აჭანდარა
აჭანდარა – (ინგლ. Achandara, რუს. Ачандара), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გუდაუთიდან 18 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, შავი ზღვიდან 13 კმ-ში, მდინარე ჭბაართსა და მდინარე დოხურთს შორის, ზღვის დონიდან 150 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი დაბლობი.
ჰავა – შავი ზღვის სუბტროპიკული, ნოტიო. ზამთარი რბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,2°C . ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,6°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 70%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობაა 1500 მმ.
აჭანდარისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე შემორჩენილია: მურყნის, ოფის, ტირიფისა და სხვა ლიანებიანი ტყეები. აღნიშნული ტერიტორია შემოსილია მარადმწვანე კოლხური ტყით (ქართული მუხა, რცხილა, წიფელი, ცაცხვი, წაბლი და სხვ.). ამ ტყის ქვეტყეში გვხვდება: შქერი, ბაძგი, თაგვისარა, ბზა და სხვ. ბევრია ლიანები (სურო, ეკალღიჭი, კატაბარდა, ღვედკეცი, სვია).
აჭანდარის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბთერმული მინერალური წყლები; სუბტროპიკული ჰავა და ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი.
აჭანდარისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე მდებარეობს მინერალური წყლების 3 გამოსავალი. ერთი გამოსავლის წყალი (ჭაბურღილი №35) არის სუსტი მინერალიზაციის (M-2,21 გ/დმ3) მეთანიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, მეორე გამოსავლის წყალი – დაბალი მინერალიზაციის (M-5,3 გ/დმ3) მეთანიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი. მესამე გამოსავლის წყალი სუსტი მინერალიზაციის (M-1,83 გ/დმ3) ქლორიდულ-სულფატურ- ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალია.
აჭანდარის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია: ქლორიდულ-სულფატურ-ჰიდროკარბონატული მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და გამორეცხვები, შესხურებები და ინჰალაციები ამ წყლით; მეთანიანი მინერალური წყლების აბაზანები; პასიური კლიმატოთერაპია.
სავარაუდო ჩვენებები აჭანდარაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებები; შაქრიანი დიაბეტის ინსულინდამოუკიდებელი ფორმა; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; კანის, შარდ-სასქესო ორგანოების, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემების პათოლოგიები.