დეიანირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესოსი და დეიანირა
პ. რუბენსი (1610 წ.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი

დეიანირა(ბერძნ.) კალიდონის მეფის ოინევსის ასული, მელეაგროსის და, ჰერაკლეს მეუღლე.

როდესაც ჰერაკლე კერბეროსის ამოსაყვანად ჰადესში ჩავიდა, იქ შეხვდა მელეაგროსს, რომელმაც სთხოვა, მისი და, დეიანირა მოეყვანა ცოლად. ჰერაკლემ მეგობარს აღუთქვა, რომ სურვილს აღუსრულებდა.

მრავალი გმირი ითხოვდა კალიდონის მეფის, ოინევსის ასულის, დეიანირას ხელს. მათ შორის იყო მდინარის ღმერთი აქელოოსიც, რომელსაც გარდასახვის უნარი შესწევდა. მეფე ოინევსმა გადაწყვიტა, დეიანირა იმისთვის მიეცა, ვინც ორთაბრძოლაში გაიმარჯვებდა. სასიძოებმა უარი თქვეს აქელოოსთან შერკინებაზე. არ შედრკა მხოლოდ ჰერაკლე. მან დაამარცხა მდინარის ღვთაება და ცოლად შეირთო დეიანირა. მეფე ოინევსმა დიდებული ქორწილი გადაიხადა.

ჰერაკლე მეუღლესთან ერთად მშობლიური ტირინსისაკენ გაეშურა. გზად მდინარე ევენოსს მიადგა. აქ კენტავრ ნესოსს ზურგით გადაჰყავდა მგზავრები. მან სულ მცირე საზღაურის ფასად დეიანირას გადაყვანა ითავა. ჰერაკლემ გადაუხადა, რაც ითხოვა, კომბალი და მშვილდი მეორე ნაპირზე გადაისროლა და აღელვებულ მდინარეში შევიდა.

ნესოსს დეიანირა მოეწონა და მისი დამორჩილება განიზრახა, ამიტომ სიტყვა გატეხა და სხვა ნაპირისკენ გაცურა. ფონს რომ გავიდა, დეიანირას მიუალერსა, ქალმა შეჰკივლა. როდესაც ჰერაკლე მიხვდა, რაც მოხდა, მშვილდი მოზიდა და მომაკვდინებელი ისარი სტყორცნა კენტავრს. ნესოსმა სიკვდილის წინ შურისძიება განიზრახა: მან დეიანირას თავის სისხლშერეული ჯადო-სალბუნი მისცა და უთხრა, თუ ამ წამალს ჰერაკლეს სამოსს წაუსვამ, სამუდამოდ ეყვარებიო.

გავიდა ხანი. როცა ჰერაკლემ ექალიის წინააღმდეგ გაილაშქრა და მეფის ასული იოლე სხვა ტყვეებთან ერთად თავის მშობლიურ ტირინსში გაგზავნა, დეიანირამ იეჭვიანა. გაახსენდა გადანახული ჯადო-სალბუნი და ჰერაკლეს საზეიმო მოსასხამს წააცხო. საშინელი სიკვდილით აღასრულა მძლეთამძლე გმირმა თავისი მიწიერი სიცოცხლე. ხოლო დეიანირამ თავი მოიკლა (ჰერაკლეს აპოთეოსი).

ჰერაკლესა და დეიანირას შვილთა შორის ასახელებენ: ჰილოსს, ქთესიპოსს, გლენოსს, ონიტოსსა და ქალიშვილ მაკარიას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები