თაყაიშვილი სესილია
სესილია თაყაიშვილი – (დ. 17 სექტემბერი, 1906, ბათუმი ― გ. 21 მაისი, 1984, თბილისი), ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი, ლენინის ორდენის, შრომის წითელი დროშის ორდენის მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983).
დაიბადა 1906 წელს ბათუმში, ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. 1923-1926 წლებში სწავლობდა ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში, 1926-1930 წლებში, სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობის დროს, რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია, 1930 წლიდან გადადის მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, რომელსაც მთელ თავის ცხოვრებას უკავშირებს.
„სესილია თაყაიშვილი ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია, მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა; განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში“ (ტ. თვალჭრელიძე).
ქართული თეატრის სცენაზე სესილია თაყაიშვილმა 120-ზე მეტი როლი განასახიერა, მათ შორის აღსანიშნავია: ქრისტინე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზენი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“), შამილის დედა ბახუ მესედუ (ი. ვაკელის „შამილი“), პარასკევა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), პრიუდანსი (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), ხარიტა ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო“), ბარონესა შტრალი (მ. ლერმონტოვის „მასკარადი“), დასასრულ — ძიძა (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), რომელსაც როგორც თეატრმცოდნენი ერთხმად აღნიშნავენ, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა სესილია თაყაიშვილის შემოქმედებაში.
დაუვიწყარი სახეები შექმნა მსახიობმა ეკრანზეც: სესილია თაყაიშვილის ასინეთა ფილმ „დათა თუთაშხიაში“ უდიდესი ძალის მხატვრული სახეა; მოხუცი ბუღალტრის, ქალბატონ თამარის როლი მსახიობის უკანასკნელი ნამუშევარი იყო კინოში… „და ეს უკანასკნელი მისი ქმნილებაც, უკვე უიმისოდ სახელმწიფო პრემიით შეფასებული, არ იყო ხმამაღალი სახელის მქონე პირველმნიშვნელოვანი მისი როლი… მისთვის განკუთვნილი ცხოვრების წრე ლოგიკურად შეიკრა…“ (ნ. ურუშაძე).
გარდა „დათა თუთაშხიასი“ და „ცისფერიმთებისა", 1948 წლიდან მოკიდებული, როცა პირველად გადაიღეს კინოში, მრავალი საინტერესო ეკრანული სახე აქვს შექმნილი ფილმებში: „ჭირვეული მეზობლები“ (1949), „ჩვენი ეზო“ (1956), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1956), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1969), „ნატვრის ხე“ (1977).
1983 წელს, ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის, სესილია დიმიტრის ასულ თაყაიშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წელს, დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.