ალბანური დამწერლობა (კავკასია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბანური დამწერლობადამწერლობის ორიგინალური სისტემა, რომელიც შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. იწერებოდა მარცხნიდან მარჯვნივ. გამოიყენებოდა კავკასიის ალბანეთში დაახლოებით V-X საუკუნეებში. ცნობილია მხოლოდ მისი ასომთავრული სახეობა. წარმომავლობის შესახებ გამოთქმულია ორი მოსაზრება:
1. ალბანური ანბანი შექმნილია სომხური და ქართული ანბანების საფუძველზე;
2. მომდინარეობს ბერძნულზე ორიენტირებული არამეული დამწერლობის რომელიმე სახეობიდან. სომხური წყაროების ცნობით, რომელსაც მეცნიერთა ნაწილი კრიტიკულად ეკიდება, ალბანური ანბანი V ს. I ნახ. შექმნა სომეხმა ბერმა მესროპ მაშტოცმა ალბანელი ეპისკოპოსის ბენიამინის დახმარებით.

ალბანური დამწერლობის სისტემა და ძეგლები მეცნიერებისათვის ცნობილი არ იყო XX ს. 30-იან წლებამდე. 1937 ი. აბულაძემ ეჩმიაძინის (სომხეთი) ხელნაწერთა შორის აღმოაჩინა XV საუკუნეში გადაწერილი სომხური გრამატიკის სახელმძღვანელო, რომელშიც სხვა ენების ანბანებთან ერთად მოცემული იყო ალბანურიც, გრაფემების ფონეტიკურ მნიშვნელობათა სახელწოდებების სომხური ტრანსკრიფციით. ხელნაწერის მიხედვით, ალბანური ანბანი შედგებოდა 52 გრაფემისაგან, რომელთა ანალიზმაც მეცნიერები (ა. შანიძე, ჟ. დიუმე სილი) მიიყვანა დასკვნამდე, რომ ალბანური ენა ეკუთვნოდა მთის კავკასიური ენების დაღესტნური ჯგუფის სამხრეთ განშტოებას, დღემდე შემონახულს აზერბაიჯანსა და ნაწილობრივ საქართველოში მოსახლე უდიების ენის სახით. 1948-52 აზერბაიჯანში მინგეჩაურის გათხრების დროს აღმოჩნდა ალბანური დამწერლობით შესრულებული რამდენიმე ლაპიდარული წარწერა და გრაფიტო, რომლებსაც სპეციალისტები VI-IX სს-ით ათარიღებენ. წარწერები დღემდე გაუშიფრავი რჩებოდა, რადგან მასალა არ აღმოჩნდი საკმარისი, ხოლო სომხურ ხელნაწერში შემონახულმა, მრავალგზის შეცდომებით გადაწერილმა ანბანმა გასაღების ფუნქცია ვერ შეასრულა.

1996 წლის ნოემბერში სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოჩნდა X ს-ის ორი პალიმფსესტი, რომელთა ქვედა ტექსტი შესრულებულია ასომთავრული ალბანური დამწერლობით (ზედა ტექსტი ქართულია). ალბანური პალიმფსესტების გრაფემათა მოხაზულობა უფრო ახლოს არის ალბანური ეპიგრაფიკული ძეგლების გრაფემების მოხაზულობასთან, ვიდრე სომხურ ხელნაწერში დაცული ანბანისა (სომხური ხელნაწერის ათამდე გრაფემა საერთოდ არ დასტურდება ალბანურ პალიმფსესტებში, ხოლო სულ ცოტა რვას შეცდომით აქვს მიწერილი ფონეტიკური მნიშვნელობა). ტიპოლოგიურად იგი მსგავსია უძველესი (V–VII სს.) ქართული და სომხური ასომთავრული დამწერლობებისა როგორც გრაფემათა ფორმით (უფრო ახლოს არის ქართულთან, ვიდრე სომხურთან), ისე ტექსტის მთლიანი მხატვრული აღქმით. ათამდე გრაფემა ფორმით საკმაოდ ემსგავსება ეთიოპურ დამწერლობას.

ალბანური პალიმფსესტების ხელნაწერთა ფურცლები დახაზულია სველ პერგამენტზე დაჭიმული ლარებით, რითაც მიღწეულია ასოთა სიმეტრიულობა; საზედაო ასოებად გამოიყენება ძირითად ტექსტთან შედარებით უფრო დიდი ზომის ლამაზად გამოყვანილი ასომთავრული გრაფემები: დაქარაგმებათა სისტემა მსგავსია სხვა ადრექრისტიანული ძეგლების დაქარაგმების წესისა. ქარაგმდებოდა საპატიო და ისეთი სიტყვები, რომელთა ტექსტში გამოცნობა ძნელი არ იყო მკითხველისათვის. განკვეთილობის ნიშნად იხმარება ორი (იშვიათად სამი) ერთმანეთის მიმართ პარალელურად დასმული მოკლე (წერტილივით) სწორი ხაზი.

2000 წლის ნოემბერ-დეკემბერში ულტრაიისფერი განათებით მთლიანად გადაიღეს ალბანური პალიმფსესტები. იმავე განათებით გადმოიწერა ტექსტის დიდი ნაწილიც. 2001 წლის მარტ-აპრილში ალბანური ტექსტები გაიშიფრა.

ცნობები ალბანური დამწერლობის არსებობის შესახებ შემოინახა სომხურმა საისტორიო მწერლობამ. რომლის მიხედვითაც ალბანელებმა ქრისტიანობის მიღებისთანავე (V ს.) თარგმნეს ალბანურ ენაზე ძველი და ახალი აღთქმის წიგნები. სომხურ ენაზევე შემონახულ ისტორიულ დოკუმენტებში გვაქვს ცნობა იმის შესახებ, რომ VII ს. დასაწყისში ალბანეთის კათალიკოსი საერთაშორისო მიმოწერისას ეპისტოლეებს ალბანურ ენაზეც ადგენდა. სომეხ მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ალბანური მწერლობა საერთოდ არ არსებობდა. აქ იგულისხმება ალბანეთის სომხური მოსახლეობის ენა, მწერლობა და დამწერლობა. ამის საპირისპიროდ აზერბაიჯანელი მეცნიერები თვლიან, რომ სომხური მწერლობის რამდენიმე ძეგლი ალბანურიდან არის თარგმნილი და უნდა განიხილებოდეს როგორც ალბანური მწერლობის კუთვნილება.

1996 წელს წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოჩენილი ალბანურ-ქართული პალიმფსესტები ცხადყოფენ, რომ კავკასიის ალბანეთის მწერლობა ნამდვილად არსებობდა და საკმაოდ განვითარებულიც იყო. ალბანური მწერლობის ძეგლი აღმოჩნდა ლექციონარი (მთელი წლის საუფლო დღესასწაულებზე წმ. წერილებიდან ლიტურგიული საკითხავების კრებული), რომელიც უეჭველად გულისხმობს ალბანურ ენაზე ძველი და ახალი აღთქმის წიგნების არსებობას მაინც. ალბანური ლექციონარი თავისი მარტივი ხასიათით ყველაზე ახლოს არის ქართულ ხანმეტ ლექციონართან და მასთან ერთად შეიძლება ამგვარ თხზულებათა შორის უძველესად (V ს. შუა ხანებზე ადრე) ჩაითვალოს.

ალბანურმა მწერლობამ დაკნინება დაიწყო და მალევე დაიკარგა, როგორც კი ალბანეთის საკათალიკოსო მართლმადიდებლობიდან მონოფიზიტობაზე გადავიდა (VII ს.I ნახევარი) და სომხური ეკლესიის ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცა. არის ცნობები, რომელთა მიხედვითაც სომხური ეკლესია და მისი მხარდამჭერი არაბთა სახალიფო ანადგურებდა დიოფიზიტურ ალბანურ ლიტერატურას. დაახლოებით X ს-იდან ალბანური დამწერლობა მთლიანად სომხურით შეიცვალა. ხოლო დიოფიზიტურ გარემოში მოქცეული ალბანელებისათვის – ქართულით.

ზ. ალექსიძე


ლიტერატურა

  • ალექსიძე ზ. მასალები დვინის 506 წლის კრების ისტორიისათვის, „მაცნე“ (ისტორიის… სერია), 1974, № 1;
  • მისივე, ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის, თბ., 1998;
  • მისივე, კავკასიის ალბანეთის ენა, დამწერლობა და მწერლობა, თბ., 2003.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები