კალიგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალიგრაფია – (ბერძნ. kalligraphia ლამაზი ხელწერა < kallos – სილამაზე და graphõ – ეწერ), ლამაზად წერის ხელოვნება, წერის ფორმა-ნიშანთა დამახასიათებელი მხატვრული შესრულებით. კალიგრაფიის განვითარება დაკავშირებულია დამწერლობის განვითარებასა და მის მიზანდასახულობასთან. ჩვეულებრივი ხელწერისაგან განსხვავებით, კალიგრაფია აადვილებს ნაწერის წაკითხვას და, ამასთან, გარკვეულ ემოციურ განწყობილებასაც ქმნის.

საქართველოში კალიგრაფიულ შესრულებას იმთავითვე დიდი ყურადღება ექცეოდა. სხვადასხვა დროს იწერებოდა ქვაზე, თიხაზე, ლითონზე, ჭილზე, ეტრატზე, ქაღალდზე; იწერებოდა ასო-ნიშნების მოხაზულობისა და საწერი მასალის შესაბამისად, მაგრამ ყოველთვის სტილისტიკურად გამართული, ესთეტიკურად სრულყოფილი ფორმით. ქართული ანბანის სამივე სახე – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული განვითარების ყოველ ეტაპზე სრულყოფილი კალიგრაფიით გამოირჩეოდა.

ასომთავრული ასოებით შესრულებული ლაპიდარული წარწერები ყურადღებას იქცევს მონუმენტურობითა და სილამაზით. ქვაზე ამოკვეთილი რელიეფური წარწერები (ჩაღრმავებული ფონით თუ ამოწეული კვეთილი ასოებით) გათვალისწინებული იყო შორიდან (განსაკუთრებით ეს ითქმის ეკლესიის წარწერებზე) დასანახად, რის გამოც ასოები ნათელი, მკვეთრად გამოხატული და, ამასთანავე, ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი უნდა ყოფილიყო. ტაძრის ფასადებსა და ჭედურ ყდებზე წარწერები სრულდებოდა ორნამენტული შემკულობის ფონზე და საერთო კომპოზიციის განუყოფელი ელემენტი იყო.

დროთა განმავლობაში წიგნებზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ (საწერ საშუალებებთან ერთად) გამოიწვია ასო-მოხაზულობათა ცვალებადობა. ნუსხურ დამწერლობაში ასოები უკვე სწრაფად იწერებოდა და გამოკვეთილი, ოდნავ მარჯვნივ გადახრილი ფორმებით დიდ მხატვრულ ეფექტს იწვევდა. განსაკუთრებით გამოირჩევა ხელნაწერი ტექსტების შემსრულებელთა კალიგრაფია თავსამკაულთან, მოხატულ საზედაო ასოებთან, სიუჟეტურ კომბინაციებთან ერთად. ლამაზად ნაწერ ტექსტს შუასაუკუნეთა წიგნის ხელოვნებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ კალიგრაფიის კერები ეკლესია-მონასტრები იყო. ამგვარ სკრიპტორიუმებში, სადაც გადამწერ-კალიგრაფები მოღვაწეობდნენ, „გადამწერლობა“ ხელობად ითვლებოდა: ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში წიგნის მოსამზადებელ საქმიანობაში – „მსოფლიო მუშაობაში“ – დასახელებული არიან გადამწერებიც. ხელნაწერებმა მრავალი შესანიშნავი კალიგრაფის სახელი შემოგვინახა (იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გაბრიელ პატარაი და სხვ.). ხშირად სამწერლობო ცენტრები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან თავისი კალიგრაფიით, რაც საშუალებას იძლევა გაირკვეს დაუთარიღებელი ძეგლების შესრულების დრო ან რომელ კალიგრაფიულ სკოლას მიეკუთვნება ესა თუ ის ხელნაწერი. მაგ., მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულის ტექსტის დაწერილობაში რამდენიმე ხელწერა გაირჩევა, მაგრამ თითოეული გადამწერი მაინც ერთიან კალიგრაფიულ სტილს იცავს.

მხედრულ დამწერლობაში ასო-ნიშანთა მოხაზულობა საგრძნობლად გამარტივებულია: აქ ყოველი ასოს კონტური ერთიანია და მრგლოვანი ელემენტების კავშირი ვერტიკალურ ღერძთან ესთეტიკურად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ამ დამწერლობის მრავალ ცნობილ კალიგრაფთა შორის შეიძლება გამოეყოთ ბეგთაბეგ თანიაშვილი (XVII ს.), რომლის გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევა. ხელნაწერის ყოველ გვერდს ამკობს ოქროთი შესრულებული ორნამენტული აშიები.

ასო-მოხაზულობათა კალიგრაფიული პრინციპი იქნა შენარჩუნებული ბეჭდურ დამწერლობაშიც. ქართული სტამბის შექმნის დღიდანვე მხატვარ-გრაფიკოსთა არაერთი თაობა მუშაობდა, რათა ქართული დამწერლობის საფუძველზე დაეხვეწათ ქართული შრიფტი პოლიგრაფიული მოთხოვნების შესაბამისად. ადვილად წასაკითხი და ესთეტიკურად სასიამოვნო სასტამბო გარნიტურების შექმნაში განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის „ქართული შრიფტის რეფორმების კომიტეტს“ (1933; ხელმძღვ. მხატვარი დ. შევარდნაძე) და „ქართული შრიფტის კომიტეტს“ (1947; ხელმძღვ. ბ. გორდეზიანი).

ე. მაჭავარიანი

ლიტერატურა

  • ყიფიანი ი. ქართული შრიფტი. – ქსე, ტ-10, თბ. 1986.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები