კროკოდილოპოლისი
კროკოდილოპოლისი – ნიანგის კულტის გავრცელების გამო ბერძნებმა კროკოდილოპოლისი რამდენიმე ეგვიპტურ ქალაქს დაარქვეს.
1. ქალაქი ფაიუმში, ფაიუმის პროვინციის დედაქალაქი, თანამედრ. მედინეტ ელ-ფაიუმი, სადაც სობეკის მთავარი საკულტო ადგილი იყო. გადმოცემის თანახმად, ქალაქი მენესმა დააარსა (დიოდორე). მისი სახელი გვხვდება ნარმერის ბეჭედზე. ქალაქის აღმავლობა დაიწყო XII დინასტიიდან, როცა დინასტიის ფარაონებმა ჭაობების დაშრობა დაიწყეს და ფაიუმი ეგვიპტეში მიწათმოქმედების უმნიშვნელოვანეს რეგიონად გადაიქცა. ცნობილი ჰარისის პაპირუსის თანახმად, სობეკის ტაძარი შედეტში რამსეს III-ის დროსაც ერთ-ერთი უმდიდრესი ტაძარი იყო. დიდი ტბა ტაძრის გვერდით, სადაც სობეკის საკრალური ცხოველი ნიანგი ცხოვრობდა, აღწერილი აქვს სტრაბონს. პტოლემაიოს II ფილადელფოსმა თავისი დის და მეუღლის, არსინოე II-ის პატივსაცემად, ქალაქს არსინოე დაარქვა (ჩვ.წ.-მდე III საუკუნე.). დღეს ქალაქიდან მხოლოდ ბერძნულ-რომაული პრიოდის ნანგრევებია შემორჩენილი.
2. ქალაქი გებელენის სიახლოვეს. ქალაქის ეგვიპტური სახელი (wmitrw, „კუნძული მდინარეში“) მიუთითებს, რომ ქალაქი კუნძულზე მდებარეობდა. ზუსტი ადგილი უცნობია.