დიდი კრონშნეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი კრონშნეპი

დიდი კრონშნეპი (ლათ. Numenius arquata Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

დიდი კრონშნეპი მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 280-330 მმ-ია, გალო – 77-98 მმ, ნისკარტი – 109-180 მმ, წონა 750-920 გ. დედალი ცოტათი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. არ ახასიათებთ სეზონური დიმორფიზმი. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე დაფარული აქვს ნათელი ფერის ბუმბულებით, რომელთაც ცენტრში გასწვრივი მოშავო-მურა ლაქები აქვთ. ზურგის უკანა ნაწილი და კუდის ზემო მფარავები თეთრია. საჭის თეთრ ბუმბულებზე არის მურა ფერის განივი ზოლები. სხეულის ქვემო მხარეც ძირითადად თეთრია, მაგრამ ბუმბულების ღეროს გასწვრივ აქვს მურა ლაქები. მუცლის შუა ნაწილი და კუდის ქვემო მფარავები თეთრია. გვერდებზე აქვს წაგრძელებული ფორმის მუქი ლაქები. პირველი რიგის მომქნევები მოშავო-მურაა, თეთრი განივი ზოლებით. შავი ფერის ნისკარტი ბოლო ნახევარში მნიშვნელოვნადაა მოხრილი ქვემოთ.

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული დიდი კრონშნეპი – N. a. arquata Linn., 1758.


სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ველისა და ტყის ზონებს ირლანდიიდან და ნორვეგიიდან, იმიერბაიკალეთამდე. ჩრდილოეთით ვრცელდება არხანგელსკამდე, მაგრამ უფრო აღმოსავლეთით ჩრდილოეთი საზღვარი ბაიკალის ტბის ჩრდილო ნაპირებამდე ეშვება. გავრცელების სამხრეთი საზღვარი გადის შავი ზღვის, არალის ზღვისა და ზაისანის ტბის გასწვრივ. ზამთრობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, აღმოსავლეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილსა და სამხრეთ აზიაში მალაის არქიპელაგის ჩათვლით. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს ტყისა და ველის ზონებში, ტბებისა და მდინარეების სანაპირო, მეჩხერი ტყით დაფარულ ხავსიან ჭაობებში ან მცირებალახიან ტენიან მდელოებზე.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია, ბუდობს უმთავრესად ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე. აპრილის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 28 დღეს გრძელდება.

კვება

დიდი კრონშნეპის საკვები საკმაოდ ნაირგვარია. იგი ჭამს ლოკოკინებს, ჭიებს, მწერებსა და მათ ლარვებს, ობობებს, პატარა ბაყაყებს. შემოდგომით საკვებად იყენებს კენკრასაც – მოცვს, მიწამაყვალას და სხვ.

მნიშვნელობა

სპორტული სანადირო ობიექტია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები