სიდამონ-ერისთავი ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან სიდამონ-ერისთავი

სიდამონ-ერისთავი ვალერიან - (20.VI.1889, ყვარელი - 1943, თბილისი) - ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი თვითმყოფადი წარმომადგენელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ა. არხიპოვი, ა. ვასნეცოვი და ნ. კასატკინი (1909-1915). საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასახლდა კახეთში და ასწავლიდა ხატვას თელავში. 1915-1916 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოსთან”, რომელიც ს. შანშიაშვილის რედაქტორობით გამოდიოდა, ქმნიდა კარიკატურებს და ჩანახატებს ყოფით და ალეგორიულ თემებზე, მუშაობდა წიგნის დიზაინზე. 1917 წელს იმოგზაურა ერზრუმში, სადაც შეასრულა ადგილობრივი ტიპაჟებისა და ყოფითი სცენების ჩანახატები.

XX საუკუნის 10-იან წლებში მოღვაწე სხვა ქართველი მხატვრების მსგავსად, ვალერიან სიდამონ-ერისთავის უმთავრეს ამოცანასაც ეროვნული ფორმის ძიება წარმოადგენდა. ამ მიზეზით, მან გარკვეული უპირატესობა ისტორიულ თემას უკვე 1910-იანი წლების დასაწყისშივე მიანიჭა. 1910-1920-იან წლებში შექმნა ისტორიული ჟანრის არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები: „თამარ მეფე“ (1917წ.), „კრწანისის ბრძოლა“ (1919), „ერეკლე II ბრძოლა ლეკებთან“ (1921). ასევე აღსანიშნავია, რომ მხატვრის 1920-იანი წლების რამდენიმე თამამ, სიმბოლური და ალეგორიული მინიშნებებით დატვირთულ ნაწარმოებებში („წითელი მთესველები“, „წითელ ცხენოსანთა შეტევა“, „ბავშვები ბაღში“) გამოიხატა ექსპრესიონისტული მიმდინარეობის ნიშნები. ამ მიმდინარეობის განწყობა, რომელიც, გარდამავალი სიტუაციისა და სპეციფიკური სოციალური კლიმატის პირობებში, საუკუნის პირველ მეოთხედში ევროპის არაერთი ქვეყნისთვის იყო დამახასიათებელი, ბუნებრივი აღმოჩნდა გამოკვეთილად პატრიოტი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავისთვისაც. არისტოკრატიული წარმომავლობის მხატვრისათვის ბოლშევიზმი, არა მხოლოდ მისი სამშობლოს დაპყრობას ნიშნავდა, არამედ იმასაც, რომ ამ დრომდე შემორჩენილ ქართულ არისტოკრატიას განადგურება ელოდა.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი ითვლება პირველ ქართველ პროფესიონალ თეატრის მხატვრად. 1922 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა თეატრსა და კინოში. თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილთან, ასევე აფორმებდა სპექტაკლებს რუსთაველის თეატრში („ცხვრის წყარო“, „მზის დაბნელება საქართველოში“). 1923 ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისის” პირველი დადგმის მხატვარია, 1924 კი დ. არაყიშვილის ოპერისა „შოთა რუსთაველი“. მუშაობდა კინოს მხატვრად (1922-1935). დაახლოებით 35 ფილმის მხატვარია (რეჟ. ა. ბეკნაზაროვი - „მამის მკვლელი“ (1923); რეჟ.კ. მარჯანიშვილი - „კრაზანა“ (1928), „კომუნარის ჩიბუხი“ (1929); რეჟ. კ. მიქაბერიძის ექსპრესიონისტული, გროტესკული ფილმი - „ჩემი ბებია“ (ი. გამრეკელთან ერთად, 1929); რეჟ. მ. ჭიაურელი - „უკანასკნელი მასკარადი“ (1934) და სხვ.)

1925-1943 წლებში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1938 წლიდან). გააფორმა საქართველოს პავილიონი ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენაზე (1938). ვ. სიდამონ-ერისთავს, რომელმაც თავისი შემოქმედებით საფუძველი ჩაუყარა ისტორიული ჟანრის დამკვიდრებას ქართულ ფერწერაში, 1940 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს მუზეუმებში: საქართველოს ეროვნული მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა); კ. მარჯანიშვილის სახელობიდ სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმში, ასევე არაერთ კერძო კოლექციაში.


მაია ციციშვილი

ლიტერატურა

  • გ. გაბუნია, ფერწერის ისტორიული ჟანრის ოსტატი, „ლიტერატურა და ხელოვნება“ (2/VII), 1944;
  • ვ. სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენის კატალოგი, შესავალი შ. კვასხვაძისა, თბ., 1945;
  • ლ. თაბუკაშვილი, მხატვრის მოგონებანი, „საბჭოთა ხელოვნება“ 1969, №12;
  • მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი, ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია XVIII –XX საუკუნეები, თბ., 2013.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვალერიან სიდამონ-ერისთავი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები