ტრიტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიტონი.
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. 500-480 წ.წ.), ჰარვადის უნივერსიტეტის მუზეუმი

ტრიტონი(ბერძნ.) ზღვის უძველესი (წინაბერძნული) დემონი. მითებში იგი პოსეიდონისა და ამფიტრიტეს ვაჟია. რომაულ სამყაროში მას სალაკიუსი ერქვა.

ტრიტონი ზღვის სიღრმეში აღმართულ ოქროს სასახლეში ცხოვრობდა. ასე სჯეროდათ ბერძნებს და მის შესახებ ლეგენდებს თხზავდნენ. არსებობს თქმულება ჰერაკლესა და ტრიტონის, დიონისესა და ტრიტონის შერკინებაზე. მისი სახელი დაკავშირებულია არგონავტების მითოსთანაც: როდესაც გრიგალმა ხომალდი „არგო“ ლიბიაში, ტრიტონისის ტბისკენ გაიტაცა და სასოწარკვეთილი მეხომალდეები გზას ვეღარ აგნებდნენ, მხსნელად ამ ტბის ღვთაება, ტრიტონი, მოევლინათ. მან გზა უჩვენა არგონავტებს, დალოცა და ტბის სიღრმეში გაუჩინარდა.

არსებობს თქმულება იმის თაობაზე, თუ როგორ მოჰპარა ტრიტონმა ჯოგი ტანაგრელებს, რომლებმაც ამის გამო მას თავი მოჰკვეთეს.

საოცარი სანახავი იყო ეს დემონი. ცნობილი მითოგრაფოსის, პავსანიასის გადმოცემით, მას ჰქონია მამაკაცის ცხვირი, მხეცისებრი კბილებით ამოვსებული განიერი პირი, მწვანე თმები, ყურების ახლოს – ლაყუჩები, ქერცლიანი ხელები და ფეხების ნაცვლად – დელფინის კუდი. ტრიტონს დაჰქონდა უზარმაზარი ნიჟარა, პოსეიდონის ბრძანებით, ჩაჰბერავდა ხოლმე ზღვის ასაბობოქრებლად თუ დასამშვიდებლად.

ძვ. წ. IV საუკუნისათვის ერთი კი არა, მრავალი ტრიტონი ჩნდება მითოსურ თქმულებებში. ისინი ზღვად სატირებსა და კენტავრებს დაემსგავსნენ, ხმელეთზე კი წყლის მთავარ ღვთაებათა მსახურებად გარდაისახნენ. ანტიკურ ხელოვნებაში ტრიტონსა და ტრიტონებს პოსეიდონსა და ნერეიდებთან ერთად წარმოადგენდნენ. მოგვიანებით ეს გამოსახულება შადრევანთა ოსტატების უსაყვარლეს თემად იქცა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები