სენტ მორიცის ზამთრის V ოლიმპიური თამაშები (1948)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენტ მორიცის ყინულის მოედანი – მთავარი ოლიმპიური არენა

სენტ მორიცის ზამთრის V ოლიმპიური თამაშები − ზამთრის V ოლიმპიური თამაშები ჩატარდა შვეიცარიაში, სენტ მორიცში 1948 წელს (30იანვარი-8 თებერვალი).

ზამთრის V ოლიმპიური თამაშების პლაკატი

მეორე მსოფლიო ომმა ოლიმპიური თამაშები ორი ოლიმპიური ციკლით დააყოვნა – 1940 და 1944 წლების ოლიმპიადები აღარ ჩატარებულა. 12-წლიან პაუზას 1948 წლის ოლიმპიური თამაშები მოჰყვა, რომლის მასპინძლობაც, ისევე, როგორც 1928 წელს, შვეიცარიის სენტ მორიცმა ითავა. შვეიცარიელთა კანდიდატურის დაწინაურებას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ქვეყნის ნეიტრალიტეტმაც. ამასთან, სენტ მორიცის საოლიმპიადო არენა-ნაგებობები მეტ-ნაკლებად კვლავაც მწყობრში იყო და ყველაზე სწრაფად შეეძლო თამაშების ორგანიზება. ომგამოვლილ ქვეყნებს საამისოდ არც რესურსები გააჩნდათ და არც შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სახსრები. ასე რომ, ზამთრის თამაშების ჩასატარებლად საუკეთესო ვარიანტა 1946 წელს ერთხმად სწორედ შვეიცარიის კურორტი მიიჩნიეს.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია სენტ მორიცის ყინულის სტადიონზე

ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, სადაც არშემდგარ თამაშებს რიგითობა მაინც მიენიჭა, ზამთრის ოლიმპიადების შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ამიტომაც, სენტ მორიცის 1948 წლის თამაშები რიგით მეხუთეა და არა მეშვიდე, როგორც ეს იქნებოდა ზაფხულის შემთხვევაში.

წარწერის ტექსტი

ისტორიაში „აღორძინების თამაშების“ სახელით შესულ V ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ისევე, როგორც წინა ოლიმპიადას, 28 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ. ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად გამოჩნდნენ დანიის, ისლანდიისა და ჩილეს გუნდები, კორეისა და ლიბანის წარმომადგენლები კი საერთოდ ოლიმპიადებში სწორედ სენტ მორიციდან ჩაებნენ. ომის თაოსანი გერმანია და მისი მოკავშირე იაპონია თამაშებზე არ მიიწვიეს. პოლიტიკური პროტესტი მოჰყვა თამაშების მონაწილე ერთადერთი არაბული ქვეყნის, ლიბანის მხრიდან პალესტინის გუნდის შესაძლო გამოსვლას. საქმე ის იყო, რომ იმ დროს პალესტინა ფაქტობრივად ჩანასახში მყოფ ისრაელის სახელმწიფოს წარმოადგენდა და სრულად ებრაელი ათლეტებით იყო დაკომპლექტებული. მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, როდესაც პალესტინის გუნდმა მოსამზადებელი დროის უკმარისობის გამო თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ანრი ორეიე (საფრანგეთი)

საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წელს ანექსირებულ ესტონეთს, ლიტვას და ლატვიას 1992 წლამდე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოსვლის საშუალება აღარ მისცემიათ.

12-წლიან იძულებით პაუზას ახალი თაობის ათლეტების გამოჩენა მოჰყვა. თუმცა, იყო რამდენიმე იშვიათი გამონაკლისიც. სენტ მორიცის ზამთრის ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული გამოდგა შვეიცარიელი ჰოკეისტის, ბიბი ტორიანისთვის. მან 1928 წლის სენტმორიცულ ბრინჯაოს 1948 წლის ამავე ხარისხის ისევ სენტმორიცული მედალი შემატა, მანამდე კი, თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ოლიმპიური ფიცის დადების პატივიც ხვდა წილად. ასევე მეორე სენტმორიცული ვერცხლის მედალი მოიპოვა აშშ-ის ნაკრების მედროშემ ჯონ ჰიტონმა. მან სკელეტონში ასევე 20 წლის წინანდელი ოლიმპიური მიღწევა გაიმეორა.

სამთომოთხილამურეებს, რომელთა დებიუტიც 1936 წლის თამაშებზე კომბინაციაში გათამაშებული მედლებით შედგა, სენტ მორიცში ერთბაშად 3 დისციპლინაში მოუწიათ ასპარეზობა როგორც ვაჟებს, ისე ქალებს. გარდა ამისა, 1948 წლის თამაშებიდან 1980 წლის ჩათვლით, ოლიმპიურ სათხილამურო ასპარეზობებს მსოფლიოს ჩემპიონატის დატვირთაც ჰქონდა.

ფრანგი ანრი ორეიე აღმოჩნდა პირველი, რომელმაც სწრაფდაშვებასა და კომბინაციაში ოქროს, სლალომში კი ბრინჯაოს მედლებით ორმაგი სტატუსით მიაღწია წარმატებებს. ამასთან, ორეიემ სენტ მორიცში ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა. ქალებში ყველაზე წარმატებული იყო ავსტრიელი ტრუდე ბაიზერი, რომელმაც კომბინაციაში ჩემპიონობა მოიპოვა, სწრაფდაშვებაში კი მეორე ადგილზე გავიდა. ასეთივე შედეგები ჰქონდა ამერიკელ გრეტხენ ფრეიზერს – მან სლალომსა და კომბინაციაში შესაბამისად ოქროს და ვერცხლის ჯილდოები მოიპოვა.

ტრამპლინიდან ხტომაში შეუდარებელნი იყვნენ ნორვეგიელები, რომლებმაც სამივე ხარისხის მედალი მოიპოვეს, ხოლო ციგურებით რბოლაში ოთხიდან სამი ოქრო დაისაკუთრეს.

თხილამურებით რბოლაში უძლიერესნი აღმოჩნდნენ შვედები, რომლებმაც გათამაშებული მედლების 3 კომპლექტიდან 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვეს.

არაოფიციალურ საერთო ჩათვლაში 4-4 ოქროს, 3-3 ვერცხლისა და 3-3 ბრინჯაოს მედლით პირველად თანაზიარი შედეგი აღმოაჩნდათ ნორვეგიელებსა და შვედებს, რომლებმაც პირველი ადგილი გაიყვეს.



წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები