პოლოკი ჯექსონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯექსონ პოლოკი. შემოდგომის რიტმი (ნომერი 30), 1950; ტილო, ზეთი, 2.66X5.25 მ. მეტროპოლიტენ მუზეუმი, ნიუ იორკი, ჯორჯ ა. ჰერნის ფონდი, 1957 (57.92)

ჯექსონ პოლოკი – (Jackson Pollock, 1912-1956) ყველაზე ცნობილია აბსტრაქტულ ექსპრესიონისტ მხატვართა შორის. ის ვაიომინგში დაიბადა, 1930 წელს კი ნიუ იოკრში გადავიდა საცხოვრებლად. ყველა შეფასებით, თვითგანადგურებისკენ სწრაფვა მას ადრეულ ასაკშივე აღმოაჩნდა და უკვე 16 წლისას ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები განუვითარდა. 22 წლისა, ის იუნგს ეცნობოდა, 26 წლის ასაკში კი ფსიქიატრიული გადახრა და ალკოჰოლდამოკიდებულება დაუდგინდა. მეგობრები ორ პოლოკს აღწერდნენ - ერთს მორიდებულს და ფხიზელს, მეორეს კი უსიამოვნოსა და მთვრალს. 1939 წელს, იუნგის ფიქოთერაპიის კურსის გავლისას, იგი უკვე იცნობდა მის თეორიას ვიზუალური ხატებების შესახებ, რომლებსაც მნახველის პირველყოფილ ცობიერებაში შეღწევის უნარი შესწევდა. ლი კრასნერის მორალური მხარდაჭერით, პოლოკმა თითქმის მთელი 1940-იანი წლები გაძლო უალკოჰოლოდ. სწორედ ამ პერიოდში ქმნის ის თავის ყველაზე ცნობილ ტილოებს. პოლოკის პირველი პერსონალური გამოფენა 1943 წელს, პეგი გუგენჰაიმის გალერეაში შედგა. ვარსკვლავური დიდებისკენ მის წინსვლას კრიტიკოს კლემენთ გრინბერგის შეფასებებმაც შეუწყო ხელი. 1947 წლისთვის ის პოლოკს "ჩრდილოეთი ამერიკის ყველაზე მძლავრ ფერმწერად" იხსენიებდა. პოლოკი გასცდა ავტომატური ფერწერის სიურეალისტურ სტრატეგიას. მან ქვეჩარჩოზე გადაუჭიმავი, დაუმუშავებელი ტილო იატაკზე დააფინა და მასზე საღებავის მოსხმით, დაწვეთებითა და ჩამოღვენთვით გადამკვეთი ხაზების აბსტრაქტული ბადე შექმნა. 1950 წელს ჟურნალი თიმე პოლოკს "მწვეთავ ჯეკად" იხსენიებდა. ორი წლის შემდეგ, როზენბერგმა ესეში მოქმედების ამერიკელი ფერმწერები, პოლოკის ფერწერული პროცესის აღსანიშნად, შექმნა ტერმინი მოქმედების ფერწერა. როზენბერგმა აღწერა მოქმედების ფერწერის განვითარება და მიზნები: "გარკვეულ მომენტში ამერიკელმა ფერმწერებმა ერთი მეორეს მიყოლებით აღმოაჩინეს, რომ ტილო სამოქმედო არენაა და არა სივრცე, რომელშიც რეალური ან გამოგონილი ობიექტის ანალიზი, ასახვა ან ახლებურად წარმოდგენა იქნებოდა შესაძლებელი."

ჰანს ნეიმასი. ჯექსონ პოლოკი, 1950. შემოქმედებითი ფოტოგრაფიის ცენტრი. არიზონას უნივერსიტეტი © 1991, ჰანს ნამიუსის საკუთრება

პოლოკის ნამუშევრის შემოდგომის რიტმი (ნომერი 30) შექმნის პროცესი, ჰანს ნეიმასმა 1950 წელს ფილმად გადაიღო. პოლოკი მუშაობდა განახლებულ ბეღელში, რომლის სივრცეც მას საშუალებას აძლევდა იატაკზე გაშლილ ტილოს ოთხივე მხრიდან იოლად მისდგომოდა. ემიგრანტი გერმანელი მხატვარი ჰანს ჰოფმანი (Hans Hofmann, 1880-1966) პოლოკამდეც ასხამდა და აწვეთებდა საღებავებს, მაგრამ პოლოკის მოუთვინიერებელი ჟესტები, მოძრაობა ტილოს გარშემო და მის შიგნით, მინანქრისა და ლაკის შემცველი (და არა მხატვრობისთვის განკუთვნილი სპეციალური) საღებავების დაწვეთება, სახატავად ჯოხებისა და პატარა, ბრტყელი ნიჩბების გამოყენება, სრულიად გარდაქმნიდა ფერწერის, როგორც ასეთის იდეას. ზოგი პოლოკის რკალებსა და ხვეულებს ქაოტურს უწოდებდა, მაგრამ თავად მხატვარი მათში ლაბირინთს ხედავდა, რომელსაც მაყურებელი რთული გზით, ბუნებრივი და ბიომორფული ფორმების ორგანულ, კალიგრაფიულ ქსელში უნდა შეეყვანა. პოლოკის კომპოზიციები მოკლებულია იერარქიულ წესრიგს, შეიცავს მრავალრიცხოვან ხედვის წერტილებს და უარყოფს სივრცით პერსპექტივას. და მაინც, მაშინაც კი როდესაც საღებავი სრულად ფარავს ტილოს, ის არასდროს სცდება მის საზღვრებს. ყოველთვის არსებობს სურათის თავი და ბოლო. პოლოკის თვითკმარი ფერწერა, როგორც დაჭიმული ზამბარა, სავსეა მოუსვენარი, მძლავრი ენერგიით, რომელიც მზად არის აფეთქდეს ნებისმიერ მომენტში.

შემოდგომის რიტმი ეპიკური მასშტაბის (2.66 X 5.25 მ) ნამუშევარია. ის მთლიანად შთანთქავს მაყურებლის ხედვის არეს. ლი კრასნერის ინფორმაციით, პოლოკი ჯაზის დიდი თაყვანისმცემელი იყო და საათობით უსმენდა ჩარლი პარკერისა და დიზი გილესპის ბიბოპის ფეთქებად იმპროვიზაციებს. პოლოკის ინტერესები ადგილობრივ ამერიკულ ხელოვნებასაც სწვდებოდა, რომელიც მისთვის მის დასავლურ ფესვებთან ასოცირდებოდა და რომლის დაბეჭდვაც ასე უყვარდათ 1930-იანი წლების პოპულარული და სახელოვნებო ჟურნალების გარეკანებზე. განსაკუთრებულ ინტერესს პოლოკი ნავაჯოს ქვიშის მხატვართა მიმართ იჩენდა, რომლებსაც თავიანთი ნამუშევრები ნიუ იორკში, ბუნების ისტორიის მუზეუმში ჰქონდათ გამოფენილი. რა თქმა უნდა, პოლოკი აგრძელებდა ფერწერაში იუნგის კოლექტიური არაცნობიერის თეორიის გამოყენებასაც. მაგრამ პოლოკი უფრო მეტი იყო, ვიდრე ყველა მისი გავლენა ერთად აღებული. მისი ნამუშევრები გრანდიოზულ, თანამედროვე, პირველსაწყისეულ დონეზე მეტყველებს. ერთ რადიოინტერვიუში პოლოკი ამბობდა, რომ ის "თვითმფრინავების, ატომური ბომბებისა და რადიოს ეპოქისთვის" ქმნიდა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები