მეინინგენელთა თეატრი
მეინინგენელთა თეატრი – (გერმ. Meiningen theatre), გერმანული დრამატული თეატრი დაარსდა 1831 წელს.
ისტორია
ვიდრე ვაგნერი დაასრულებდა თავის ჩანაფიქრს, „საფესტივალო სახლის“ (Bayreuther Festspielhaus) აგებას, საქს-მეინინგენის ჰერცოგი გეორგ II (Georg II von Sachsen-Meiningen) დაინტერესდა თავისი საკარო თეატრით. თავად სათეატრო შენობა მამამისმა ააშენა კლასიკური რენესანსის სტილში 1831 წელს. შენობას ჰქონდა ფასადი, რომელიც მორთული იყო ბერძნული ფრონტონებით დაგვირგვინებული კოლონებით. შენობაში არსებობდა არა მხოლოდ მაყურებელთა დარბაზი და სცენა, არამედ სააქტო დარბაზი მეჯლისებისთვის, ბანკეტებისა და სხვა არათეატრალური ზეიმებისთვის.
საქს-მეინინგენი ცდილობდა რეალობის ილუზიის შექმნას, რეალისტური თამაშით და სცენაზე, ამა თუ იმ ეპოქის შესაბამისი, ზუსტი დეკორაციის შექმნით. მან შეისწავლა ხალხთა შორის არსებული განსხვავებები კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებში; შედეგად შეიქმნა შეუდარებელი ისტორიული სიზუსტე. საქს-მეინინგენი ასევე დაჟინებით მოითხოვდა ავთენტური ანტიკვარული ავეჯის გამოყენებას, ხოლო მისი დასის წარმატებამ განაპირობა „თეატრის მომმარაგებელი“ სახლების გახსნა. ჰერცოგი თავისი დასისთვის ყველა სპექტაკლის დეკორაციის და კოსტიუმების დიზაინს თავად ქმნიდა. კოსტიუმები მზადდებოდა ავთენტური მასალებისგან. თუკი პერსონაჟს ჯაჭვის პერანგი უნდა სცმოდა, მსახიობს ნამდვილ ჯაჭვის პერანგს აცმევდნენ, ხმლების წონაც რეალური იყო. ამრიგად, ამტკიცებდნენ, რომ მსახიობი თამაშის დროს, თუკი ფიზიკურად შეიგრძნობდა კოსტიუმს და რეკვიზიტს, მასში დაიბადებოდა ემპათიური გრძნობა პერსონაჟისადმი, ეს გრძნობები „რეალისტური“ თამაშის საფუძველი გახდა.
საქს-მეინინგენი მოითხოვდა უწყვეტ, პირდაპირ კავშირს სცენის დიზაინსა და მასში მოთამაშე მსახიობთა მოძრაობებს შორის. მის სიახლეებს შორისაა დეკორაციისთვის მხოლოდ პასტელური ფერების გამოყენების პრაქტიკის უარყოფა; ცის საზღვრების ნაცვლად, მან გამოიყენა შემნიღბავი ნათელი ბანერები, ფოთლები და სხვა მოწყობილობები. საქს-მეინინგენი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც დაყო სცენის იატაკის ზედაპირი სხვადასხვა დონეებად.
XIX ს. მეორე ნახევრის ყველაზე დიდი მოვლენა - „მეინინგენელთა თეატრი“ - ე. წ. „სარეჟისორო თეატრის“ ფუძემდებლად არის მიჩნეული. 1869 წ. ამ თეატრის დირექტორი და რეჟისორი ხდება ლუდვიგ კრონეკი (Ludwig Chronegk - 1837-1891), ამავე თეატრის ყოფილი მსახიობი. ამ პერიოდიდან მეინინგენის თეატრი თავისი გაფურჩქვნის ხანაში შედის, რომელიც 70-80-იან წლებს მოიცავს. იმ პერიოდში თეატრს სამი ადამიანი ხელმძღვანელობდა: ჰერცოგი გეორგ მეორე, რომელიც ძირითადად სპექტაკლების დეკორატიულ მხარეს განაგებდა, მაგრამ გადამწყვეტი ხმის უფლება ჰქონდა ზოგადად თეატრის ცხოვრებაში. მისი მეუღლე, ყოფილი მსახიობი ელენ ფრანცი, რომელსაც დეკლამაციის (მეტყველების) პრობლემები ებარა. ლუდვიგ კრონეკი, მრავალმხრივ განათლებული ადამიანი, ნიჭიერი რეჟისორი, მეინინგენელთა დრამატული თეატრის წარმმართველი „ძალა“, თეატრის „გული და სული“ იყო.
კრონეკის რეჟისურა გამოირჩეოდა ცხოვრებისეული სიმართლისა და ისტორიული ეპოქის ზედმიწევნითი (ყოფისა და ჩვევების) ასახვით. მისი თაოსნობით მეინინგენელებმა საგასტროლო ტურნეებით მოიარეს მთელი გერმანია, ჰოლანდია, შვედეთი, ბელგია, დანია, შვეიცარია, ინგლისი, რუსეთი.
მეინინგენელთა თეატრის შემოქმედებითი-მხატვრული მიმართულება დაფუძნებული იყო ვაიმარის თეატრის გოეთეს მუშაობის პრინციპებსა და გერმანულ თეატრში, ერთ-ერთი პირველი დამდგმელი რეჟისორის, კ. ლ. იმერმანის (1796-1840) ძიებებზე. მეინინგენელები ისწრაფოდნენ, რეპერტუარში შეენარჩუნებინათ მაღალ-მხატვრული ხარისხი, ძირითადად დგამდნენ კლასიკას. ვაიმარის თეატრისგან, გოეთესეული პრინციპებიდან გამომდინარე, აიღეს ის, რომ თეატრში მთავარი რეჟისორია, ხოლო იმერმანისგან მემკვიდრეობით ერგოთ მისწრაფება ანსამბლურობისაკენ, ეპოქის ისტორიულ-ყოფითი დეტალიზაციით ასახვა. გერმანული ტრადიციული, ნაციონალური მემკვიდრეობის გარდა, მეინინგენელებმა ინგლისელი რეჟისორის, ჩარლზ კინის რეჟისურისელემენტებიც შეითვისეს: ისტორიული სიმართლის ასახვასთან ერთად, ეფექტურობა და ბრწყინვალება.
რეპერტუარი ძირითადად კლასიკური პიესებისგან შედგებოდა, როგორც გერმანული, ასევე უცხოური. პირველ ადგილზე იყო შილერი: „ფიესკოს შეთქმულება“, „ყაჩაღები“ „ვალენშტეინის ბანაკი“, „პიკოლომინი“, „ვალენშტეინის სიკვდილი“, „ვილჰელმ ტელი“. მეორე ადგილი შექსპირს ეკავა: „იულიუს კეისარი“, „მეთორმეტე ღამე“, „ვენეციელი ვაჭარი“, „მაკბეთი“, „ზამთრის ზღაპარი“, „ჭირვეული მორჯულება“. დგამდნენ აგრეთვე გოეთეს პიესებს - „იფიგენია თავრიდში“, ლესინგის - „მის სარა სამპსონი“ და კლაისტის „კეთხენი ჰეილბრონიდან“, „პრინცი ჰომბურგი“. ფრანგული დრამატურგიიდან დადგეს მოლიერის: „მეცნიერი ქალები“ და „მოჩვენებითი ავადმყოფი“.
მეინინგენელთა თეატრის რეჟისურა ისწრაფოდა დასრულებული და ერთიანი მხატვრული ნაწარმოების შექმნისკენ, რომლის ყველა შემადგენელი ნაწილი, პიესის იდეის, მთავარი სათქმელის სრულყოფილად გამოხატვას დაექვემდებარებოდა. რეჟისურა, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლიდა და ამუშავებდა ეპოქის ისტორიულ, ყოფით დეტალებს. შემდეგ დასთან ერთად კითხულობდნენ პიესას, არჩევდნენ მთლიანობაში და ცალკეულ მოქმედებებად, ეპიზოდებად, სცენებად. დეტალურად ამუშავებდნენ როლებს, აკეთებდნენ ლიტერატურულ და ფსიქოლოგიურ ანალიზს. რეჟისორისა და მხატვრის მიერ, დადგმის დეტალური გეგმის შედგენის შემდგომ, გადადიოდნენ მასობრივი სცენების რეპეტიციებზე. მასობრივი სცენების ზედმიწევნითი დამუშავება, სპექტაკლის მხატვრული მთლიანობის მისაღწევად, უმნიშვნელოვანეს მომენტს წარმოადგენდა. მეინინგენელები ებრძოდნენ უსიცოცხლობას და სტატიკურობას მასობრივ სცენებში. მასების ორგანულ მონაწილეობას აღწევდნენ სცენური ქმედების განვითარებაში. ჯგუფებად დაყოფილ სტატისტებს ჰყავდათ „ჯგუფის უფროსი“ - ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დამდგმელი რეჟისორის წინაშე თავისი ჯგუფის მუშაობაზე. ხელმძღვანელები თვალყურს ადევნებდნენ, რათა მასობრივ სცენებში მონაწილე სტატისტებს, რეჟისორის გეგმის მიხედვით, სწორად გაეკეთებინათ ჟესტები, დროულად წარმოეთქვათ (ზოგჯერ სპეციალურად მათთვის დაწერილი) რეპლიკები, მათი პოზები არ ყოფილიყო ერთნაირი და ა. შ.
რეჟისურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ეპიზოდური როლების დამუშავებას. მათ უარი თქვეს ე. წ. „ამპლუას“ სისტემაზე. ერთ სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს სხვა სპექტაკლში ეპიზოდური როლი ჰქონდა, ან სულაც, მასობრივ სცენებში მონაწილეობდა.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა აგრეთვე სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებას - სცენოგრაფიას. აქ უმთავრესი იყო ისტორიული, ამა თუ იმ, ეპოქის ყოფის ზედმიწევნითი ასახვა. ისინი პიესაზე მუშაობისას დეტალურად სწავლობდნენ მატერიალური კულტურის ისტორიულ წყაროებს. ადგილზე სწავლობდნენ დრამატურგიულ ნაწარმოებში ასახულ გარემოს. მაგალითად, შილერის „ორლეანელ ქალწულზე“ მუშაობისას, მხატვარი გაემგზავრა ფრანგულ სოფელ დომრემში, საიდანაც იყო წარმომავლობით ჟანა დ’არკი. მათი დეკორაციები სიზუსტით ასახავდნენ არა მარტო ეთნოგრაფიულ გარემოს, არამედ ცხოვრებისეულ, სოციალურ ყოფით დეტალებსაც. მეინინგენელებმა ტილოზე დახატული არქიტექტურული დეტალები შეცვალეს სცენაზე აგებული დეკორაციით. სცენის სიბრტყე იყოფოდა რამდენიმე „ნაჭრად“, შემოიტანეს კიბეები, მოედნები, გადასასვლელი ხიდები, რაც ხელს უწყობდა მიზანსცენების დაგეგემარების დინამიკურობას, მხატვრულობას, ბუნებრიობას.
სცენური გამომხატველობის გასაძლიერებლად ფართოდ იყენებდნენ ხმოვან და განათების ეფექტებს. მაგალითად განათების ეფექტით იღებდნენ: წვიმის, მზის ჩასვლის და ამოსვლის, მთვარის შუქის, მოძრავი ღრუბლების გამოსახულებებს. ვირტუოზულად ამუშავებდნენ ხმოვან ეფექტებსაც. მაგალითად, „ვილჰელმ ტელში“ ქარიშხლის ეფექტის შექმნისათვის ხმაურების მთელ გამას იყენებდნენ: ქარის ყმუილს, ჭექა-ქუხილს, წვიმის, ტალღების ხმაურს და ა. შ. ხმაურებით მაყურებელში სივრცის ილუზიის გამომწვევ ეფექტსაც ახდენდნენ. მაგალითად, „ვალენშტეინის სიკვდილში“ სამხედრო ბანაკის დიდ ტერიტორიაზე განლაგების ილუზიის შესაქმნელად, დროდადრო, კულისებიდან გაისმოდა საყვირების სასიგნალო ხმები, მუსიკა, დოლზე დარტყმის ხმები და სხვ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მიერ ე. წ. „მხატის“ - მოსკოვის სამხატვრო თეატრის შექმნის იდეაზე უდიდესი გავლენა იქონია მეინინგენელთა თეატრის გასტროლებმა მოსკოვში.