გობეჩია მელიტონ
მელიტონ გობეჩია − (1878-1914), ქართველი პედაგოგი, პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, რევოლუციონერი
სარჩევი |
ბიოგრაფია
მელიტონ გიორგის ძე გობეჩია დაიბადა 1878 წლის 9 აგვისტოს ზუგდიდის მაზრის სოფელ ჭაქვინჯში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. დედის, მელანია ხორავას მეშვეობით მან შეისწავლა წერა-კითხვა, ოჯახმა კი, სადაც ჯერაც არ გამქრალიყო ქართული მწერლობისა და „ვეფხისტყაოსნის“ კულტი, მას შთააგონა პოეზიისადმი სიყვარული.
თავდაპირველად იგი მშობლებმა სოფელში არსებულ სამრევლო სკოლას მიაბარეს, ხოლო 12 წლის მელიტონი სწავლას აგრძელებს ზუგდიდის ორკლასიან, ე.წ. ნორმალურ სასწავლებელში. 1894 წელს სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ სასწავლებლად გადადის დაბა ხონში არსებული ქუთაისის საოსტატო სემინარიაში.
1906 წელს მელიტონ გობეჩია სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა საფრანგეთში და ჩაირიცხა პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარიზში ჩასვლისთანავე ფრანგული ენის ღრმად შესწავლას შეუდგა. ამ მიზნით ქალაქის განაპირა უბანში მცხოვრები ფრანგის ოჯახში დასახლდა და მიზნად დაისახა, მოკლე დროში (დაახლოებით 3–4 თვეში) ისე დაუფლებოდა ენას, რომ ლექციების მოსმენა შეძლებოდა. მართლაც, უკვე სექტემბერში სტუდენტი გახდა და ამავდროულად გერმანული ენის მასწავლებელიც აიყვანა, ამ ენაშიც მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
მელიტონი სწავლას მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად განსაკუთრებით ეწაფებოდა, ამ დროის განმავლობაში იგი არ ერიდებოდა არავითარ ფიზიკურ შრომას და შეუპოვრად აგრძელებდა გზას თავისი მიზნისკენ. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ის სორბონის უნივერსიტეტის ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და ავტორიტეტით სარგებლობდა იქაურ სტუდენტებს შორის. სირთულეების მიუხედავად, მელიტონმა არ მიატოვა თავისი სანუკვარი ოცნება - უმაღლესი განათლების მიღება. პარიზში სწავლის პერიოდში მელიტონ გობეჩია აქტიურად მონაწილეობდა ქართული კულტურული ცხოვრების ორგანიზებაში: აწყობდა ქართველ სტუდენტურ საღამოებს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილს შეჰქონდა უცხოეთში ქართული ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებაში.
1909 წელს აკაკი წერეთელი სტუმრობდა პარიზს. 2 დეკემბერს მის პატივსაცემად გამართულ საღამოს ესწრებოდა მელიტონ გობეჩია და მისასალმებელი სიტყვითაც გამოვიდა.
1910 წელს მელიტონ გობეჩიამ სორბონის უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა და სამშობლოსაკენ მოისწრაფვოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, იქ ფარულად ცხოვრება მოუწევდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის სამშობლოს განშორდა თავის უბის წიგნაკში წერდა: „ძვირფასო სამშობლოვ, ვგრძნობ ჩემს მოუმზადებლობას… ამიტომ დროებით გშორდები და მივალ უცხო ქვეყანას, რათა შესაფერი ცოდნით აღვიჭურვო, რომ შემდეგ დავბრუნდე და უფრო ნაყოფიერად გემსახურო!“. და მართლაც, როცა ცოდნით აღჭურვილი სამშობლოსაკენ მოდიოდა, მეგობრებმა მას არ ურჩიეს წამოსვლა - იქ შეიძლება ციხე და ბორკილი არ აგცდესო, რაზეც მელიტონმა უპასუხა: - „სამშობლო ტკბილია და მისთვის ბორკილების ტარებაც სანეტაროა“. 1910 წელს სამშობლოში დაბრუნებული მელიტონი მეგობრებმა დიდი სიყვარულით მიიღეს. იგი მაშინვე აირჩიეს „სახალხო გაზეთის“ რედაქტორად. მართალია, როგორც არალეგალურად მყოფს, მელიტონს გაზეთზე რედაქტორის ადგილას ხელის მოწერა არ შეეძლო, მაგრამ ფაქტიური რედაქტორი ის იყო. გამოჩენილი მწერლები და პოეტები: ლეო ქიაჩელი, ს. შანშიაშვილი, ი. გრიშაშვილი და სხვანი მისი უახლოესი თანამშრომლები იყვნენ. ამ პერიოდში გაზეთი უფრო შინაარსობრივი გახდა, ლიტერატურულ-მხატვრულ მასალებითაც გამდიდრდა და ენობრივადაც ძლიერ დაიხვეწა. თუმცა მელიტონის ეს ნაყოფიერი და სასარგებლო მუშაობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1911 წლის აგვისტოში ჟანდარმთა სამმართველომ მას მიაგნო და დააპატიმრა.
პედაგოგიური მოღვაწეობა
1897 წლის 1 სექტემბერს 19 წლის მელიტონ გობეჩია მასწავლებლად დაინიშნა სოფელ გომარეთის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში, სადაც ის 3 სასწავლო წელს მოღვაწეობდა. ამის შემდეგ იგი გადავიდა ონის ორკლასიან სკოლაში, სადაც მან 3 წელი დაჰყო. 1903-04 სასწავლო წლისათვის კი თბილისის გარეუბნის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია.
მელიტონ გობეჩია იყო იმ დროისთვის მოწინავე მასწავლებელი, რომელმაც დაიწყო ბრძოლა მშობლიური ენის სწავლების, დაცვისა და სიწმინდისთვის. ის ითხოვდა შემდგარიყო „ქართული ენის აღმდგენელი საზოგადოება“, რომელიც შეკრებდა სიტყვებს და შეადგენდა ქართული ენის სრულ ლექსიკონს. 23 წლის მელიტონ გობეჩია პრესაში წერდა მტკიცე ნორმებით განსაზღვრული ქართული ენის გრამატიკის უქონლობაზე, ერთიანი საერთო ენის დაუდგენლობაზე, ქართული სალიტერატურო ენის შეუმუშავებლობაზე. იგი ხედავდა აერთიანი მართლწერის შემუშავებისა და დადგენის უცილებლობას. საჭიროდ მიიჩნევდა, რომ მწერლებსა და ჟურნალისტებს ეკისრათ ეს დიდი საქმე და შეექმნათ ზოგადი სამეცნიერო ტერმინოლოგია. ენის გასამდიდრებლად საჭიროდ მიიჩნევდა ძველი მწერლობისა და ხალხური შემოქმედების შესწავლას და გამოკვლევას, ამ ნაშრომთა გამომზეურებას და ფართო საზოგადოებისათვის მიწოდებას. მელიტონი წერდა: „რამდენი თქმულება და ზეპირგადმოცემებია ხალხში გაფანტული, მაგრამ ამ საუნჯეს შემკრები და სისტემატურად დამლაგებელი არავინ არის. ძველი ხელთნაწერები ლპება კერძო ოჯახებსა და ეკლესია-მონასტრებში. მრავალი ძვირფასი და საგულისხმო წიგნი ინახება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ წიგნთსაცავებში, ხოლო ვინაა დამბეჭდავი და გამომქვეყნებელი? და აი შედეგი ჩვენი დაუდევრობისა: იმის ნაცვლად, რომ ქართული ენა გაიწმინდოს და ნამდვილი ეროვნული ელფერი მიიღოს, თანდათან უფრო ირყვნება და ივსება „რუსიციზმებით“ და „გალიციზმებით“. რა უჭირდა რომ შემდგარიყო „ქართული ენის აღმდგენელი საზოგადოება“, რომელიც შეეკრებდა ქართულ სიტყვებს და შეადგენდა სრული ლექსიკონს? აკი არსებობს მაგალითად, „მცხეთის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტი“. - თუ კი ტაძრებსა და მონასტრებს სჭირდება აღშენება და განახლება, მით უფრო ენას სჭირდება აღორძინება. ნეტავ სად არის ან რას შვრება ჩვენი საზოგადოება? რატომ არ ეპატრონება თავისი ქვეყნის შვილთა ნამოღვაწარს, რათ არ გაიცნობს და არ შეისწავლის წარსულ დიდების ნაშთებს? ესა და ამგვარი კითხვები უნებურად გებადებიან, „მაგრამ გულშივე უხმოდ კვდებიან.”
განსაკუთრებით დიდია მელიტონ გობეჩიას, როგორც ერთ-ერთი მოწინავე დიდაქტიკოსის როლი საქართველოში. იგი მტკიცედ მისდევდა იმდროისათვის გამოჩენილი რუსი პედაგოგის, „რუსული პედაგოგიკის მამის“ კონსტანტინე უშინსკისა და იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიურ მოძღვრებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპად ეროვნული განათლების იდეა ესახებოდა, რომლის მიხედვითაც სწავლება უნდა ეყრდნობოდეს ხალხის ენასა და კულტურას. სწორედ ამიტომ, მელიტონ გობეჩია თვლიდა, რომ მხოლოდ მშობლიური ენით შეიძლება ყრმათა გონების განვითარება, რომ მხოლოდ აღზრდის ჰუმანიურ პრინციპებს შეუძლია ნამდვილად სრულყოფილი ადამიანის აღზრდა.
იმ ხანებში, როდესაც მელიტონ გობეჩია ონის ორკლასიან სკოლაში მუშაობდა, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლებში მუნჯური მეთოდი იყო გაბატონებული. მელიტონ გობეჩიამ სკოლაში მისვლისთანავე „ნატურალური მეთოდი“ და მასთან შეხამებული ლევიცკის სახელმძღვანელო თვითნებურად გააძევა სკოლიდან და ნაცვლად იმისა შემოიღო ი. გოგებაშვილის „რუსკოე სლოვო“ და „ბუნების კარი“. ცხადია, მელიტონის ამ ნაბიჯმა უეჭველად მოუტანა სკოლას ერთგვარი წარმატება როგორც დედაენის, ისე რუსული ენის და სხვა საგნის სწავლების მაღალ დონეზე დაყენებაში.
მას სწამდა, რომ სწავლა-აღზრდას შეუძლია მოუმზადოს ქვეყანას მოწინავე, პატრიოტული და ჰუმანური იდეებით შეიარაღებული ადამიანი. იგი წერდა „ჩვენ გვჭირდება მხნე, გონიერი, შეურყევლად პატიოსანი პირები, რომელნიც საზოგადო საქმისთვის უნდა კვდებოდნენ“. მელიტონის აზრით ჭეშმარიტი განათლება მოზარდ თაობას უნდა უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას ქვეყნიერებაზე და ნამდვილ ადამიანურ ცხივრებაზე. იგი უნდა ეხმარებოდეს ახალგაზრდობას ნათელი სამოღვაწეო მიზნების დასახვაში. მელიტონი ილაშქრებდა ძველი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც კლავდა თავისუფალი აზრის ყოველგვარი გამოვლინების შესაძლებლობას. მას საგანმანათლებლო სკოლის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად მიაჩნდა მოზარდი თაობის შეიარაღება ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ობიექტური კანონების ცოდნით. იგი მტკიცედ მოითხოვდა, რომ სწავლა-აღზრდის პროცესი აგებული ყოფილიყო თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობის საფუძველზე. ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთ საფუძვლად კი მელიტონ გობეჩიას მიაჩნდა მოზარდი თაობის აღჭურვა ჯანსაღი პატრიოტიზმის გრძნობით და შეგნებით. მელიტონის აზრით მასწავლებელი უნდა ყოფილიყო განათლებული, იდეური, ჰუმანური, პატრიოტული გრძნობებით გამსჭვალული პიროვნება. იგი ილაშქრებდა ისეთი მასწავლებლების წინააღმდეგ, რომელნიც მოქცეულნი იყვნენ პროფესიულ ნაჭუჭში. მისი აზრით, ნამდვილი მასწავლებელი იყო ის, ვისაც ესმოდა ხალხის სუნთქვა. იგი ასევე იბრძოდა სახალხო მასწავლებლების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
თარგმანები
მელიტონ გობეჩიას დიდ როლს ანიჭებდა უცხოური კლასიკოსების გადმოთარგმნას ენის დამუშავება-დახვეწასა და გამდიდრება-წინსვლაში, რადგან თვლიდა, რომ ყოველ დიდ მწერალს როგორც აზრი, ასევე სიტყვებიც შესაფერი მოეპოვება. სწუხდა, რომ მაშინ ქართულ ენაზე არ იყო, ან ძლიერ ცოტა იყო ნათარგმნი რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ერების კლასიკოსთა უკვდავი ქმნილებანი, რომელთაც შეეძლო ქართველი მკითხველის გონების და თვით მშობლიური ენის მრავალმხრივ გამდიდრება, დახვეწა და გამშვენიერება. ამავე დროს, დასძენდა, რომ ამგვარი მუშაობის ჩატარებით საშვილიშვილო საქმეც გაკეთდებაო. იგი თარგმნიდა რუსულიდან, ფრანგულიდან, გერმანულიდან და პირიქით. მელიტონი დიდი შერჩევით თარგმნიდა მხოლოდ ისეთ ნაწარმოებებს, რომელნიც მის მსოფლმხედველობასთან ახლოს იყო და კიდევ უფრო ადიდებდა ქართულ ენას მებრძოლი შინაარსის მქონე ნაწარმოებებით. მის მშვენიერ თარგმანებს ეკუთვნის ჰენრიკ სენკევიჩის ლეგენდა „ოლიმპზედ“, გეშოვის „სამყურა“, შარლ ეფეირის „დიდების მაძიებელნი“, ლეგენდა „პილატეს სიკვდილი“, აგრეთვე, ჟან-ჟაკ რუსოს, ვიქტორ ჰიუგოს, ბაირონის, გოეთეს, შექსპირის, ალფერონ დე მონტის, ჰენრიკ იბსენის, კორნელის, რასინის, მოლიერის, ვოლტერის, ბომარშეს, ლევ ტოლსტოის და სხვათა შემოქმედების თარგმანები. მელიტონის გარდაცვალების შემდეგ კი იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით ჟურნალ „ჩანგში“ დაიბეჭდა მისი უკანასკნელი გამოუქვეყნებელი თარგმანი - ალფერონ დე მონტის „ტბა“.
მელიტონ გობეჩია ეწეოდა საფრანგეთში ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას. მისი წერილები ხშირად ქვეყნდებოდა ფრანგულ და გერმანულ ჟურნალ-გაზეთებში. მელიტონ გობეჩია სწუხდა, რომ პარიზში არა თუ ქართულ ლიტერატურას, არამედ საქართველოსაც არ იცნობდნენ: „საქართველოზე ყველას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და ეს ქვეყანა ამერიკაში ჰგონიათ. რამდენი კამათი გვჭირდება სორბონის უნივერსიტეტში, რომ თავი ქართველად ჩააწერინო, რუსებად გვწერენ. რამდენი ცდა გვჭირდება, რომ საქართველოს შესახებ წერილი დავსტამბოთ ფრანგულ ორგანოში. ვერ გვშველის გავლენიანი ფრანგი მწერლის პროტექცია და ხელმოწერა. მე გადაწყვეტილი მაქვს შარლ პუანსოს დახმარებით და ზოგიერთი პარიზელი ამხანაგის თანამშრომლობით ფრანგული ჟურნალების რამდენიმე ნომერი შევწირო და ცალკე წიგნები გამოვცე. პუანსო უკვე დამთანხმდა და უთმობს ამ საგანს თავის საკუთარ ჟურნალს „პაჟ მოდერნის“ მთელს ნომერს, სადაც მოთავსებული იქნება რამდენიმე წერილი: 1. ისტორიული, 2. კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული და ბოლოს 3. თარგმანი ლექსად და პროზად საუკეთესო ნაწარმოებთა ადგილებისა.“
მელიტონ გობეჩიამ თარგმნა ფრანგულად ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“. მის თარგმანებს ეკუთვნის ასევე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ძირითადი ადგილების თარგმნა ფრანგულად პროზად და ლექსად. მელიტონ გობეჩია ბევრს წერდა უცხოელი მწერლების შემოქმედებაზე, არჩევდა მათ მათ უმთავრეს ნაწარმოებებს და ქართველ ხალხს აცნობდა. მაგალითად, მას ვრცელი გამოკვლევა აქვს გამოქვეყნებული ჰენრიკ იბსენის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. აგრეთვე საყურადღებოა მისი წერილები ესქილეს „მიჯაჭვულ პრომეთეზე“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეზე“, ევრიპიდეს „მედეაზე“ და სხვ.
პოეზია
სამწერლო ასპარეზზე მელიტონ გობეჩია 1899 წელს გამოვიდა როგორც ნაზი ლირიული ხმით მომღერალი მგოსანი. მაშინ ის მხოლოდ 21 წლის ჭაბუკი იყო. გადმოცემით ცნობილია, რომ მელიტონმა სრულიად ახალგაზრდამ ზეპირად შეისწავლა „ვეფხისტყაოსანი“, რამაც მის პოეტურ ნიჭს ერთგვარი ბიძგი მისცა. 1901 წელს ჟურნალ „მოგზაურში“ (N 1-2) გამოქვეყნდა მისი პოემა „ფარნაოზი“, ამავე წელს გამოქვეყნდა მისი მეორე პოემა „ამირანი“.
1902 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „ჰანგები“. სხვა ლექსებიც აქტიურად იბეჭდებოდა მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში, რაც დამწყები, 21-22 წლის ჭაბუკი პოეტისათვის უთუოდ გაბედულად გადადგმული ნაბიჯი იყო. შემდეგი პერიოდისა და მით უფრო სორბონის უნივერსიტეტიდან დაბრუნებული მელიტონ გობეჩიას ლექსები უფრო მაღალიდეური, მხატვრულად შესრულებული და გემოვნებით დახვეწილი პოეტური ქმნილებებია. ამავე დროს, მელიტონ გობეჩია ის ახალგაზრდა ქართველი პოეტია, რომელმაც პირველად ქართულ პოეზიაში შემოიღო და დანერგა სონეტის ფორმა (იხ. „სახალხო გაზეთის“, სურათებიანი დამატება. 1910 წ. №1, 2 „პარიზის სონეტები“), რამაც შემდგომ დიდი გავრცელება ჰპოვა ახალ ქართულ მწერლობაში.
1905 წლის შემდეგ მელიტონ გობეჩია წერდა კლასთა ბრძოლის ამსახველ გოდების ჟანრის ლექსებს, ბალადებს, სათავგადასავლო ხასიათის ლირიკულ და ეპიკურ პოემებს. ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მისი ალეგორიული ესკიზი „თავისუფლება“, სადაც ავტორი მოთხრობის მთავარ იდეად აღიარებს მოჩვენებით თავისუფლებას, არამედ რევოლუციურ თავისუფლებას, რომელიც მხოლოდ ბრძოლით უნდა იქნეს მოპოვებული. მის ნაწარმოებებში ძირითადად ვხვდებით სოციალური უთანასწორობის მძაფრ სურათებს, ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოტივებს. 1905-07 წლების რევოლუციის შემდგომი მის შემოქმედებაში გაჩნდა ალეგორიული სტილი, სადაც პოეტი ბუნების მკაცრ მოვლენებს ადარებდა საზოგადოებრივ ყოფას. სწორედ ასეთი ბუნების მკაცრი მოვლენების აღწერაში აქსოვდა იგი შეფარვით მედგარი ბრძოლის სურვილებსა და მგზნებარე მოწოდებებს. მისი შემოქმედება მთლიანად განმსჭვალულია სამშობლოსადმი და მისი ხალხისადმი უბადლო სიყვარულით. მას სწამდა, რომ მომავალი თაობები მის ხსოვნას შეინახავდნენ, ამიტომ მათ ანდერძად უტოვებს:
- „თუ რამ დარჩა და იხარა,
- შენ გაბარებ მორწყო წყლითა,
- და თან ზედაც დაამღერო,
- ჩემი ხსოვნა სევდის ხმითა.“
მელიტონ გობეჩია ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობასაც. მისი იდეები ჩაქსოვილია პუბლიცისტურ სტატიებიც, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ხალხის ყოფის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მის კალამს ეკუთვნის ფელეტონები და წერილები: „ტფილისიდან სოხუმამდე“, „მგზავრის ფიქრები“, „შორს ტფილისიდან“, „ნაცნობებთან შეხვედრა“, ‘’მეგობრული საუბარი’’, „ქართლისა და იმერეთის ბუნება“, „ჩემი ნაამხანაგარი“, „მოგონება“, „რა იქნენ ჩვენი ამხანაგები“, „ლიტერატურული ჯგუფნი“, „გონებრივი მოძრაობა“, „რად გაურბით დედაქალაქს“, „სხვისი იმედი წყალს მიეცი“, „ქუთათური ქალები“, „საკაბინეტო შრომა“, „სამეგრელო და წვიმები“, „შვეიცარელი მოგზაური“, „მე კი პოეზია მიყვარს“ და სხვ.
მელიტონ გობეჩიას გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდა ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებლებთან ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან და ისეთ ცნობილ მწერლებთან და მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, ვლადიმერ ბაქრაძე, იონა მეუნარგია, შალვა დადიანი, ლეო ქიაჩელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო კურდღელაშვილი (ნარკანი), იროდიონ ევდოშვილი, კონდრატე თათარიშვილი, (უიარაღო) იოსებ იმედაშვილი, პეტრე უგულავა, ია ეკალაძე.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები და გარდაცვალება
1911 წელს, ზუგდიდის მაზრაში მომხდარ ამბებში დამნაშავედ მიჩნეულ სხვა ამხანაგებთან ერთად მელიტონ გობეჩიას მიუსაჯეს 4 წლით საკატორღო პატიმრობა და შემდეგ სამუდამოდ ციმბირში გადასახლება. სიკვდილით დასჯის შემდეგ ყველაზე მძიმე სასჯელი იყო კატორღა, რომელსაც მელიტონი ხარკოვის საკატორღო ციხეში იხდიდა. სწორედ იმ თვეს, როცა უნდა განშორებოდა ამ სატანჯველს, ის, უთუოდ ინსპირირებული მოქმედებით, გადაიყვანეს ისეთ საკანში, სადაც წინ დღით პარტახტიანი ტიფით დაავადებული პატიმარი მომკვდარა. ამ სენმა მელიტონიც იმსხვერპლა. როგორც გადმოგვცემენ, მისი ნახევრად ცოცხალი სხეული „დეზინფექციის“ მიზნით დაუწვავთ 1914 წლის 5 (18) ივნისს. მაგრამ როგორც გაზეთი „თემი“ იუწყებოდა, „მისი ტკბილი ხმა და ვაჟკაცური სიტყვები არ წაიშლებიან“…
მელიტონ გობეჩიას ტრაგიკული ამბავი მთელ საქართველოს მოედო. ყოველ კუთხიდან მოსდიოდა „შრომას“, „სახალხო ფურცელს“, „თემს“ და სხვა გაზეთებს სამძიმრის დეპეშები. დეპეშებში მას უწოდებდნენ ხალხის ინტერესების მედგარ დამცველს, თავისუფლებისათვის მებრძოლს, მშრომელთა მესაიდუმლეს, ბრწყინვალე მომავლის მოციქულს, საუკეთესო იდეალებისათვის ზვარაკად შეწირულს… თავგანწირულ მებრძოლ მგოსანს, რომელმაც თავი დასდო დამცირებულთა და შევიწროებულთათვის.
წყარო
- ცაიშვილი, ს. სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრებული 2, სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა, 1955
- გობეჩია, ვ. მელიტონ გობეჩია - ცხოვრება და შემოქმედება. სოხუმი, აფხაზეთის ასსრ სახელგამი,1959