ხმალას ალვის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმალას ალვის ხე - ბარისახოში, ხმალაში ძველად მდგარა ციხე და მის გვერდით ერთი ძალიან მაღალი ალვისხე, რომელსაც მირონი გადმოსდიოდა. ხეს ძირში საფარველდადებული დარანი ჰქონდა და ამ დარანში გროვდებოდა მირონი. ალვისხეს წვერზე ოქროს ცხრაკეცი ჯაჭვი ჰქონია გამობმული, ზედ ოქროსფრთიანი ანგელოზები მიდი-მოდიოდნენ და ტკბილ ხმაზე გალობდნენ. ერთხელ გახუა ხეთეშაური, ანგელოზთან წილნაყარი მკადრე, გუდანის ჯვარს ხმალაში მიუყვანია და დარანში ჩაუყვანია. იმსიღრმე ჩასავალი ყოფილა, ყვებოდა გახუა, რომ ცხრა ფეხი სანთელი ჩასვლაზე დამჭირდა და ცხრა ფეხი სანთელი – ამოსვლაზეო. რომ ჩავედით, იქაურობა სანთლებით იყო გარაპრალებულიო და ათასი რიგის ღვთისშვილნი ადიოდნენ და ჩადიოდნენ, მირონი ამოჰქონდათო. ძირში ქოთანი იდგა და შიგ ეწვეთებოდა მირონიო. ერთი ანგელოზი ედგა თავზე და, რომელი ღვთისშვილიც მივიდოდა, ანგელოზი სამირონე ოქროს ბოთლებში უსხამდა მირონს და ყველას ასე ისტუმრებდაო. ოქროს საწყაოთი უწყავდნენ თურმე მირონს. გახუა და გუდანის ჯვარი რომ ჩავიდნენ, მათაც მისცეს და ამოვიდნენ. საკვირველი სანახაობა ყოფილა ირგვლივ: იქაურობა სულ განათებული ყოფილა, ღვთისშვილნი ხმაამოუღებლად შედი-გამოდიოდნენო.

ალვის ხის პირდაპირ, არაგვის გაღმით, მაღალ გორზე ერთი ციხე მდგარა, შურის ციხეს ეძახდნენ. შურის ციხე და ხმალას ციხე ერთურთის ჯიბრზე აუშენებიათ. ხთიშვილებს ალვისხეზე და ციხეების წვერებზე ჯაჭვები ჰქონიათ გაბმულები და იმ ჯაჭვებზე დადიოდნენ თურმე. ამ ალვისხეს შემოდგომაზე რომ ფოთლები დასცვივნია, ერთი ფოთოლი არაგვში ჩავარდნილა და წყალს ქალაქში ჩაუტანია. აქ მეთევზეებს უნახავთ და მიმხვდარან, რომ ეს ფოთოლი მირონის ხისგან არის, და მეფისთვის მიუტანიათ. მეფეს უბრძანებია, ახლავე წადით, მოძებნეთ მირონის ხე, მოჭერით და აქ მომიტანეთო. წამოსულა ქალაქიდან ხალხი და, სადაც კი არაგვი მიედინება – ფშავში, მთიულეთ-გუდამაყარში თუ ხევსურეთში, ყველგან, უძებნიათ მირონის ხე. ბოლოს, გაუგიათ, ბარისახოს ხმალაში დგას ეს ხეო. ასულან ბარისახოში, მაგრამ ხევსურებს, როცა გაუგიათ ხის მოჭრას აპირებენო, არ მიუციათ მოჭრის ნება. მერე მოსულებმა კაცი გაგზავნეს ქალაქს და დიდძალი ჯარი მოიყვანეს. ჯართან ხევსურები ვერაფერს გამხდარან, მაგრამ ხე კი მომხდურებს მაინც ვერ მოუჭრიათ. დაჰკრავენ ცულს, გააგდებინებენ ნაფოტს, მაგრამ ხე ისევ მრთელდება. ბევრს ცდილან, გაწვალებულან და ვერ მოუჭრიათ ხე. ბოლოს, ხნიერი ხალხი შეუკრებიათ, გვასწავლეთ, ეს ხე როგორ უნდა მოიჭრასო. ყველას არც კი სცოდნია ხის მოჭრის საიდუმლო, ხოლო ვინც იცოდა, იმას არ გაუთქვამს, არ უსწავლებია.

ერთი ხნიერი ღულელი კაცი ყოფილა, გვარად არიშაული, ჯვარის ხელკაცი. გაუგიათ მოსულებს, მან იცისო. ჯერ არშაულიც უარზე იყო, მერე დაუქრთამავთ და უსწავლებია: ერთი კატა მოიყვანეთ, დაკალით და იმით განათლეთ – მისი სისხლი ასხურეთ ხეს და ღვთისშვილიც ჩამოსცილდება და ხეც მოიჭრებაო. თორემ, სანამ ღვთისშვილი პატრონობს, მაგას ცული ვერაფერს დააკლებსო. მოიყვანეს კატა, დაკლეს ხის ძირში და, ასხურეს თუ არა ხეს მისი სისხლი, ღვთისშვილი გაეცალა ხეს, და მოჭრეს იგი. ხე რომ წაქცეულა, წვერზე გაბმული ოქროს ჯაჭვი გაწყვეტილა და წივილით ცაში წასულა. ხის ფესვები სულ ამოუძირკვავთ და ქალაქში ხელმწიფესთან წაუღიათ. არიშაული ხელმწიფეს დაუსაჩუქრებია, მაგრამ ხევსურებს მოუკვეთავთ, ყველა ჯვარში დაურისხებიათ, როგორც მოღალატე და ისე ამოწყვეტილა მთელი მისი გვარი, რომ არავინ დარჩენილა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები