ირაციონალური რიცხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირაციონალური რიცხვირიცხვი, რომელიც არ გამოიხატება ზუსტად არც მთელი, არც რაციონალური წილადით. ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლე რაციონალურ რიცხვთა (Q) სიმრავლესთან ერთად შეადგენს ნამდვილ რიცხვთა (R) სიმრავლეს. ყოველი ირაციონალური რიცხვი შეიძლება წარმოვადგინოთ უსასრულო არაპერიოდული ათწილადის სახით. ირაციონალური რიცხვი შეიძლება იყოს როგორც ალგებრული, ასევე ტრანსცენდენტური. ირაციონალური რიცხვების მკაცრი თეორია XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოაყალიბა გერმანელმა მათემატიკოსმა რ. დედეკინდმა.

ირაციონალური რიცხვის ცნება წარმოიშვა ფესვის ამოღების, მონაკვეთის სიგრძის გაზომვის დროს და მთელი რიგი ფუნქციების შესწავლისას.

ირაციონალური რიცხვების აღმოჩენა, პირველ ყოვლისა, იყო იმის აღმოჩენა, რომ კვადრატის გვერდი და დიაგონალი უთანაზომო მონაკვეთებია. ამ აღმოჩენას ზოგიერთი პითაგორას მიაწერს, ზოგი კი პითაგორას ზოგიერთ მოწაფეს. √2-ის ირაციონალობის „თანამედროვე“ დამტკიცება უკვე არისტოტელესაც ჰქონდა. √3, √5,...,√17 რიცხვების ირაციონალურობის დამტკიცება (პლატონის დამოწმებით) ეკუთვნის თეოდორს. ზოგადი მოძღვრება ირაციონალურობის შესახებ შექმნა თეოდორის მოწაფემ – თეეტეტმა. შესაძლოა ირაციონალობის თეორიაში ტერმინოლოგიაც თეოდორის შემოღებულია. მთელ რაციონალურ რიცხვს ეწოდებოდა αριϑμοζ; მონაკვეთების შეფარდებას, ე.ი. ნებისმიერ ნამდვილ რიცხვს – λογοζ. ბერძნული αλογοζ – „რომელსაც არა აქვს შეფარდება“, მიეკუთვნება არა ირაციონალურ რიცხვებს, არამედ იმ სიდიდეებს, რომელთა შეფარდება გამოისახება ირაციონალური რიცხვით.

თანამედროვე ტერმინი წარმოიქმნა ლათინური სიტყვების ბერძნული თარგმანიდან in (ir) – უარყოფა და - ratio „შეფარდება“. ტერმინი შემოიღო შტიფელმა (მისი არითმეტიკა გამოვიდა 1544 წელს). ამ დრომდე ირაციონალურ რიცხვებს უწოდებდნენ „ყრუს“, „უხმოვნოს“ ან „გამოუთქმელს“. გავრცელებულია ამ ტერმინის სხვა განმარტებაც (ახსნა), რადგანაც ლათინური ratio კიდევ ნიშნავს „გონებას“; ამიტომ იყენებდნენ ტერმინს „უგუნური, არალოგიკური რიცხვი“.

შტიფელის მიერ შემოთავაზებული ტერმინი უცბად არ იქნა მიღებული; საკმაოდ დიდხანს იყენებდნენ ორივე ტერმინს. XVI საუკუნემდე ირაციონალურობას არ თვლიდნენ ნამდვილ რიცხვებად. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დეკარტმა, რომელმაც მოგვცა განტოლების ირაციონალური ფესვების გეომეტრიული ინტერპრეტაცია, ხოლო შემდეგ ნიუტონმა ჩამოაყალიბა რიცხვის ცნება, რომელიც ირაციონალურობასაც შეიცავდა. მკაცრი მათემატიკური თეორია შეიქმნა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დედეკინდის, კანტორის, ვაიერშტრასისა და მერეს შრომების საფუძველზე.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები