ისტორიკოსები ძველ ეგვიპტეში
ისტორია – თუმცა ეგვიპტეში არ ჩამოყალიბებულა ისტორიული აზროვნება თანამედროვე გაგებით, რაც წარსულის ანალიტიკურ გააზრებას გულისხმობს, ეგვიპტელებმა ძალიან ადრე დაიწყეს თავიანთი ისტორიის დაფიქსირება. ეს მოიცავდა მეფეთა სიების შედგენას, უმნიშვნელოვანესი მოვლენების, ფარაონების და ნომარქების საომარი, სამშენებლო და სხვა მოღვაწეობის აღწერას. ეს ნაწერები უდავოდ ძალიან დიდ მასას შეადგენდა, რომლის ძალზე მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. ჯერ კიდევ V დინ. დროს შედგენილი პალერმოს ქვა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა პირველი ხუთი დინასტიის და წინადინასტიური ფარაონების მეფობის წლები, ნილოსის სიმაღლე ამა თუ იმ წელს, ტაძრების და გემების მშენებლობა, ექსპედიციების აღწერა, ოქროს და მოსავლის გადათვლა და ა.შ. ასეთი მატიანეს შედგენა მხოლოდ დიდ საარქივო მასალაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი და დღეს ფასდაუდებელი იქნებოდა პირველი ხუთი დინასტიის ისტორიის რეკონსტრუქციისათვის, მაგრამ ჩვენამდე პალერმოს ქვის მხოლოდ ფრაგმენტმა მოაღწია.
ახალი სამეფოს ფარაონებს უკვე საკუთარი მემატიანეები ჰყავდათ, რომლებიც მათ ცხოვრებას აღწერდნენ. აბდ ელ-კურნაში, თებესთან, აღმოჩენილი იქნა თოტმეს III-ის მემატიანის, ჩანინის სამარხი, რომელიც ადრე რეალური ისტორიული პიროვნება არცკი ეგონათ. სწორედ ასეთ საარქივო მასალაზე დაყრდნობით შეძლო ბერძნული განათლების მქონე ეგვიპტელმა ქურუმმა მანეთონმა, რომელიც ჩვ.წ.-მდე III-IV საუკუნეებში, პირველი ორი პტოლემაიოსის დროს ცხოვრობდა, შეედგინა თავისი ქვეყნის ისტორია. დაბადებით ეგვიპტელი, ის თავისუფლად კითხულობდა სატაძრო არქივების პაპირუსებს. მან შეძლო იმდენად ზუსტად აღედგინა ეგვიპტის ისტორია უძველესი დროიდან, რომ თანამედროვე ეგვიპტოლოგიაში დღემდე მიღებულია მანეთონის მიერ ქვეყნის ისტორიის სამ (ძველი, შუა და ახალი სამეფოები) ძირითად პერიოდად დაყოფა და ფარაონების 30 დინასტიად დაჯგუფება. უძველესი პერიოდიდან ისტორიული ფაქტების ასეთი დაფიქსირების წყალობით ეგვიპტელებმა ყოველთვის კარგად იცოდნენ თავიანთი წარსული და პატივისცემოთ მოიხსენიებდნენ არა მარტო გარდასულ დროთა გამორჩეულ ფარაონებს, არამედ მშენებლებს, ექიმებს და სხვა თვალსაჩინო მოღვაწეებს.