ხოშტარია აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ხოშტარია

აკაკი ხოშტარია - (1873-1932) ქართველი ფინანსისტი, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა 1873 წელს სამეგრელოში, აბაშასთან ახლოს, სოფელ სუჯუნაში, ტახტის აზნაურის ოჯახში, სადაც ბევრი სამღვდელო პირი იზრდებოდა თაობების მანძილზე. აკაკის მამა დადიანების მოურავი, მეთოდე, მეთო ხოშტარია განაგებდა მაშინდელი სამეგრელოს სადადიანოს მეურნეობას და ცნობილი იყო თავისი სიდინჯითა და გონიერებით. დედა - ვარდიკო ავალიანი, საკმაოდ წიგნიერი და განათლებული ქალი ყოფილა. აკაკი დედ-მამის სამი შვილიდან შუათანა იყო. უფროსი ძმა გიორგი, რომელსაც განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული, სპეციალობით მათემატიკოსი იყო და ათეული წლების მანძილზე სხვადასხვა ქალაქის გიმნაზიებში ასწავლიდა. უმცროსი და - ანა, რომელიც 1879 წელს იყო დაბადებული, გათხოვდა გიორგი ჭყონიაზე. იგი ოზურგეთის გიმნაზიაში მასწავლებლად მსახურობდა და 1928 წლიდან ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

თვითონ აკაკიმ სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი დაამთავრა სანკტ-პეტერბურგში. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი იყო გაგრაში - პრინც ოლდენბურგთან სუპერ-ინტენდანტად. მან დაგეგმა და მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას მთელს შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. შემდეგ მისი უშუალო დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით გაშენდა ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი.

ფოთში სამსახურის დროს მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე - მინადორა ეგნატეს ასული თურქია, რომელმაც ღირსეული მეუღლეობა, მეგობრობა და თანადგომა გაუწია აკაკის მთელი სიცოცხლის მანძილზე და დიდი როლიც ითამაშა მისი რთული კომერციული საქმიანობის წარმატებებში.

მინადორა თურქია დაიბადა 1881 წელს დიდი მრეწველის, ფოთის სახელმწიფო ბანკის მმართველის ოჯახში. მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო, ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთთანც.

აკაკი ხოშტარია სუფთა პრაქტიკულ, რაციონალურ აზროვნებასთან ერთად, ყოველთვის ავლენდა ცხოვრებისადმი მიდგომაში დახვეწილ, ფაქიზ ბუნებას, რაც გამოიხატებოდა როგორც პირად იერში (ჩაცმულობა, მანერები), ასევე, მის ცხოვრების წესსა და სტილში, ადამიანებთან ურთიერთობაში, და, რაც მთავარია, იმ ემოციურ, აზარტულ გატაცებაში, რომელსაც ის ეძლეოდა თავის საქმეში.

სამეწარმეო საქმიანობა

მებაღე-დეკორატორად 10 წლის მუშაობის შემდეგ, აკაკი ხოშტარია მსხვილ მრეწველ-კაპიტალისტად გვევლინება. აკაკის სავაჭრო საქმიანობის დაწყებას, ქ-ნ თ. კვაჭაძის გადმოცემით, ერთმა შემთხვევამ შეუწყო ხელი: ახალგაზრდობაში იგი ფოთში მეგობრობდა მეწვრილმანე ვაჭარ, ვინმე ზოდელავასთან. ერთხელ მეგობრებმა გადაწყვიტეს სავაჭრო გემით ნავთი წაეღოთ ოდესაში სარეალიზაციოდ, მაგრამ ტუაფსეში ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემი თურქეთში გაიტანა, სადაც ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. ამის შემდეგ ზოდელავა თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, ხოლო აკაკი ბაქოში წავიდა და ნავთის სარეწები იყიდა. ამავე პერიოდში მან ბათუმში შეიძინა აქციები და ხელი მიჰყო სერიოზულ კომერციულ საქმიანობას.

აკაკი ხოშტარიას ძირითადი სამეწარმეო ასპარეზი ირანი იყო. იგი საკმაოდ დაახლოებული პირი ხდება სპარსეთის შაჰის კარზე. ასევე, მდიდარ და გავლენიან პირად ითვლებოდა მთელს ირანში. ბერლინში გამომავალი რუს-დემოკრატთა ყოველდღიურ გაზეთ - „რული”-ს ჟურნალისტი, ვინმე ვლადიმერ ნემგინსი, 1924 წელს თავის წერილში აკაკი ხოშტარიას მოიხსენიებს, როგორც „ირანის უგვირგვინო შაჰს” და პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, როგორც „საქართველოსა და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივ მფლობელს”.

წარწერის ტექსტი

აკაკი ხოშტარიას სავაჭრო კომბინაციები და კომერციული გეგმები ერთი შეხედვით ფანტასტიკურად შეიძლება მოგვეჩვენოს, თავისი საოცარი წარმატებებით. მაგრამ ყველაფერ ამის უკან დგას პიროვნება თავისი ემოციური და არტისტული გამოვლინებებით, რომელიც დაუღალავად მიიწევდა წინ, მიუხედავად ცხოვრებაში ხანმოკლე წარუმატებელი მომენტებისა. იგი ქართული ბუნების მატარებელია. მრავალ მოგონებაში, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავენ და საუბრობენ მასზე, არა როგორც მდიდარ, ფულიან მრეწველზე, რაც ფაქტია, არამედ, მის არაჩვეულებრივ კეთილშობილებაზე, ქართულ გულზე, სიკეთეზე, მოყვასის სიყვარულზე და ყურადღებაზე, რითაც იგი ახლობლებზე და გარშემო მყოფ ადამიანებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა.

პირველი მსოფლიო ომის წინ, აკაკიმ ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია, სადაც გაერთიანდნენ ნავთობის ინდუსტრიის ცნობილი მრეწველი-კაპიტალისტები. დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერს: - „ბაქოში მამაჩემი დაუკავშირდა ქართველების დიდ ჯგუფს, რომლებიც ნავთობის წარმოების სისტემაში მუშაობდნენ. ამ ჯგუფს სათავეში ედგა აკაკი ხოშტარია, იმ დროის საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო” (Русско-персидское нефеяное товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რომლის მსგავსიც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ - მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია.”

ასევე, 1913 წელს აკაკი ხოშტარიამ დადო 99 წლიანი კონტრაქტი ჩრდილოეთ ირანის მიწათმფლობელებთან, ასტარადან ფეჰლევამდე, დააარსა კომპანია „პერსლესი”, რომლის კაპიტალი შეადგენდა რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს. ააშენა თავისი საკუთარი საამქროები, ელექტრონით მოქმედი ქარხნები და სპეციალური სარკინიგზო ხაზი - „ტალრუდი”, ხის მორების გადასაზიდად. ეს რკინიგზის ხაზი ირანისთვის იყო პირველი.

1914 წელს აკაკიმ დააარსა სატრანსპორტო კომპანია თეირანსა და ფეჰლევს შორის. იგი იყო პირველი, რომელმაც ავტომობილი „ფორდი” შემოიყვანა ირანში, რომელსაც ოქროს ფრთები ჰქონდა სამკაულად. მან ეს მანქანა საჩუქრად მიართვა აჰმედ შაჰს.

1916 წელს ხოშტარიამ მიიღო კონცესიები მიწისქვეშა საკუთრების ექსპლუატაციაზე, რომელიც გულისხმობდა მინერალების, ნავთობისა და სხვა წიაღისეულის მოპოვებას ჩრდილოეთ ირანში აზერბაიჯანის ჩათვლით. მან, ასევე, დადო ხელშეკრულება ბრაიტონ ფ. ფ. ლიჩთან, რომელსაც ლონდონში უნდა დაეარსებინა კომპანია 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ძირითადი კაპიტალით. მაგრამ, რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ გააუქმა ყველა ის კონცესიები, რომელიც ირანელების მიერ რუსი ქვეშევრდომებისადმი იყო მიცემული ცარიზმის დროს.

რევოლუციის შემდეგ აკაკი ემიგრაციაში წავიდა პარიზში და 1923 წელს დაბრუნდა თეირანში. ამავე წელს მან მიიღო კონცესიები ნავთობის ექსპლუატაციისთვის სემნანში და დააარსა კომპანია „ქავირეხურიან”. ამ კომპანიის უდიდესი ნაწილი ეკუთვნოდა აკაკის, ნაწილი - სხვა კერძო პირებს, რომელთა შორის იყვნენ ირანელებიც, დანარჩენი კი საბჭოთა მთავრობას, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ აძლევდა უფლებას რომელიმე თავის ქვეშევრდომს მონაწილეობა მიეღო ირანის კონცესიებში, თუ თვითონ არ მიიღებდა წილს. დაიწყო კვლევითი სამუშაოები სემნანში, მაგრამ აკაკის გარდაცვალების შემდეგ (1932წ.) მისი წილი ავტომატურად გახდა ირანის მთავრობის საკუთრება.

აკაკი ხოშტარიამ დააარსა, აგრეთვე, თეირანის რუსულ-ირანული ბანკი და კომერციული სახლი - „რუპეტო”. 1926 წელს ორივე ორგანიზაცია ხელში ჩაიგდო საბჭოთა მთავრობამ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქონებისა, აკაკის ირანში ჰქონდა საკუთარი რკინიგზა მატარებლებით, მონოპოლია ხე-ტყის, საპნის, ბრინჯის წარმოებაზე, თევზის სარეწები, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და, რაც მთავარია, იყო ჩრდილოეთ ირანის ნავთობის კონცესიებისა და მთელი ამ ტერიტორიის მიწების კერძო მფლობელი, რომელიც მან შეისყიდა მოჰამედ ალი-შაჰის პირველი მინისტრის, სპასალარის, პროვინცია გილანის მმართველ მოჰამედ ვალი ხანისგან.

აკაკის ხელში იყო აგრეთვე, კასპიისპირა ქალაქ ენზელის ელექტროფიკაციაც, სადაც სერიოზულ კონკურენციას უწევდა ინგლისელებსა და ამერიკელებს. ის მნიშვნელოვანი კაპიტალის მფლობელი იყო თბილისშიც, ჰქონდა თავისი საწარმოები: მექანიკური ქარხანა, სამიწათმოქმედო მანქანების ფაბრიკა, საპნის ქარხანა და სხვა, რომლებსაც საქართველოს სსრ რევოლუციური კომიტეტის 1921 წლის 30 ივნისის დადგენიებით ჩაუტარდა ნაციონალიზაცია.

საარქივო დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ 1917 წლის 5 მარტს შედგა ა/კ-ის ბანკის დამფუძნებელი სხდომა, რომელსაც 233 აქციონერი დაესწრო და რომელმაც ბანკის გამგეობის პირველ თავმჯდომარედ იასონ ლორთქიფანიძე აირჩია. ბანკის ძირითადი კაპიტალი დაარსების დღისთვის შეადგენდა 3 მილიონ მანეთს, ხოლო საბჭოში, სხვა ცნობილ ფინანსისტებთან ერთად, აკაკი ხოშტარიაც შედიოდა.

აკაკი დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი საიმედო ეკონომიკური მფარველია, რომელიც მაქსიმალურ დახმარებას უწევდა ქართველ ერს მთელი სამი წლის მანძილზე. დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინაშე მდგომ სხვა სერიოზულ პრობლემებთან ერთად, საჭირო იყო, რაც შეიძლება მოკლე დროში სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნა. დიდი წვალების შემდეგ საქართველომ ამერიკაში შეიძინა ორი „ლინკორ”-ის ტიპის ჩამოწერილი გემი და ორი ასეთივე გემი იტალიაში. ამერიკაში ნაყიდ გემებს დაარქვეს „პრეზიდენტი ჟორდანია” და „საქართველო”, ხოლო იტალიაში ნაყიდს - „თამარ მეფე” და „რუსთაველი”. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის მილიონერ მეცენატ აკაკი ხოშტარიას, რომელმაც თავისი სახსრებით შეიძინა ეს გემები და თვითონვე ჩამოიყვანა საქართველოში.

აკაკი ხოშტარიას მიერ დაარსებულმა კომპანიებმა და თურქულ-სპარსულმა „ხოშტარიას ბანკმა” ურთულესი სავაჭრო კომბინაციებით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სავაჭრო წრეები დააინტერესა. მისი პიროვნების როლი სცილდება ჩვეულებრივი ნიჭიერი და წარმატებული მეწარმის მასშტაბებს. ის, საერთოდ, XX საუკუნის პირველი მესამედის ერთ-ერთ თვალსაჩინო ფიგურად გვევლინება.

აკაკი ხოშტარია მოკლე დროში აღწევს საოცარ წარმატებებს. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი მოღვაწეობა პოლიტიკურად რთულ პერიოდს დაემთხვა - პირველ მსოფლიო ომს, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ წლებსა და მის ანექსიას რუსეთის მიერ. იგი ფიქრობდა და ყველანაირად ცდილობდა დახმარებოდა ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოს, არ უნდოდა ურთიერთობის გამწვავება საბჭოთა რუსეთთან, რათა მისი მეშვეობით საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარება გაეწია. როცა საბჭოთა ქვეყანას აკლდა პური, აკაკის სთხოვეს დახმარება და მან დააარსა კომპანია, - „ხოშტარია - საბჭოთა კავშირის ურთიერთობა”, - პირადად იცნობდა ლენინს. თავისი ვალუტით ყიდულობდა პურს ირანში, აგზავნიდა ბაქოში და შემოტანილი პური ცნობილი იყო „ხოშტარიას პურის” სახელწოდებით.როგორც ირკვევა, ბოლშევიკებმა მას მათთვის დამახასიათებელი სივერაგით უპასუხეს, _ არ გადაუხადეს შეპირებული თანხა და ეს ფაქტი საერთაშორისო მასშტაბით რომ არ გახმაურებულიყო, უნდა დაეჭირათ. მაგრამ აკაკიმ ბაქოში მიიღო ბუდუ მდივნის საიდუმლო დეპეშა, რათა ბაქოდან გაქცეულიყო საზღვარგარეთ.

ირანში ცხოვრების დროს, ასევე, კონსტანტინოპოლშიც აკაკის თან წაყვანილი ჰყავდა ძმა - გიორგი, მრავალრიცხოვანი ნათესავები, ახლობლები, რომლებსაც მისთვის დამახასიათებელ სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებდა. ამათგან აღსანიშნავია ალექსანდრე სხირტლაძე, რომელიც შემდგომში ირანის სამთომაღაროების მმართველი გახდა, ასევე, იასონ ჩაჩავა, რომელიც 37 კოლხთან ერთად ჩაიყვანა აკაკიმ ირანში და თავის სხვადასხვა ობიექტებზე ამუშავებდა; მისი მეუღლის ბიძაშვილი იყო ვალოდია თურქია, რომელიც მოგვიანებით ირანის ჯანმრთელობის მინისტრი გახდა.

1925 წელს დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუციის დაცვით რეზა ხანს გადასცა შაჰის უზენაესი უფლება და დაუმტკიცა მის შვილს მემკვიდრეობა. პირველ დღეებში მას ბევრი ნადიმი გაუმართეს და მიართვეს ძვირფასი საჩუქრები. აკაკი ხოშტარიამ მარმარილოს ქანდაკებები მიართვა, რომელიც იტალიიდან ჩამოიტანა. შაჰმა მადლობა ასე გადაუხადა: - „მე ჯერ ისეთი სახლი არა მაქვს, რომ ამათი შესაფერისი იყოს. ავაშენებ ახალს, დავალაგებ და სიამოვნებით მოგიწვევ პირველ ნადიმზეო...”

უსასრულოდ შეიძლება საუბარი აკაკის პიროვნებაზე, მის დიდ ეროვნულ საქმეებზე, პიროვნულ მიმზიდველობაზე, მის სტუმართმოყვარეობითა და სიკეთით სავსე ოჯახზე, სადაც თავს იყრიდნენ საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოლიტიკური ლიდერები, ფართო ინტელიგენცია.

ქველმოქმედება

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი გამორჩეული ყურადღება და მზრუნველობა მასთან დახმარებისთვის მისული ადამიანების მიმართ, ქველმოქმედება და მეცენატობა. აკაკი ნამდვილ მამობრივ მზრუნველობას უწევდა ქართველ ახალგაზრდობას, ვისაც განათლების მიღების სურვილი ჰქონდა და საამისოდ ეკონომიკური საშუალება არ გააჩნდა. მის პირად ხარჯზე საზღვარგარეთ სწავლობდნენ ქართველი სტუდენტები, მათგან ბევრი მოგვიანებით ცნობილი მეცნიერი გახდა. მაგ.: სერგი დანელია, მათე მირიანაშვილი, მიხ. საბახტარაშვილი ცნობილი ინჟინრები: ჟორჟიკა კეშელავა, კუჭი ალანია, ძმები მელიები და ბევრი სხვ.

მანვე ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის. საქართველოში ახლად შექმნილ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან გამოუგზავნა რვა ათასი მანეთი. საფრანგეთში შეიძინა ლადო გუდიაშვილისა და ცნობილი კუბისტის, ანდრე ლოტის სურათები და საჩუქრად გადმოუგზავნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს.

1918 წელს თბილისელმა ქართველობამ სპარსეთში მყოფ აკაკის შეატყობინა, რომ საჯარო აუქციონით უნდა გაყიდულიყო ცნობილი ქართველი კაპიტალისტისა და საზოგადო მოღვაწის - დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი სერგეევის (ამჟამად მაჩაბელის) ქუჩაზე და სთხოვა შეეძინა იგი. ეროვნული ინტერესების შესაბამისად ქართველებს სურდათ, რომ აღნიშნული შენობა, რომელიც თავისი ისტორიითა და არქიტექტურული მნიშვნელობით დიდ ფასეულობას წარმოადგენდა, ქართველების ხელშივე დარჩენილიყო. მართლაც, იმავე წელს აკაკი ჩამოვიდა თბილისში და შეისყიდა ეს სახლი. ახალი, ძვირფასი ნივთებით გაწყობილ სასახლეში 1919 წელს მან დიდი ბანკეტი გადაიხადა, სადაც თავი მოუყარა მაშინდელ მოწინავე ქართულ საზოგადოებას. ამ ბანკეტს სასახლის წინ, ქუჩაში იცავდა ქალაქის ჟანდარმერიის უფროსი აპოლონ ურუშაძე.

ემიგრაციაში

მოგვიანებით, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის პერიოდში, აკაკიმ საბოლოოდ გადაწყვიტა ემიგრაციაში გამგზავრება და მან ეს სასახლე საჩუქრად დაუტოვა მთელ ქართველ ერს იქ დაცულ უძრავ-მოძრავ ქონებასთან და ძვირფას ანტიკვარულ ნივთებთან ერთად, რათა იქ მოეწყოთ ხელოვანთა სასახლე.

აკაკის მეუღლე და ერთგული მეგობარი, ქალბატონი მინადორა თურქია-ხოშტარია გარდაიცვალა 1924 წელს ინფარქტით. როგორც გადმოგვცემენ, გარდაცვალების დღეს, მას შემთხვევით გაუშლია კარტი და მოსვლია ყვავის ცხრიანი, რაც სიკვდილს ნიშნავს. მართლაც, იმავე საღამოს ავტომანქანით მგზავრობისას იგი გარდაიცვალა. ქ-ნი მინადორა დაკრძალულია თეირანის მართლმადიდებელთა სასაფლაოზე, აკაკის მიერ ზღაპრულად აგებულ აკლდამაში. მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების მიერ. აკლდამას გადაფარებული აქვს (სურათების მიხედვით) ფარჩა, რომელზედაც ირანული ოსტატების ხელით ამოქარგულია ყვავის ცხრიანი, ოთახის კედლები მოჭედილია ძვირფასი ხატებით, სურათებით. ეს ადგილი წარმოადგენდა აკაკის მოსასვენებელ ადგილს. აღნიშნული აკლდამა და მთელი მართლმადიდებელთა სასაფლაო შესულია თეირანის ისტორიულ კულტურულსანახაობათა საექსკურსიო სიაში. თავისთავად იგი წარმოადგენს ქართული კულტურის ძეგლს თეირანში.

საინტერესოა ერთი ფაქტიც: აკაკის მთელი ცხოვრების მანძილზე ჰყავდა პირადი მდივანი - ა.ნ. ანიბალი, ა. ს. პუშკინის შთამომავალი, საოცრად განათლებული პიროვნება, აღმოსავლეთის ქვეყნების მცოდნე. მან იცოდა 14 ენა.

აკაკი ხოშტარია გარდაიცვალა 1932 წელს პარიზში - 59 წლის ასაკში, დაკრძალულია პერლაშეზის სასაფლაოზე. იგი წლების მანძილზე ავადმყოფობდა დიაბეტით, იმყოფებოდა პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ერთხელ, სადილობისას შემთხვევით გადასცდა ლუკმა (ღომის ქერქი), რომელმაც სასულე გაუკაწრა და სისხლდენისგან გარდაიცვალა.

აკაკის და მინადორას საკუთარი შვილი არ ჰყოლიათ. მათ იშვილეს გოგონა - მუსინკა, რომელიც პარიზში გათხოვდა მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე. მათ შეეძინათ ქალიშვილი თამარი. ამჟამად იგი მამასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს.


წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

იხილე აგრეთვე

აკაკი ხოშტარია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები