ჯვრის სუფრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯვრის სუფრა – სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხის თუშური ნაირსახეობა. წარმოადგენს დისწულის ქორწილში დედისძმის მიერ მოტანილ სინზე (ლანგარზე) მოთავსებულ დიდ პურში ჩარჭობილ ხის ჯვარს, რომელზეც დაკრულია ანთებული სანთლები და კიდია სასაჩუქრე წინდები ან პირსახოცი, გვერდით ნაშვერებზე კი ვაშლებია წამოცმული. გარდა ამისა, სინზე აწყვია სამი ან ხუთი კოტორი, მოხარშული ქათამი, ყველი და ტკბილეული.

შეიძლებოდა ნეფე-პატარძლის წინ ორი ჯვრის სუფრა მდგარიყო – ერთი ღვიძლი დედისძმის მოტანილი, მეორე კი – მამის პირველი (გარდაცვლილი) ცოლისძმისა. ჯვრის სუფრას საამისოდ სპეციალურად მიჩენილი პირი – მეჯვარე – დარაჯობდა, რომელიც მას მესამე დღეს დაშლიდა და ზედ დაკიდებულ წინდებს, როგორც სამეჯვარეოს, თავად აიღებდა. თავისი სემანტიკით ჯვრის სუფრის იდენტური ჩანს ქართლ-კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მთიულეთში, ერწო-თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთში გავრცელებული ჯვრის პური. ერწო-თიანეთში რძითა და შაქრით მოზელილი ცომით გამომცხვარ ჯვრის პურს ზევიდან კვერცხს უსვამდნენ და ცომისაგან დამზადებული სხვადასხვა ფორმის ჩიტებით რთავდნენ. პურს ზედაპირზე, შუაში, ზოგჯერ ხელის ნაჭდევით ჯვარს უკეთებდნენ ან არჭობდნენ ხის ჯვარს, რომლის სამ თავისუფალ ბოლოზე ვაშლებს წამოაცვამდნენ. ხშირად ჯვარზე ნაირი ხილი და ტკბილეული ეკიდა. ჯვრითა და ვაშლებით მორთული მთიულური ჯვრის პურის ვაშლები ნეფე-დედოფალსა და ნათლიას შორის ნაწილდებოდა. ანალოგიური ფორმის ფშავურ ჯვრის პურს, სეფისკვერთან ერთად, ვაჟის ოჯახში აძლევდნენ ნათლიას, რათა იგი მშობლიური სახლიდან პატარძლის წამოყვანისა და ნეფის ოჯახში მოყვანისას ხელში ჭეროდა. ამავე ჯვრით ხელში ნათლია წინ მიუძღოდა სიძე-პატარძალს კერიის გარშემოვლის დროს. მძივებითა და წითელი ნაჭრებით შემკული ხევსურული ჯვრის პური ნეფის ტაბლაზე უნდა მდგარიყო. აღსანიშნავია, რომ პურის ეს სახეობა ფერეიდნელმა ქართველებმაც შემოინახეს.

თუშეთში, გარდა აღნიშნულისა, სამგლოვიარო ჯვრის სუფრაც იცოდნენ. თუკი დისწული „უგვირგვინოდ“ გარდაიცვლებოდა, დედისძმას ჭირისუფლის ოჯახში ჯვარი მიცვალებულის გასვენებამდე უნდა მიეტანა. სამგლოვიარო ჯვრის სუფრა საქორწილოსგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ჯვარი ან შავად იყო შეღებილი, ან მას შავი ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული. ამდენად, ჭირსა და ლხინში ჯვრის სუფრის ფუნქციონირება ქორწინებისა და სიკვდილის ურთიერთკავშირის შესახებ არსებული არქაული წარმოდგენების ანარეკლია.


ლიტერატურა

  • ნ. აზიკური. კოტორი, როგორც რიტუალური პური თუშეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXIII. თბ., 1987, გვ. 220;
  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე (ეთნოგრაფიული ექსკურსები თუშეთის ახლო წარსულში). თბ., 1987, გვ. 215-216;
  • ნ. მაჩაბელი. მაგიურ-რელიგიური წეს-ჩვეულებები საქორწილო რიტუალში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XX. თბ., 1979, გვ. 119-120;
  • მისივე, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში. თბ., 1978, გვ. 70, 120, 122;
  • გ. გოცირიძე. საქორწინო რიტუალური პურები ფერეიდნელ ქართველებში // ძეგლის მეგობარი. 64. თბ., 1983, გვ. 34;
  • მისივე, ქორწინება ფერეიდნელ ქართველებში. თბ., 1987, გვ. 70-73.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები