სოხუმის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოხუმის თეატრი - სოხუმში ქართული წარმოდგენები 1889 წლიდან სცენის მოყვარეთა ძალებით იმართებოდა, 1911 წლდან ნახევრად პროფესიული თეატრი გახდა, 1928 წლიდან პროფესიული. 1911 წლიდან „დრამატული ხელოვნების მოყვარეთა წრის“ სახელწოდებით ჩამოყალიბდა დასი, რომელსაც შალვა დადიანი ხელმძღვანელობდა. დასში შედიოდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ვასო აგულიშვილი, მოგვიანებით ეველინა წუწუნავა და დავით კობახიძე. დასი თანამშრომლობდა ძუკუ ლოლუას მომღერალთა გუნდთან.

დასის მუშაობას ეხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება და მისი გამგეობა. გამგეობის ხელმძღვანელი იყო მარიამ (მაშო) დადიანი-ანჩაბაძისა. შ. დადიანის წასვლის შემდეგ დასი დაიშალა, შეიქმნა ფინანსური პრობლემები. მოგვიანებით, სოხუმის დრამატული დასი და სოხუმის სახალხო უნივერსიტეტი გაერთიანდა და დაერქვა „სოხუმის სახალხო უნივერსიტეტთან არსებული ქართული დრამატული სექცია“. 1914 წლიდან თეატრალური მუშაობა შეფერხდა, თუმცა წარმოდგენები მაინც იმართებოდა. რეჟისორი იყო ი. ბარველი. მსახიობები: ნატალია ჯავახიშვილი და მიხეილ სულთანიშვილი.

1918 წლიდან თეატრის რეჟისორად ზაქარია ურუშაძე დაინიშნა. დაიდგა შ. დადიანის „შვილი ან სიყვარული“. 1920 წლის 20 ნოემბერს ჰაჯიბეგოვის „არშინ მალ-ალან“ დაიდგა ქართულ, რუსულ, სომხურ და თურქულ ენებზე; 1920 წლის 8 ნოემბერს ერთაწმინდელის „სიკვდილით დასჯა“, დ. აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“. 1920-1921 წლის სეზონი რეჟისორ მ. ქორელის ხელმძღვანელობით დაიწყო. დასში შედიოდნენ: ნუცა ჩხეიძე, ნიკო გოძიაშვილი, მიხეილ სულთანიშვილი, ალექსანდრე მგალობლიშვილი. ადგილობრივ სცენის მოყვარეთა დასთან ერთად მათ დადგეს დ. ერისთავის „სამშობლო“, ენგელის „ზღვასთან“, ალ. ყაზბეგის „არსენა“, სუვარინინის და ბურენინის „მედეა“, ნ. შიუკაშვილის „ციცინათელა“, ვ. შალიკაშვილის „უნიადაგო“ და სხვ.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

ე. ჯიქია, ქართული თეატრი აფხაზეთში (1885-1940 წწ. ), თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები