კათაკალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
KaTakali.JPG

კათაკალი –(მალაიალის ენაზე „კათა“ – თხრობა და „კალი“ – თამაში) ინდური კლასიკური ცეკვის ოთხი სკოლიდან ერთ-ერთი. აღმოცენდა მე-15-16 საუკუნეებში ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში.

კათაკალის წარმოდგენების საფუძველია ცეკვა-პანტომიმა. მასში თამაშდება სცენები ძველინდურ ეპიკური პოემებიდან „მაჰაბჰარატა“ და „რამაიანა“. დროთა განმავლობაში, კათაკალის შემსრულებლები გახდნენ არა მოცეკვავეები, არამედ მსახიობები, რომლებიც დაკანონებული სიმბოლური ჟესტებით და მიმიკით გადმოსცემდნენ სიმღერის ტექსტებს. მათი ჟესტები და მიმიკა რამდენადმე ჩამოჰგავდა ინდური ცეკვის მეორე კლასიკური სკოლის – ბჰარატ-ნატიამის სისტემას. წარმოდგენას თანსდევდა სიმღერა (მომღერალი იმყოფებოდა ფარდის მიღმა), რომელსაც აკომპანირებას უწევდა ორკესტრი. კათაკალის მსახიობები გადიან მომზადების გრძელვადიან (12 წლიან) კურსს, რათა დაეუფლონ გამომსახველობას და მოძრაობის განსაკუთრებულ კოორდინაციას.

კათაკალის წარმოდგენა იმართება ღია ადგილზე მთვარიან ღამეში და გრძელდება გათენებამდე. ჭილოფზე მსხდომი მაყურებლები განთავსებულები არიან იმ მცირე მოედნის წინ, სადაც თამაშდება მოქმედება. წარმოდგენა იწყება პროლოგით, რის შემდეგ იხსნება ფარდა. მომღერალი მაყურებელს მოუთხრობს სპექტაკლის სიუჟეტს. ამის შემდეგ იწყება ცეკვა-პანტომიმა.

ქალების როლებს კათაკალიში ბიჭები ასრულებენ. მოქმედი პირები არიან კანონიკური მითოლოგიური პერსონაჟები: კეთილშობილნი გააფთრებულნი და უარყოფითნი. ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი კანონიზებული კოსტიუმი და ნიღბისმაგვარი, რთული გრიმი. ამ გრიმ-ნიღაბს მათ სახეზე უკეთებენ ოთხი საათის განმავლობაში. ცისფერი და მწვანე ფერების შეხამება დამახასიათებელია დადებითი გმირებისათვის, წითელი ფერი – გააფთრებულთათვის, შავი უარყოფითი პერსონაჟებისათვის. შემსრულებელთა კოსტიუმები ჩამოჰგავს საკულტო გამოსახულებებს. ღმერთებს და მეფეებს თავზე ახურავთ მოოქროვილი თავსაბურავი, დიდი ხის დისკი, ხის ფირფიტებისგან დამზადებული გულსაფარი, უზარმაზარი მძივები, წითელი ზედატანი. ბოროტ დემონებს მარცხენა ხელის თითებზე მიმაგრებული აქვთ გრძელი რკინის ბრჭყალები. მათ ახურავთ ღმერთების და მეფეების მსგავსი თავსაბურავი, რაც მეტყველებს მათ ღვთაებრივ წარმოშობაზე. განდეგილებს, ბრძენკაცებს და წმინდანებს სხეულის ზედა ნაწილი აქვთ მოშიშვლებული და დაფარული ფერფლის ზოლებით. წელზე მათ შემოხვეული აქვთ თეთრი ნაჭერი. ქალების როლების შემსრულებელ მსახიობებს აცვიათ სასახლის კარის მოცეკვავე ქალების მდიდრული სამოსი. XX ს. კათაკალი ინდური თეატრის სიმბოლოდ იქცა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები