ქარუმიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:02, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ქარუმიძე

ქარუმიძე შალვა ალექსანდრეს ძე (1887, სოფელი თორტიზა, გორის მაზრა - 01.III.1952, ბერნი) - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

საშუალო განათლება თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღო. 1912 წელს დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. თბილისში დაბრუნების შემდეგ იყო ისტორიის პედაგოგი ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო ქართულ სემინარიასა და დედათა ინსტიტუტში. 1913 წლიდან, როგორც მიწვეული ლექტორი, სახალხო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიის საკითხებზე. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად. 1914 წელს ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის ყრილობამ მას საზოგადოების საბჭოს წევრობა მიანდო. მონაწილეობდა საქართველოში ჩამოყალიბებულ საქველმოქმედო საზოგადოების საქმიანობაში. იყო ამ საზოგადოების რწმუნებული ხევსურეთის საქმეებში.

თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „კლდესა“ და გაზეთ „საქართველოში“. მისი კორესპონდენციები იბეჭდებოდა ასევე ბერლინში გამომავალ „ქართულ გაზეთში“. შედიოდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თბილისის ფილიალის შემადგენლობაში, დაკისრებული ჰქონდა მეზობელ ერებთან თანხმობისათვის მუშაობა, მასვე ევალებოდა ევროპაში მოქმედ კომიტეტთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა. 1917 წელს ჩავიდა სტოკჰოლმში, სადაც შეხვდა კომიტეტის წევრებს. საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის შალვა ქარუმიძეს განთავისუფლების კომიტეტმა თავისი მთავარი ჯილდო - თამარ მეფის ორდენი მიანიჭა.

1917 წლის მაისში შალვა ქარუმიძე, როგორც ეროვნულ-დემოკრატთა დელეგაციის წევრი, დაესწრო გაერთიანებულ მთიელთა კავშირის პირველ ყრილობას კავკავში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი და მონაწილეობდა პარტიის პროგრამისა და წესდების შედგენაში. 1917 წლის ივნისში პარტიის დამფუძნებელმა ყრილობამ იგი ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია. ყრილობაზე წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ხაზგასმულია: „ჩვენ ისეთი დროშა უნდა ავაფრიალოთ, რომელიც უზენაეს იდეალამდინ მიგვიყვანს, მაგრამ ვეკრძალოთ კი, რომ დროშა იგი არ დაგვახრევინონ“. ედპ-ის სიით შედიოდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობაში და მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში (1917 წლის ნოემბერი). ეროვნულ საბჭოს გაფართოებისას, 1918 წლის 29 მაისს, ის საბჭოში შეიყვანეს. არჩეული იყო საბჭოს სამეურნეო-საგამგეო კომისიის წევრად. საქართველოს პარლამენტში წარმოთქვა სიტყვა საღვთო რჯულის სწავლების გაუქმების წინააღმდეგ. 1918 წლის სექტემბერში ედპ-დან გავიდა, შეუერთდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატიულ პარტიას (იგივე ეროვნული, იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია) და გახდა მისი თავმჯდომარის მოადგილე.

1920 წლის მაისში, საქართველოს დამფუძნებელი კრების მეორე დამატებითი არჩევნების შედეგად, ეროვნული პარტიის სიით ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატი მოიპოვა. აქტიურად მონაწილეობდა სასოფლო კოოპერატივებისა და ამხანაგობების ჩამოყალიბებაში. 1921 წლის თებერვალში მის მიერ ერწო-თიანეთში შედგენილი ფშავ-ხევსურთა რაზმი იცავდა თბილისს შემოჭრილი მტრისაგან. ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ ხანებში საზღვარგარეთ არ წასულა და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მუშაობაში ჩაერთო. შედიოდა ედპ-ის არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში. 1923 წელს ამ ორგანოს მინდობილობით კონსტანტინოპოლში ჩავიდა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოსათვის ჯარითა და იარაღით დახმარება სთხოვა. იმავე წელს ემიგრაციაში გაიხიზნა, ცხოვრობდა ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

აქტიურად იყო ჩაბმული ანტისაბჭოთა საქმიანობაში. შედიოდა ედპ-ის კონსტანტინოპოლის ბიუროს შემადგენლობაში. 1926 ემიგრანტ ვ. სადათიერაშვილთან, მაღალი თანამდებობის გერმანელ მოხელეებთან, საერთაშორისო ფინანსური წრეებისა და ბანკების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა ყალბი საბჭოთა ჩერვონცების დაბეჭდვის ოპერაციაში, რომელიც მიმართული იყო სსრ კავშირის ეკონომიკური დასუსტებისაკენ. საბჭოთა მართლმსაჯულებამ დაუსწრებლად დახვრეტა მიუსაჯა, ხოლო გერმანიის სასამართლომ, რომლის პროცესი 1930 წლამდე გაგრძელდა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ამნისტიით შეწყვიტა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შეცვალა და ორი წლითა და ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ამ დროს ის უკვე შვეიცარიაში იმყოფებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებაც ქაღალდზე დარჩა. გერმანიაში ნაცისტური მმართველობის დამყარების შემდეგ, 1934 ეს განაჩენი საერთოდ გაუქმდა, ხოლო შალვა ქარუმიძეს „მესამე რაიხში“ ცხოვრების უფლება მიეცა. იყო გერმანიის ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის გაზეთ „კლდის“ რედაქტორი (გამოიცემოდა ბერლინში 1934-1936 წწ.), რომლის პირველი ნომრის მოწინავეში წერდა: „ქართველი ერის ხსნა, მისი გამარჯვებისა და დიდებისკენ სვლა ქართულ ნაციონალიზმში უნდა ვეძიოთ. ამიტომ სწორედ ქართული ნაციონალიზმი უნდა გავიხადოთ ჩვენი ბრძოლის დროშად“. დაკავშირებული იყო ჰ. ბამატის პარიზულ ჟურნალ „კავკასიის“ ქართულ რედაქციასთან, ასევე 1934 წელს საფრანგეთში შექმნილ კავკასიის ხალხთა კონფედერაციასთან. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ კვლავ შვეიცარიაში გადავიდა. ჰყავდა მეუღლე ანა ზოლოტარსკაია და ქალიშვილი - თინა. გარდაიცვალა ბერნის სულით სნეულთა სამკურნალოში. დაკრძალულია ბერნშივე.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • ქართველები უცხოეთში: წგნ. I (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი), თბ., 2012;
  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. VI, თბ., 2005;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები