ფრანკლი ვიქტორ ემილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანკლი ვიქტორ ემილ

ფრანკლი ვიქტორ ემილ - Frankl Viktor Emill, Франкл Виктор, 1905-1997

ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, ლოგოთერაპიის ან, სხვანაირად, ვენის მესამე სკოლის შემქმნელი (ზიგმუნდ ფროიდისა და ალფრედ ადლერის შემდეგ), მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი. მისი მოძღვრება ახლოსაა ჰუმანისტურ ფსიქოლოგიასთან. 1933-1937 წლებში მუშაობდა თვითმკვლელობათა აცილების მიმართულებით და სამ ათასზე მეტ ადამიანს გაუწია დახმარება. ავსტრიის გერმანიასთან მიერთების მერე მას აეკრძალა მუშაობის გაგრძელება ებრაელობის გამო, ხოლო 1942 წელს იგი საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს, სადაც ომის დამთავრებამდე იმყოფებოდა. როგორც თვითონ წერდა, ამ უმძიმესმა წლებმა მას უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება შესძინა და ადამიანური ყოფნის საფუძვლებზე ღრმად დააფიქრა. ფრანკლმა თვალსაჩინოდ იხილა, თუ უკიდურესი ვითარება („ფორსმაჟორი”) როგორ ყოფს ადამიანებს „გმირ-ანგელოზთა უმცირესობად” და „ღორების უმრავლესობად” (იხ. აგრეთვე ციხის ექსპერიმენტი).

განთავისუფლების მერე ფრანკლი ხელმძღვანელობდა ვენის ნევროლოგიურ კლინიკას (1946-1970), ასწავლიდა ვენის უნივერსიტეტში, იყო ავსტრიის ფსიქოთერაპევტთა საზოგადოების პრეზიდენტი. მინიჭებული ჰქონდა მრავალი სამეცნიერო წოდება და ჯილდო. მისი 31 წიგნი 25 ენაზეა ნათარგმნი. 1981 წელს შედგა პირველი მსოფლიო კონგრესი ლოგოთერაპიაში. 1991 წელს ვენაში ფრანკლის ინსტიტუტი დაარსდა.

თავისი საექიმო მოღვაწეობის დასაწყისში ფრანკლი გატაცებული იყო ფსიქოანალიზით, რომელსაც შემდგომ მწვავედ დაუპირისპირდა. ფროიდი ამბობდა: თუკი ადამიანი ცხოვრების საზრისზე დაფიქრდა, იგი სერიოზულად ავადაა. აგრეთვე: ადამიანის ფსიქიკის უზარმაზარი შენობის კვლევისას მე სარდაფში გავჩერდიო. ფრანკლის მოძღვრება, პირიქით, ეხება ადამიანის სულის ცხოვრების მწვერვალებს და არა სიღრმეებსა და „სარდაფებს”. ამასთანავე, მისი შეხედულებათა სისტემის ღერძი სწორედ ცხოვრების საზრისია. ფრანკლს საზრისის ძიებისა და განხორციელებისკენ მისწრაფება ადამიანთა მოტივაციის უმთავრეს მდგენელად, ქცევისა და პიროვნების განვითარების ძირითად მამოძრავებელ ძალად მიაჩნდა (ა. მასლოუს თანახმად, ეს მისწრაფება მოთხოვნილებათა იერარქიის უმაღლეს დონეზეა აქტუალური). ცხოვრების საზრისის არარსებობა ან მისი განხორციელების შეუძლებლობა იწვევს „ეგზისტენციალურ ვაკუუმს” და ავადმყოფობის, კერძოდ ე.წ. ნოოგენური ნევროზის მიზეზი ხდება (ნოოგენური - საზრისისგან წარმოქმნილი, ანუ რომლის სათავე საზრისს უკავშირდება).

ამ შეხედულებამდე ფრანკლი ომამდე მივიდა, მაგრამ ის გაამყარა საკონცენტრაციო ბანაკში მიღებულმა გამოცდილებამ. იქ ფრანკლი უდიდეს სამუშაოს ეწეოდა ადამიანთა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების კუთხით. ამ დროს დარწმუნდა, რომ აუტანელის ატანას უპირატესად ისინი ახერხებდნენ, ვისთვისაც არსებობას საზრისი არ ჰქონდა დაკარგული. საჭირო იყო სასოწარკვეთილ ადამიანებში ცხოვრების გაგრძელების ნების აღძვრა.მაგრამ ტანჯვის გადატანის ვაჟკაცობა თუ პიროვნული კაპიტულაცია დამოკიდებული იყო იმაზე, ჰქონდა თუ არა ადამიანს საკუთარი ცხოვრების საზრისის რწმენა. საზრისდაკარგული სიცოცხლე საკონცენტაციო ბანაკის პირობებში დიდხანს არც გრძელდებოდა. საზოგადოდ, ლოგოთერაპიის პრაქტიკა მიმართულია იმაზე, რომ პაციენტმა მონახოს ან აღდგინოს ცხოვრების საზრისი. ამისთვის გამოიყენება სოკრატესეული საუბრის ანუ ევრისტიკული მეთოდი, აგრეთვე ფრანკლის მიერ შემუშავებული ორიგინალური ტექნიკები: „დერეფლექსია” და „პარადოქსული ინტენცია” (ლოგოთერაპია).

საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარე ფსიქოთერაპიული სამუშაოს დევიზად ფრანკლს ნიცშეს აფორიზმი მიაჩნდა: „ვინც იცის, „რისთვის” უნდა იცხოვროს, ის გადალახავს ყოველგვარ „როგორს”. ცხადია, იგივე ითქმის უმძიმესი ცხოვრებისეული განსაცდელით გატანჯულ ადამიანზე, მაგ., უახლოესი ადამიანის დაკარგვის ან საყოველთაო უსამართლო შეურაცხყოფისა და დევნის პირობებში მყოფზე. ასეთი უმწარესი გამოცდილება ადამიანს ან სამუდამოდ დაასნეულებს (ნევროზით, აგრესიულობით, ლოთობა-ნარკომანია-აზარტომანიით და სხვა) თუ დაღუპავს; ან, პირიქით - მის „გადაბადებას”, ნახტომისებურ პიროვნულ ზრდას და სულ სხვა, მაღალ პიროვნებად შობას გამოიწვევს {ინიციაცია}. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები