უდიური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უდიური ენა – იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ქვეჯგუფის ენა.

პირველი ცნობები უდიების წინაპართა შესახებ გვხვდება ძველი ავტორების: ჰეროდოტეს (ძვ. წ. V ს.), სტრაბონის (ახ. ჯ. I ს.), პტოლემაიოსის (ახ. წ. II ს.) და სხვ. ნაშრომებში. კავკასიური ალბანეთის აღწერისას სტრაბონი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში გაერთიანებული იყო 26 ტომი და მათ შორის უდიებიც: ინფორმაცია ამ ხალხის შესახებ წარმოდგენილია გვიანდელ ბერძნულ-ბიზანტიურ, სომხურ, ქართულ ისტორიოგრაფიაში. ოდესღაც მრავალრიცხოვანი ეთნოსი დღეს დაახლოებით 9 ათას კაცს ითვლის. ყველა დაღესტნური წარმოშობის ტომიდან მხოლოდ უდიებმა შეინარჩუნეს ქრისტიანობა.

სარჩევი

უდიური ენის წარმოშობის თეორიები

უდიური ენის წარმოშობის სხვადასხვა თეორიებიდან ყველაზე პოპულარულია მისი ნათესაობის ჰიპოთეზა დაღესტნის და, კერძოდ, წახურ-მუხადურ და ე. წ. „შაჰდაღის ჯგუფის” ბუდეხურ, კრიწულ და ხინალუღურ ენებთან, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, კავკასიის ძველი ალბანეთის ნაშთებს უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა ბოლო ხანებში ძველ ალბანურს უკავშირებენ თანამედროვე უდიურს (იხ. ალბანური დამწერლობა), რომელიც ამჟამად წარმოდგენილია აზერბაიჯანის შექის (სოფ. ვართაშენი) და კუტკაშენის (სოფ. ნიჯი) რაიონებში. აკად. ა. შიფნერის მონაცემებით, ჯერ კიდეე XIX ს. II ნახ. უდიურად ლაპარაკობდნენ სოფლებში: სულტან ნუხა, დაბა ვართაშენი (საკუთრივ ვართაშნის გარდა), იანგი-ქენდი, მირზაბეილი, ჯოურლი, კირზანი, ვარდანლი. ეს თავისთავად მიგვანიშნებს დიალექტების ისტორიულ სიმრავლეზე, რაც არ გამორიცხავს ლიტერატურული სტანდარტის ოდინდელ არსებობას. ივარაუდება, რომ ძველი ალბანური ენა ფარავდა დაახლოებით თანამედროვე აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიას.

ამჟამად განარჩევენ უდიურის ორ დიალექტს – ვართაშნულსა და ნიჯურს, 1920-1922 მიგრაციული პროცესების შედეგად უდიების ნაწილი დასახლდა საქართველოში – ყვარლის რაიონის სოფელ ოქტომბერში (თავიდან ზინობიანი) და ამდენად გამოყოფენ ვართაშნულ-ოქტომბრულ მეტყველებასაც.

უდიური ენის მეცნიერული შესწავლა იწყება XIX ს. II ნახ-იდან და დღემდე გრძელდება (ა. შიფნერი, ა. დირი, ე. ჯეირანიშვილი, გ. ფანჩვიძე, ე. გუკასიანი, ე. შულცე. ტ. სიხარულიძე…). გარდა ამისა, უდიურის მასალა კავკასიურ ენებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოცულობით სხვადასხვა დროს განხილული აქვთ ფრ. მიულერს, რ. ერკერტს, ჰ. შუხარტს, ჟ. დიუმესილს, ნ. ტრუბეცკოის, ი. მეშჩანინოვს, კ. ბოუდას, რ. ლაფონს, ი. ჯავახიშვილს, ა. შანიძეს, ა. ჩიქობავას, ა. ჰაიზატის და სხვ.

უდიური ენის ბგერითი შედგენილობა

უდიური ენის ბგერითი შედგენილობა არ არის რთული. ხმოვანთა სისტემაში გამოიყოფა 13 ხმოვანი და 28 თანხმოვანი. მახვილი დინამიკურია, ზოგჯერ ინტენსიური და, როგორც წესი, მოუდის ბოლო მარცვალს.

მორფოლოგიურ კატეგორიები

უდიური აგლუტინაციური ენაა. მორფოლოგიურ კატეგორიათა გამოსახატავად გამოიყენება აფიქსები: პრეფიქსები და, უპირატესად, სუფიქსები, ამჟამინდელ უდიურში მოშლილია გრამატიკული კლასის კატეგორია.

არსებითი სახელი

არსებითი სახელისათვის დამახასიათებელია რიცხვისა და ბრუნვის კატეგორია. გამოიყოფა 2 რიცხვი (მხოლოობითი და მრავლობითი) და 10 ბრუნვა – 4 ძირითადი და 6 თანდებულიანი. ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, ერგატიული (მოთხრობითი), ნათესაობითი, მიცემითი; თანდებულიანი – აბლატივ-ინსტრუმუნტალისი („გან“ – ბრუნვა), კო- მიტატივი („თან“ I ბრუნვა), ინესივ-ადესივი („თან“ II ბრუნეა), ალატივი („კენ ბრუნვა). სუპერესივი („ზე“ ბრუნვა), კაუზატივი. ენ-კენა | > ენ-კ.

ზედსართავი სახელი

ზედსართავი სახელი. როგორც მსაზღვრელი სახელი, უფორმოა. ამგვარი სახელები იბრუნვიან და დაირთავენ რიცხვის ნიშანს მხოლოდ გასუბსტანტივების შემთხვევაში. შედარებითი ხარისხის გამოსახატავად არ არსებობს საგანგებო მორფოლოგიური ელემენტები და ამიტომ შესადარებელი საგნები თუ პირები აბლატივში დაისმიან.

რიცხვითი სახელი

რაოდენობითი რიცხვითი სახელი არის როგორც მარტივი, ისე რთული აგებულებისა. თვლის სისტემა ოცობითია. გამოიყოფა ასევე რიგობითი, წილადი, დაშლით-დანაწილებითი, კითხვითი, განუსაზღვრელი და კრებსითი რიცხვითი სახელები.

ნაცვალსახელები

ნაცვალსახელებში გამოიყოფა პირისა: ზუ (მე). უნ (შენ), იან (ჩვენ), ვან (თქვენ): III პირის ნაცვალსახელი მხოლობით და მრავლობით რიცხვში ემთხვევა ჩვენებით ნაცვალსახელებს. ჩვენებითი ნაცვალსახელი სამწევროვანია: მე (ეს), ქა (ეგ), ტე (ის). კუთვნილებითი ნაცვალსახელების ფუნქციას კისრულობენ პირის, უკუქცევითი და სხვა ნაცვალსახელები ნათ. ბრუნვის ფორმაში.

ზმნა

ზმნისათვის ნიშანდობლივია მხოლოდ პირისა და დრო-კილოთა ფორმების არსებობა. ზმნა მონოპერსონალურია – აღინიშნება მხოლოდ რეალური სუბიექტის პირი. ხასიათდება პირის გამოხატვის ოთხი (resp. სამი) სისტემით. ზმნაში მრავლობითი რიცხვი სპეც. აფიქსით არ აღინიშნება. რიცხვისა და პირის კატეგორიას გამოხატავს პირის მაწარმოებლად გამოყენებული ნაცვალსახელი.

უდიურ ენას ინფინიტივ-მასდარის ორი ფორმა აქვს: მასდარი I– იწარმოება -ეს სუფიქსით, და მასდარი II, რომელიც იწარმოება -უნ სუფიქსით მასდარ I-ის ფორმაზე დართვით.

მიმღეობა

უდიურში დასტურდება მიმღეობის ორი ფორმა. აღინიშნება აბსოლუტივის ოთხი ფორმის არსებობა.

ზმნისართები

ადვერბიალური სიტყვები (ზმნისართები) სხვადასხვა სტრუქტურისაა (მარტივი, ნაწარმოები) და იყოფა რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობის სემანტიკურ ჯგუფად. თანდებულები წარმოდგენილია ან დამოუკიდებელი ადვერბიალური სიტყვებით, ან შერწყმული (სუფიქსური მნიშვნელობის) თანდებულებით, რომლებიც დაერთვიან სახელს. საკუთრივ უდიური კავშირები ცოტაა, ძირითადად ეს მეტყველების ნაწილი ნასესხებია თურქული და არაბული ენებიდან.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები