბიბლიური დრამა
  • 1928 ამურის და ფსიქეას ქორწინება, ბალეტი
  • 1928 ეძღვნება ალბერ რუსელს, ფორტეპიანოსთვის
  • 1928 რაგბი, სიმფონიური მოძრაობა №2
  • 1929 ამფიონი, მელოდრამა
  • 1929 კონცერტი ჩელოს და ორკესტრისთვის C-dur
  • (1930 მეფე პოზოლის თავგადასავალი, ოპერეტა
  • 1930 სიმფონია №1 in C
  • 1931 ლამაზმანი მუდონიდან, ოპერეტა
  • 1931 სამყაროს ყვირილი, ორატორია
  • 19322 პრელუდია, არიოზო და ფუგეტა BACH-ის თემაზე, ფორტეპიანოსთვის
  • 1932 სონატინა ვიოლინოს და ჩელოსთვის e-moll
  • 1933 სიმფონიური მოძრაობა №3
  • 1934 პატარა სიუიტა ორ, ბალეტი
  • 1935 იკაროსი, ბალეტი
  • 1935 ჟანა დ'არკი კოცონზე, ორატორია
  • 1935 სიმებიანი კვარტეტი №2 in D
  • 1936 ნოქტიურნი, ორკესტრისთვის
  • 1937 პატარა კარდინალები, ოპერეტა
  • 1937 ქებათა ქება, ბალეტი
  • 1937 სიმებიანი კვარტეტი №3 in B
  • 1937 თეთრი ფრინველი გაფრინდა, ბალეტი
  • 1938 სიკვდილის როკვა, ორატორია
  • 1939 ნიკოლა ფლუდან, ორატორია
  • 1940 ფერის დაბადება, ბალეტი
  • 1940 სონატა სოლო ვიოლინოსთვის d-moll
  • 1941 სიმფონია №2 in D, სიმებიანების და საყვირისთვის
  • 1943 მთების ძახილი, ბალეტი
  • 1945 სერენადა ანჟელიკას, ორკესტრისთვის
  • 1945 შოთა რუსთაველი, ბალეტი
  • 1946 ჯადოქრობა, ბალეტი
  • 1946 სიმფონია №3, ლიტურგიული
  • 1946 სიმფონია №4 in A
  • 1948 კამერული კონცერტი ფლეიტის, ინგლისური ქარასსის და სიმებიანებისთვის
  • 1950 სიმფონია №5, სამი რე in D
  • 1951 არქაული სიუიტა, ორკესტრისთვის
  • 1951 მონოპარტიტა, ორკესტრისთვის
  • 1953 რომანსი ფლეიტის და ფორტეპიანოსთვის
  • 1953 საშობაო კანტატა

მუსიკა დრამატული სპექტაკლების, რადიოდადგმების და კინოფილმებისთვის

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები