ელიია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელიჲა (ბალყ.-ყარაჩ. Элия) – ელვა-მეხისა და მოლაშქრეების მფარველი ღვთაება ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. უკავშირდება ქრისტიანული წმინდანის – ილია წინასწარმეტყველის – კულტს, რომელიც, როგორც ამინდისა და ჭექა-ქუხილის გამგებელი, ფართოდ იყო გავრცელებული და დიდი პოპულარობით სარგებლობდა; წარმოდგენილი ჰყავდათ, როგორც შუბით, მშვილდ-ისრითა და ხანჯლით შეიარაღებული ახოვანი, გრძელხელება მხედარი, რომელსაც ისარი და ხმალი არ ეკარებოდა; მისი ცხენის ნესტოებიდან სქელი ნისლი გამოდის, მისი ძახილით მთები იძვრის. როცა ელია ცხენს მიაჭენებს, ჭექა-ქუხილი იწყება, როცა ისარს ისვრის - მეხი ურტყამს; მისი ოფლი დაბლა წვიმის სახით ეშვება. ბალყარელები საყვარელ ღვთაებას შემდეგ ჰიმნს უძღვნიდნენ:

ნართების ქვეყანაში მთელი ხალხი შეიკრიბა, ელია!
ხალხი სათაყვანებლად გელოდება, დაგვენახვე, ელია!
შენს გარეშე ღამეულ გზას ვინ გაგვინათებს, ელია!
შენს გარეშე ღამით სალაშქროდ ვინ წავა, ელია!
შენს გარეშე გემრიელ ლუდსაც არ ვსვამთ, ელია!
თუ ვერ გნახეთ, გათენებამდე ვერ ვიძინებთ, ელია!
ჩვენი მოხუცები სიკვდილის წინაც შენზე ლოცულობენ, ელია!
სიკვდილის წინ დალოცვას გთხოვენ, ელია!
ჩვენ კი ძალ-ღონეს გთხოვთ, ელია!
შენსავით ვერავის შევიყვარებთ, ელია!
ჩვენი თანამგზავრი შავი ყორანი იქნება, ელია!
შენთან უწყებით მოფრინდება, ელია!

1807 წელს აკადემიკოსი გ. კლაპროტი წერდა: „ისინი (ბალყარელები და ყარაჩელები – ნ. ა.) ეთაყვანებიან თეგრის (თენგრი/თეირი – ნ. ა.), აგრეთვე ილია წინასწარმეტყველს. ამტკიცებენ, რომ იგი ხშირად ჩნდება ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე; ელიას ცეკვა-სიმღერით სწირავენ ბატკნებს, რძეს, კარაქს, ყველსა და ლუდს“. ყარაჩსა და ბალყარეთში ელიას სახელი არაერთმა ტოპონიმმა შემოინახა. ერთ-ერთ ასეთ ადგილზე (Ачысы-Элия ургъан) მისი სახელობის სამლოცველო – ქვის სახლაკი – მდებარეობდა, სადაც ყარაჩელები და ბალყარელები სალაშქროდ წასვლის წინ ლოცულობდნენ.

ელიას სახელობის დღესასწაულზე (Элия-той) გამართული რიტუალური ცეკვა (Элляры-Шоппагъан барыу), რომელშიც ელიას როლის შემსრულებელი ხმალშემორტყმული და ხელშუბიანი მოცეკვავე ჯაჭვის პერანგითა და მუზარადთ იმოსებოდა, თანხლებული იყო სიმღერით:

უა, უა, ელე, ელე,
შაქაჲ, შაქაჲ ელია,
შაქაჲ, შაქაჲ ელია,
მაჯვნივაც დაულეა, მარცხნივაც დაულეა,
ზეცაშიც დაულეა, მიწაზეც დაულეა,
უა-ა-ა ელიარი შოფა,
უა-ა-ა ელიარი შოფა.

ფერხულის შემდეგ მსხვერპლად შეწირულ ციკანს მოხარშავდნენ და იქვე შეჭამდნენ. ბოლოს შამანის (къымсачы) მონაწილეობით საწესო ცეკვას (Къымсагъа-барыу) ასრულებდნენ.

საგაზაფხულო ციკლის აგრარული დღეობის – საბან-თოჲს – დროს ახალმოხნულ მიწაზე გაჩაღებულ კოცონთან ახალშეუღლებულთათვის გაშლიდნენ ლოგინს, რომელზედაც პირველი ღამის ინსცენირება ხდებოდა (მიიჩნევდნენ, რომ ამ რიტუალით მინდვრის მოსავლიანობას გაზრდიდნენ). ამის შემდეგ ქალიშვილები პატარძალს წყლით წუწავდნენ და მღეროდნენ:

დე, ელია გწყალობდეს,
დე, შენი ახალგაზრდა სახე მანათობელი გახადოს,
სადაც ფეხი დაადგა – ბალახმა იხაროს,
სადაც გაივლი – მარცვალმა იხაროს.


ლიტერატურა

  • Клапрот Г.-Ю. Описание поездок поКавказу и Грузии в 1807 и 1808 годах. Нальчик, 2008;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Малкондуев Х. Х. Историко-этнографические истоки и функции осенне-зимних песен балкарцев и карачаевцев // Календарно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
  • Малкондуев Х. Х. Обрядово-мифологическая поэзия балкарцев и карачаевцев. Жанровые и художественно-поэтические традиции. Нальчик, 1996;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები