აბღარხუქი
აბღარხუქი – (ინგლ. Abgarkhuki, რუს. Абгархуки), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გუდაუთიდან 10 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს შავი ზღვიდან 3 კმ-ში, მდინარე ააფსთის (მდინარე ბაკლანოვკა) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 150 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია.
ჰავა – სუბტროპიკული და ნოტიო. ზამთარი რბილია და უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5°C. ზაფხული თბილია და ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,1°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 75%-ს, ნალექების წლიური რაოდენობა – 1823 მმ-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა – 2080-2140 საათს წელიწადში.
აბღარხუქის მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია მარადმწვანე კოლხური ტყე, ქართული მუხა, რცხილა, წიფელი, ცაცხვი, წაბლი და სხვ. ქვეტყეში გვხვდება: შქერი, ბაძგი, თაგვისარა, ბზა და სხვ.
აბღარხუქის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ჰაერი; ზღვის წყალი და მინერალური წყალი. ეს წყალი მოიპოვება აბღარხუქის მიდამოებში, ზღვის დონიდან 230 მ-ის სიმაღლეზე და არის სუსტი მინერალიზაციის (4,0 გ/დმ3), სუსტად ტუტე, გოგირდწყალბადიანი (სულფიდური), ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი.
აბღარხუქის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია: თალასოთერაპია ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ. მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები ამ წყლიდან.
სავარაუდო ჩვენებები აბღარხუკში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები აბღარხუქსა და მის მიდამოებში
ამბარის კომპლექსი მართლმადიდებლური ბაზილიკითა და ძველი სასახლით (VIII-IX საუკუნეები); მართლმადიდებლური ეკლესია ივერიის მთაზე, ახალი ათონის მიდამოებში (IX-X საუკუნეები); მოციქულ სვიმეონ კანანელის სახელობის მართლმადიდებლური გუმბათიანი ეკლესია ახალ ათონში (IX-X საუკუნეები); რიწის ტბა; ახალი ათონის მღვიმე და სხვ.).