წიწაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წიწაკა - Capsicum annuum L.

Capsicum annuum L.წიწაკა

მეგრულად – ზარფანა, ზაფანა.

კულტურაში ერთწლოვანი მცენარეა (სამშობლოში – მექსიკასა და გვატემალაში ნახევრადბუჩქი), 1 მ-მდე სიმაღლის სწორმდგომი, გადაშლილი ან გართხმული, მომრგვალო ან ხუთწახნაგოვანი ღეროთი. ფოთოლი ყუნწიანია, კვერცხისებრი ან ლანცეტა, მსგავსად ღეროებისა მწვანედან – მუქ იისფერამდე, შიშველი ან შებუსული. ყვავილები მარტოულია ან მოკლე ყვავილედად შეკრებილი, თეთრი, ყვითელი ან იისფერი, ორმაგი ხუთწევრიანი ყვავილსაფრით; ნაყოფები ჩაქინდრულია ან აშვერილი, ხორცოვანი, განსხვავებული ფორმით (ჭარბობს კონუსური და მოგრძო-კონუსური ფორმები), სიდიდით (1-20 სმ-მდე სიგრძის, რბილობის სისქე 0,1 -5-8 მმ-მდე), შეფერილობით (ბაცი მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, მოყვითალო-ყავისფერი, მოშავო¬იისფერი, წითელი და ა.შ.) და გემოთი. თესლი მრავალრიცხოვანია, ბრტყელი, ბაცი ყვითელი. ყვ. V; ნაყ. VIII-IX.

სადღეისოდ ველურად არ გვხვდება. კულტურაში შეტანილ იქნა ახალ წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე ცენტრალურ ამერიკაში. XV ს-ის ბოლოს ქრისტოფორ კოლუმბის ექსპედიციებისას სხვა მცენარეებთან ერთად ძველ სამყაროში წიწაკაც იქნა ჩამოტანილი. ევროპაში პირველად მას ეგზოტიკის მოყვარულები ამრავლებდნენ, შემდგომ საოცრად სწრაფად გავრცელდა მთელ რიგ ქვეყნებში. უკვე XVI ს-ში მათი გამოზრდა წარმოებდა თანამედროვე გერმანიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ბულგარეთის ტერიტორიებსა და ბალყარეთის ნახევარკუნძულზე. რუსეთში მოჰყავთ XVII ს-დან, უმთავრესად სამხრეთ რაიონებში, ვინაიდან წიწაკა სითბოს მოყვარული მცენარეა ვეგეტაციის ხანგრძლივი პერიოდით. ამავე პერიოდში ვრცელდება მისი კულტურა საქართველოშიც.

წარწერის ტექსტი

წიწაკის მრავალრიცხოვანი ჯიშები ორ ჯგუფად იყოფა: ბოსტნეული და სანელებლიანი; ბოსტნეული ჯგუფის ნაყოფები, რომლებსაც ტკბილ წიწაკას უწოდებენ – პოპულარული საკვები პროდუქტია (ცნობილია ასევე ბულგარული წიწაკის სახელწოდებით). სხვა ფორმა – მწვავე, ან ჭოტოსანი წიწაკა მოჰყავთ როგორც სანელებელი მცენარე.

ბოსტნეული ჯიშების რბილობი შეიცავს 8-დან 20 მგ%-მდე მშრალ ნივთიერებებს, მათ რიცხვში 7,4 მგ% შაქარსა და 2,6 მგ% ნედლ ცილებს. მასში ბევრია ვიტამინები, განსაკუთრებით კაროტინი (პროვიტამინი A) და ასკორბინის მჟავა, მისი შემცველობით ზოგიერთი ჯიშის ნაყოფი აჭარბებს ყველა ბოსტნეულსა და ხილსაც – ნაყოფის რბილობის 100 გ ნედლ ნივთიერებაში შეიძლება დაგროვდეს 480 მგ ასკორბინის მჟავა. მნიშვნელოვანი რაოდენობით აღირიცხება B ჯგუფის ვიტამინებიც (თიამინი, პიბოფლავინი, ფოლიოს მჟავა), აგრეთვე P-ის აქტიური ნივთიერებები, ნახშირწყლები, სახამებელი, ცხიმები, უჯრედისი, ალკალოიდი კაპსიცინი, ფიტონციდები, საპონინები.

ხასიათდება გამაუმტკივნებელი, მადისაღმძვრელი, ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებელი, საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სინთეზის გამაძლიერებელი და ანტივირუსული მოქმედებით.

მედიცინაში გამოიყენება ნევრალგიის, რადიკულიტის, მიოზიტის, საჭმლის მომნელებელი ფერმენტების აქტივობის დაქვეითების შემთხვევაში.

ფარმაცევტული წარმოება უშვებს წიწაკის შემდეგ პრეპარატებს: წიწაკის სპირტიანი ნაყენი, მალამო მოყინვის საწინააღმდეგოდ, წიწაკას საფენი, „კაპსინი“, „კაპსიტრინი“, წიწაკა – ნიშადურის ლინიმენტი, წიწაკა – ქაფურის ლინიმენტი. აღნიშნული პრეპარატები ძირითადად გამოიყენება და¬ საზელად ნევრალგიის, მიოზიტების, რადიკულიტის დროს.

უკუმაჩვენებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის დროს; დიდ დოზებში მიღება იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე მოშლას (ბიძინაშვილი, 2013).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები