ტრანსკრიფცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრანსკრიფცია – (ლათ. . transcribere – გადაწერა),

1.ერთი ენის ფონემათა სხვა ენის გრაფემებით მაქსიმალური სიზუსტით, ცალსახად გადმოცემის ლინგვისტური ხერხი (ვიწრო გაგებით); ზეპირი მეტყველების გარკვეული მონაკვეთის (ბგერის, მარცვლის, სიტყვის, ფრაზის, წინადადების, ვრცელი ტექსტის) გრაფიკული ჩაწერა (ფართო გაგებით);

2. ტრანსკრიფცია ზოგჯერ უმართებულოდ იხმარება ტრანსლიტერაციის მნიშვნელობითაც.

ზეპირი მეტყველების ჩასაწერი ობიექტის – ბგერისა თუ ინტონაციის – მიხედვით განარჩევენ საკუთრივ ბგერობრივ (ე.წ. სეგმენტურ და ინტონაციურ (სუპერსეგმენტურ, ანუ ზესეგმენტურ) ტრანსკრიფციებს. ბგერობრივ ნიშან-თვისებათა გათვალისწინებით გამოყოფენ ფონემატურ ტრანსკრიფციას – სიტყვის ან მორფემის ფონემური შედგენილობის მიხედვით (ირიბ // ან კუთხოვან «» ფრჩხილებში) და ფონეტიკურ ტრანსკრიფციას – ბგერათა ფონეტიკურ თავისებურებათა მიხედვით [კვადრატულ ფრჩხილებში]. ბგერით ერთეულთა დახასიათების ხერხის თვალსაზრისით განარჩევენ ანალიზურ და სინთეზურ ტრანსკრიფციებს. მათგან პრაქტიკული გავრცელების მხრივ უფრო პერსპექტიულია სინთეზური ტრანსკრიფცია, რომელიც ბგერას განიხილავს ერთ მთლიან ერთეულად, თუმცა ანალიტიზმის ელემენტებსაც შეიცავს, რამდენადაც არაგრაფემული პირობითი (ე. წ დიაკრიტიკული) ნიშნების გამოყენებას არ გამორიცხავს.

ბგერობრივი (სეგმენტური) ტრანსკრიფციის ძირითადი პრინციპია გამოყენებული ნიშნის ცალსახა შესაბამისობა ტრანსკრიბირებულ (ტრანსკრიფციას დაქვემდებარებულ) ბგერასთან. ცალსახობა აქ გულისხმობს ბგერისა და ასოს და, პირუკუ – ასოსა და ბგერის შეუქცევად (თითო თითოსთან) შესაბამისობას. ბგერების ნაირგვარ ფონეტიკურ თავისებურებათა სუსტი ტრანსკრიბირებისათვის გამოიყენება არაგრაფემული ნიშნების სისტემა. მაგ., ხმოვანთა სიგრძის ნიშანია ჰორიზონტალური ხაზი ასოს თავზე, უმლაუტისა – ჰორიზონტალური ორწერტილი იმავე ადგილას (მაგ. ორივე ეს ნიშანი ცალკე და ერთად საჭიროა სვანური ხმოვნების გადმოსაცემად) თანხმოვანთა შიშინობის გადმოსაცემად იხმარება ˇ ნიშანი ასოს თავზე სიმკვეთრისა – წერტილი ასოს ქვემოთ. ზოგჯერ ორივე ეს ნიშანი ერთადაა საჭირო ლაბიალიზებული ასოს ზედა მარჯვენა კუთხეში და ა. შ.

ფონეტიკური ტრანსკრიფცია თაეისი არსით მეცნიერულია და მისი ეს უპირატესობა ეკონომიკური თვალსაზრისითაც აშკარაა: იგი ფაქტობრივ მონოგრაფემულობის პრინციპს ეფუძჩება. რაც მას განარჩევს ტრანსლიტერაციისაგან.

წმინდა პრაქტიკული (უპირატესად არასამეცნიერო) მიზნებით იყენებენ ე.წ. პრაქტიკულ ტრანსკრიფციას, რომელიც ფაქტობრივ იგივეა, რაც ტრანსლიტერაცია. განსხვავება ამ ტერმინებს შორის ისაა, რომ ტრანსკრიფცია უცხო ენის ბგერათა წარმოთქმის საკუთარ ენაზე რეპროდუქციას ემსახურება და მონოგრაფემულობის (ერთასოიანი გამოსახულების) პრინციპს ემყარება, ხოლო ტრანსლიტერაცია უცხოენოვანი დაწერილობის მშობლიურ ენაზე ასო-ასო გადატანას ისახავს მიზნად და საამისოდ 2 (ზოგჯერ 3) გრაფემის გამოყენებასაც არ გაურბის. ორსავე შემთხვევაში ძირითად საბაზო ენად საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება ლათინური (აქედან ტერმინები: ლათინიზაცია, რომანიზაცია).

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები