სწავლება (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სწავლება (სამხედრო) - შენაერთების, ნაწილების, ქვედანაყოფების, მართვის ორგანოების საველე, საჰაერო, საზღვაო გაწვრთნილობა. სარდლების (მეთაურების), შტაბების და სხვა სამმართველოების ოფიცრების ტაქტიკური და ოპერატიული მომზადების მაღალი დონის მიღწევის და სრულყოფის ძირითადი, ყველაზე ეფექტური ფორმა. ტარდება შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ჯარებში (ძალებში), ჯარების (ძალების) გვარეობებში, სპეციალურ ჯარებში და წარმოადგენს მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მნიშვნელოვან საშუალებას.

მასშტაბების მიხედვით არის: სტრატეგიული (ოპერატიულ-სტრატეგიული), ოპერატიული (ოპერატიულ-ტაქტიკური) და ტაქტიკური;

მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით – ჩვეულებრივი (გეგმური), საბრძოლო (ოპერატიული) მომზადების, საკონტროლო (შესამოწმებელი), საჩვენებელი, კვლევითი (საცდელი);

მოსამზადებელი შემადგენლობის მიხედვით - სწავლება ჯარებთან (ძალებთან), სამეთაურო-საშტაბო და საშტაბო;

ჩატარების მეთოდიკის მიხედვით - ორმხრივი და ცალმხრივი, ხოლო სამეთაურო-საშტაბო და საშტაბო სწავლებითვის გარდა ამისა – ერთ, ორ და მრავალსაფეხურიანი.

შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობების და სპეციალური ჯარების სწავლებას განასხვავებენ სპეციფიკური დანიშნულებით, მომზადების და ჩატარების პირობებით. მაგალითად, ქვეით და სატანკო ჯარებთან საერთო-საჯარისო ტაქტიკური სწავლება ტარდება. მასში შეიარაღებული ძალების სხვა გვარეობების ჯარების (ძალების) და სპეციალური ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილები და ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

სტრატეგიული მასშტაბის სწავლებას შეიარაღებული ძალების რამდენიმე დაჯგუფების, გაერთიანების, შენაერთის და სხვა სახეობების მონაწილეობით მანევრები ეწოდება. სარაკეტო ჯარებში და არტილერიაში ტაქტიკური სწავლების გარდა არის სწავლება ცეცხლის მართვაში. სპეციალურ ჯარებთან ტაქტიკურ-სპეციალური სწავლება ტარდება, რომელსაც ამავე დროს შეიძლება ეწოდოს დაზვერვის, რადიოელექტრონული ბრძოლის, ლოგისტიკის სწავლება და სხვა. სამხედრო-საჰაერო ძალებში ტარდება საავიაციო სწავლება, მათ შორის საფრენ-ტაქტიკური, ხოლო სამხედრო-საზღვაო ფლოტში – საერთო, კერძო, სახომალდო სწავლება და სხვა.

სწავლება შეიძლება ჩატარდეს საბრძოლო სროლებით, რაკეტების გაშვებით და ბომბდაშენით. აქ ნაწილები (ხომალდები) და ქვედანაყოფები ამუშავებენ მოწინააღმდეგის განადგურების ხერხებს, ბრძოლაში სამხედრო ტექნიკის გამოყენებას, საბრძოლო შერწყმას, საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფას.

სარდლები (მეთაურები) სრულყოფენ სამხედრო ხელოვნების ცოდნას, ვითარების დამოუკიდებლად შეფასებას, გადაწყვეტილების მიღების და ჯარების (ძალების) მართვას. შტაბები და მართვის სხვა ორგანოები – ვითარების შესახებ მონაცემების შეკრების, დამუშავების და ანალიზის უნარ-ჩვევებს, სარდლისთვის (მეთაურისთვის) გადაწყვეტილების მისაღებად ოპერაციის (ბრძოლის) დაგეგმვისათვის მონაცემების მომზადებას.

ლოგისტიკის ორგანოები ასრულებენ როგორც სასწავლო, ასევე რეალურ ამოცანებს ჯარების მატერიალური, სატრანსპორტო და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფისთვის. სწავლება ხელს უწყობს ჯარისკაცების და მეზღვაურების მომზადებას, მათ ფიზიკურ და მორალურ გაკაჟებას.

სწავლების თემები, როგორც წესი, კომპლექსურია (მოიცავენ რამდენიმე სახეობის საბრძოლო მოქმედებას). სწავლების მომზადების და ჩატარებისთვის იქმნება ხელმძღვანელობა, ინიშნებიან შუამავლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვეევაში – კვლევის, საკონტროლო და სხვა ჯგუფები, განისაზღვრება მატერიალური საშუალებების და რესურსების ხარჯები. სწავლება გამოყოფილი დროის ფარგლებში უწყვეტად ტარდება. საბრძოლო მოქმედებები თამაშდება სწავლებაში ჩაბმული მონაწილეების გადაწყვეტილების შესაბამისად. სწავლება გარჩევით მთავრდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები