მენანდროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენანდროსი

მენანდროსი – (ძვ. ბერძ. Μένανδρος, ძვ. წ. 342-292/29 წწ.), ძველი ბერძენი დრამატურგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ათენში დაბადებული, ბერძენი კომედიოგრაფი მენანდროსი ალექსისი, ახალი ატიკური კომედიის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიიჩნევა. წარჩინებული ათენელის პირმშომ, ეპიკურეს მეგობარმა და თეოფრასტეს მოწაფემ, მენანდროსმა კარგი განათლება მიიღო, განსაკუთრებით ლიტერატურის, ფილოსოფიისა და რიტორიკის განხრით. თავდაპირველ ინტერესს თეატრისა და დრამატურგიისადმი მისი ახლო ნათესავის, საშუალო ატიკური კომედიის პოეტის, ალექსიდესის გავლენასაც მიაწერენ. პიესების წერა 21 წლის ასაკიდან დაიწყო და არასოდეს შეუწყვეტია. 52 წლის ასაკში, შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე მენანდროსის სიცოცხლე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა; პოეტი თავის მამულში, პირეოსში ცურაობისას წყალში დაიხრჩო. დაღუპვის შემდგომ, მენანდროსს დიონისეს თეატრში ძეგლი დაუდგეს. ჰერმაზე ჰომეროსთან ერთად გამოსახეს, ხოლო მისი მამულიდან ათენისკენ მიმავალ გზაზე კენოტაფი აღუმართეს. სწორედ მისი სიკვდილის შემდგომ მოხდა კომედიოგრაფოსის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სათანადოდ დაფასება. სიცოცხლეში მენანდროსმა, თეატრალური შეჯიბრებებში სულ რვა გამარჯვება მოიპოვა, – ხუთი დიდ დიონისიებზე, სამი ლენეებზე, თუმცა მის მიერ დაწერილ პიესათა რიცხვი 100 აღემატებოდა. გაცილებით უფრო ხშირად შეჯიბრებებში იმარჯვებდნენ სხვა კომედიოგრაფოსები. გარდაცვალებისთანავე მენანდროსი ახალი კომედიის წამყვან წარმომადგენლად აღიარეს. მისმა პოპულარობამ მზარდი ხასიათი შეიძინა. რომაული კულტურის განვითარების პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დრამატურგად მენანდროსი იქცა, რომლის კომედიებს აქტიურად დგამდნენ და კითხულობდნენ კიდეც. რომაელი კომედიოგრაფოსები თავიანთ უშუალო წინაპრად მენანდროსს მიიჩნევდნენ, ხშირად მიმართავდნენ თავიანთ კომედიებში მენანდროსისეული პიესების მოტივებს, ხასიათებსა თუ მხატვრულ ხერხებს. მენანდროსს აღმატებულად მოიხსენიებდნენ ჰორაციუსი და პლუტარქე. მისი პიესები სასკოლო პროგრამებში შეიტანეს, – წასაკითხად სავალდებულო ავტორთა რიცხვს მიაკუთვნეს. მენანდროსისეულ გმირთა გამონათქვამების ციტირება ფართოდ იყო დამკვიდრებული მთელ ანტიკურ სამყაროში. მენანდროსზე იწერებოდა მონოგრაფიები, გამოკვლევები, სტატიები. ძვ.წ. V-IV სს-ში მისმა აღირებამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, მაგრამ მერე ხანგრძლივი დროით დავიწყებას მიეცა. დრამატურგის მივიწყებას შემდგომ ეპოქებში ხელი შეუწყო მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის დაკარგვამ. მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებული ინტენსივობით კი საუკუნის მიწურულს, დაიწყო პაპირუსსა თუ პერგამენტზე შემორჩენილი მისი პიესების ფრაგმენტების აღმოჩენის პროცესი.

შემოქმედება

მენანდროსის, სავარაუდოდ 108 პიესიდან ჩვენამდე სრული სახით მხოლოდ ერთმა კომედიამ „დისკოლოსმა“ მოაღწია, ფრანგმენტების სახით კი აღმოჩენილია სხვადასხვა პიესა:„თმამოკვეთილი“, „სამედიატორო სასამართლო“, „სამოსელი ქალი“, „ფარი“, „გმირი“, „შერისხული“, „შეძულებული“, „მიწის მუშა“, „ორჯერ მოტყუებული კითარისტი“, „კართაგენელი“, „სიკიონელი“, „მლიქვნელი“, „მოჩვენება“. ასევე აღმოჩენილია მისი სხვა კომედიების ძალზე მცირედი ფრაგმენტები.

საგულისხმოა, რომ მენანდროსის პიესების აღმოჩენა დღესაც გრძელდება. 2003 წელს ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნეს მენანდროსისეული ტექსტის 200 სტრიქონს. XIX საუკუნეში სირიელ მონაზონს გამოუყენებია დეფიციტური საწერი მასალა და მენანდროსის ტექსტის იგნორირებით ქრისტიანული ქადაგება დაუწერია. თუმცა რესტავრაციის წყალობით, ყველა არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად ნაპოვნი მენანდროსისეული ტექსტის აღდგენა შესაძლებელი გახდა. არსებითად, მენანდროსისეული შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილობრივი გადარჩენა. ერთი მხრივ, მეცნიერთა ძალისხმევის, მეორე მხრივ კი, სწორედ იმ ბედნიერ შემთხვევითობათა წყალობითაც მოხდა, რომელსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომედიოგრაფოსის ყველა პიესაში.

დისკოლოსი

მენანდროსის ერთადერთი, სავარაუდოდ, სრული სახით შემორჩენილი კომედია „დისკოლოსი“ პირველად XX საუკუნის 60-იან წლებში გამოქვეყნდა; თავის დროზე ძვ. წ. 312 წელს პირველად ათენის თეატრში, ლენეების დღესასწაულზე დაიდგა.

მეცნიერი რისმაგ გორდეზიანი მენანდროსის ამ პიესის სათაურის ქართულ ენაზე თარგმნის პრობლემატურობას აღნიშნავს. მისი თქმით, თარგმანი „ბრაზიანი“, „აუტანელი“, „ადამიანთმოძულე“, „ბუზღუნა“ ვერ გამოხატავს ბერძნული სათაურის არსს, რომლის შესატყვისად სწორედ „დისკოლოსს“ მიიჩნევს. დისკოლოსი სახეობაა ადამიანი ზღარბის, რომელიც მუდამ მზადაა სუსხიანი თავდაცვისთვის და ზუსტად გამოხატავს პიესის გმირის ხასიათს.

მენანდროსის პიესის გმირი, ყველათი და ყველაფრით უკმაყოფილო, ეჭვიანი მიზანთროპია, რომლის ნაირსახეობები სხვადასხვა ეპოქის დრამატურგიაში გვხვდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოლიერისეული მიზანთროპის სახე, რომლის ერთერთი მთავარ ლიტერატურულ წინაპრად მენანდროსეული ბრაზიანი კნემონი მოიაზრება. მოლიერის კომედიის პერსონაჟის მსგავსად, არც მენანდროსისეული გმირია ცალსახა და ერთგვაროვანი პერსონაჟი. გაჭირვებასთან დაუღალავად მებრძოლი კნემონი, უფრო ახირებული ხასიათის ადამიანია, ვიდრე კაცთმოძულე, უფრო ეჭვიანი და იმედგაცრუებული, ვიდრე ავის მსურველი ან ავის მაქნისი. პიესის ფინალში, როცა მის მიერ შერისხული ყმაწვილი ჭაში ჩავარდნილ კნემონს დახმარებას გაუწევს, ახირებული მოხუცი აღიარებს ადამიანების მიერ ურთიერთდახმარების საჭიროებას ცხოვრებაში. მართალია, ჯიუტი მოხუცი თავისი ზნის შეცვლაზე უარს აცხადებს, მაგრამ სხვების ბედნიერებისთვის ხელის შეშლასაც აღარ აპირებს. კნემონი ქალიშვილის გათხოვებასაც დათანხმდება და უსამართლოდ სახლიდან გაგდებულ ცოლსა და გერს მათთვის კუთვნილი მემკვიდრეობის ნაწილსაც უწილადებს.

მიზანთროპიისა და ბრაზიანობის ღიად გამომხატველი, ენამწარე კნემონის გარეგნულ ანტიპოდად იქცევა გამორჩენის მიზნით ტკბილად მოუბარი და ყველას მაქებარი მზარეული სიკონი. ამდენად, მენანდროსი, მხოლოდ გარეგნული გამოხატვის ფორმების მიხედვით, ადამიანის კაცთმოყვარეობასა თუ კაცთმოძულეობაზე მსჯელობის სიმცდარესაც წარმოაჩენს.

პიესაში კნემონის მორჯულებასა და შეყვარებული წყვილის შეუღლებაში გადამწყვეტ როლს შემთხვევითობის ძალა თამაშობს, მაგრამ ბედნიერების „შერგებას“ სწორედ კეთილი ზნე სჭირდება. ამავდროულად თავად შემთხვევითობაც მენანდროსის კომედიაში მაინც გარკვეული კანონზომიერების გამომხატველია, რადგან ნებისმიერი, ადამიანებისგან განდგომილი მიზანთროპი ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ სახით მოვლენილი გასაჭირის შემთხვევაში, სხვების დახმარებისა და თანადგომის საჭიროებას მაინც შეიგრძნობს.

„დისკოლოსში“ საკმაოდ ნათლად ვლინდება სიცოცხლის დამამკვიდრებელი სტიქიის გამომხატველ, ადამიანურ მისწრაფებებში ავტორისეული რწმენა.

სამედიატორო სასამართლო

მენანდროსი ევრიპიდისეული მსოფლაღქმის, ევრიპიდესეული ჰუმანისტური პათოსის გამზიარებლად მიიჩნევა, რაც განსაკუთრებით ნათლად ვლინდება მონებისადმი, ქალებისა და ქორწინების გარეშე გაჩენილი უკანონო შვილებისადმი დამოკიდებულებაში. იმხანად საზოგადოებაში დამკვიდრებული მამაკაცის სტერეოტიპული აზროვნებისა და მოქმედების წესს მენანდროსისეული გმირი მამაკაცები არღვევენ და უარყოფენ კიდეც, როგორც მცდარსა და ბედნიერებისთვის ხელის შემშლელს. საზოგადოებაში დამკვიდრებული და პოპულარულ ორატორთა მიერ გახმოვანებული შეხედულებების თანახმად, ცოლი მამაკაცს გვარის გასაგრძელებლად და მეურნეობის მისახედად, მსახური მონა ქალი სხეულის ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ჰეტერა კი სიამოვნების მისაღებად სჭირდება. ევრიპიდეს დრამების მსგავსად, მენანდროსის პიესებშიც ქალისადმი განსხვავებული დამოკიდებულება ვლინდება. მენანდროსისეული მამაკაცი გმირები თავადვე აღიარებენ იმის უსამართლობას, რომ კაცს ადვილად მიეტევება ქალისთვის მიუტევებლად მიჩნეული ცოდვები. მართლაც, ძალადობის მსხვერპლად ქცევის შემთხვევაშიც კი ქალი მიიჩნევა დამნაშავედ, მოძალადე კი – თავქარიან მექალთანედ. ცოლისადმი საკუთარი დამოკიდებულების სიმცდარეს გააცნობიერებს პიესის „სამედიატორო სასამართლოს“ გმირი, რაც მისი პიროვნების გაკეთილშობილების საწინდრად იქცევა. თუკი ელინური პერიოდის დრამატურგიაში მასშტაბური მოვლენები და კატაკლიზმები იწვევდნენ კათარზისს, მენანდროსის კომედიებში გმირის კათარზისს უახლოეს ადამიანთა შორის არსებულ ურთიერთობებში დაშვებული შეცდომის გაცნობიერება იწვევს.

„სამედიატორო სასამართლო” სიუჟეტური თვალსაზრისით ახალი კომედიის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს, მაგრამ მასში უჩვეულოა მოვლენების აღქმისა და შეფასების რაკურსი. კომედიის გმირი, მდიდარი ათენელი ყმაწვილი ქარისიოსი, დროებით გაემგზავრება მშობლიური ქალაქიდან და ახალშერთულ ცოლსაც, პამფილას სტოვებს. ამასობაში, ქმრის გამგზავრებიდან ხუთი თვის შემდეგ, პამფილა ბავშვს აჩენს და ძიძის დახმარებით, სხვადასხვა ამოსაცნობ ნივთთან ერთად, ჩვილს სხვას მიუგდებს. ქალის მიერ შვილის გაჩენის შესახებ ქარისიოსის მსახური ონისიმე შეიტყობს და ბატონს ჩამოსვლისთანავე ამცნობს. ცოლში შეუყვარებელი ქარისიოსი პამფილას სახლიდან არ გააგდებს, მაგრამ დარდის გაფანტვას ჰეტერასთან, პაბროტონიონთან გართობით ცდილობს. ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით ქარისიოსი შეიტყობს, რომ ჯერ კიდევ ქორწინებამდე მისივე ცოლის მოძალადე და ჩვილის მამაც თავადვე ყოფილა. თავადვე, ნასვამ მდგომარეობაში ქალზე მოძალადე ქარისიოსი განიცდის, რომ სხვისი ძალადობის მსხვერპლად ქცეულ ცოლს ადანაშაულებდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყობს ყმაწვილი კაცი, რომ წარსულში მის მიერ ჩადენილის მსხვერპლი მისივე ცოლი ყოფილა. პიესა ყველა გაუგებრობის გარკვევითა და კონფლიქტის მოგვარებით სრულდება, რასაც ხელს უწყობს ჰეტერია ჰაბროტონინი. მენანდროსის კომედიაში ადამიანს კეთილშობილება არ არის გაპირობებული არც მისი წარმომავლობითა და არც სოციალური მდგომარეობით, ისევე, როგორც ადამიანის შეხედულებებს, საბოლოო ჯამშიც, შინაგანი თავისუფლება განსაზღვრავს და არა აღზრდა ან გარემოს გავლენა.

თმაშეჭრილი

მენანდროსი მამაკაცურ სიძლიერესა და ღირსებას ხედავს არა საკუთარი სქესობრივი უპირატესობის შეგრძნებაში, – საკუთარი თავის მიმართ უკრიტიკო, ყველაფრის მპატიებელ დამოკიდებულებაში, არამედ სრულიად საპირისპირო თვისებებში; შეცდომის აღიარების, შეხედულებების შეცვლის, ყოველგვარი კლიშეებისა და დოგმებისაგან გათავისუფლების უნარში.

ნაცნობი ნიღბის მოულოდნელი კუთხით წარმოჩენითა და მამაკაცური სიძლიერის ასევე არატრადიციული თვალთახედვით ჩვენებით ხასიათდება მენანდროსისეული კომედია „თმაშეჭრილი“, ჩვეულებისამებრ, თვითკმაყოფილებითა და ბაქიაობით ცნობილი მეომრის ნიღაბი მოულოდნელ ელფერს იძენს მენანდროსის კომედიაში. პიესის გმირი პოლემონი მკვეხარა მეომრის ფსიქოტიპის გამომხატველი პერსონაჟი, საკუთარი თავისთვისაც და გარემომცველთათვის გასაკვირ ტრანსფორმაციას განიცდის. სიყვარულის გავლენით, უხეში და ფიცხი არსებიდან სათუთ რომანტიკოსად იქცევა. თავდაპირველად ამპარტავანი პოლემონი, უსაფუძვლო ეჭვით შეპყრობილი, იმხანად დიდად შეურაცხმყოფელ მიჩნეულ საქციელს სჩადის და თავის საყვარელს – გლიკერას თმას მოაჭრის. თმაშეჭრილობა ქალის უღირსობის მაჩვენებლად აღიქმებოდა, ამდენად შეურაცხყოფილი გლიკერა პოლემონს მიატოვებს და მისი სახლიდან მიდის. საყვარელთან განშორების შემდეგ, პოლემონი თავისი გრძნობის სიძლიერეს პირველად გააცნობიერებს, სინანულისა და მონატრების მძაფრი განცდა ეუფლება. ამავდროულად, გაკეთილშობილებული პოლემონი მისგან გაქცეული საყვარლის იძულებით დაბრუნების ყოველგვარ მცდელობას უარყოფს და თითქმის იმედდაკარგული იტანჯება. ამ განშორების დროსვე ირკვევა, რომ გლიკერა წარჩინებული და შეძლებული მოქალაქის კანონიერი პირმშოა – ბედის უკუღმართობის გამო დაკარგული. მაგრამ წლების შემდეგ ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, მამან კვლავ ნაპოვნა. სწორედ მაშინ, როდესაც პოლემონი საბოლოოდ კარგავს თავისი შეყვარებულის დაბრუნების იმედს, აღმოჩნდება, რომ გლიკერამ დააფასა კაცში მომხდარი ცვლილება და კვლავ მას უბრუნდება. დასასრულს კი პოლემონი თავისი სიუხეშის დაძლევისა და ცოლის პატივისცემის პირობას იძლევა.

თუკი ელინურ დრამატურგიაში სიყვარული არაერთგვაროვანი, – როგორც შემოქმედებითი, ასევე ძალზე ხშირად დამანგრეველი სტიქიის სახით ვლინდებოდა, მენანდროსთან სიყვარული ყოველთვის მაინც პოზიტიურ როლს თამაშობს. მენანდროსისეული გმირები საბოლოოდ ყოველთვის სიყვარულის ღირსნი აღმოჩნდებიან და კრიტიკულ ჟამს სულგრძელობას ავლენენ. მამაკაცი თავისი სტერეოტიპული როლის დაძლევის, ქალი კი მისი ღირსების დანახვის უნარმქონე აღმოჩნდება.

შეძულებული

მენანდროსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და შედარებით მოზრდილი ფრაგმენტების სახით შემორჩენილი პიესა „შეძულებული“ ადამიანის შინაგანი თავისუფლების მნიშვნელობას წარმოაჩენს, მისი სოციალური მდგომარეობისგან განურჩევლად. პიესის გმირი, მეომარი ორაკონი, ყველა მცდელობის მიუხედავად, უძლურია თავისივე ტყვე მონას, კრეტეას თავი შეაყვაროს _ მანამ, სანამ ქალში თავისთავად არ იღვიძებს სიყვარულის გრძნობა. როდესაც ირკვევა, რომ ორაკონი არ არის ქალის ძმის მკვლელი, მეომრის გრძნობის სიძლიერითა და დელიკატურობით მოხიბლულ კრეტეაშიც საპასუხო გრძნობა იღვიძებს. ჩვეულებისამებრ, კრეტეაც წარჩინებული წარმომავლობის აღმოჩნდება, მაგრამ ამ სიუჟეტური სვლის მიუხედავად, მენანდროსი აშკარად პიროვნული თვისებებით გამოიარჩევს ადამიანს. თავისუფლებაც და მონობაც შინაგანი მდგომარეობის გამომხატველად იქცევა. თავისუფლება კი უპირველესად სხვისი არჩევანის პატივისცემაში ვლინდება. ორაკონს აზრადაც კი არ მოსდის მისივე ტყვე მონის ძალით დამორჩილება, რადგან სიყვარულის გრძნობა მისთვის არა თავისუფლების დამთრგუნველი, არამედ პირიქით, თავისუფლების გამომხატველია. მენანდროსის ამ კომედიის ფინალშიც შეუღლდებიან სწორედ შინაგანად თავისუფალი, ძლიერი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი არჩევანისა და გულის კარნახის ძალას სცნობენ.

მენანდროსის კომედიების გმირები ხშირად ცდებიან, ნაჩქარებ დასკვნებს აკეთებენ, თავს არიდებენ ურთიერთობებისა და სიმართლის დროულად გარკვევას, მაგრამ, ამავდროულად, საკუთარი შეცდომის აღიარებისა და სხვისი პატიების ძალაც შესწევთ.

მენანდროსისეული კომედიის სამყაროში ადამიანთა ცხოვრებას არც ოლიმპოსის მთის მკვიდრნი და არც რაიმე სხვა სახის უზენაესი კანონზომიერება წარმართავს. ბედისწერის ძალა ბრმა შემთხვევითობის ძალით ვლინდება. ამავდროულად, მენანდროსი იმასაც გვიჩვენებს, რომ იღბალი ქარის მოტანილად და ქარისავე წაღებულად იქცევა, თუკი ადამიანს მისი დანახვის, დაფასების – საბოლოოდ კი სიცოცხლით ტკბობის უნარი არ გააჩნია.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები