მსევანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსევანი

მსევანი (ლათ. Tringa totanus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

მსევანი ჭოვილოებს შორის მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 145-170 მმ-ია, გალო – 45-55 მმ, ნისკარტი – 38-47 მმ, წონა –120-150 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრულ ფრინველს ზაფხულში სხეულის ზურგის მხარე (უკანა ნაწილის გარდა) ღია მურა ფერის აქვს, ქვიშისფერი ელფერით. ზურგის ბუმბულებზე არის ღეროს გასწვრივი მუქი ზოლები და ნათელი არშიები. თავი ზემოდან ყველაზე მუქია. მხრებისა და ფრთების დიდ მფარავებზე მუქი განივი ზოლებია. ზურგის უკანა ნაწილი, კუდის ზემო მფარავები, იღლია, ფრთის ქვემო მფარავები და სხეულის ქვემო მხარე თეთრია, თუმცა სხეულის გვერდებზე, მკერდსა და ჩიჩახვის მიდამოებში მუქი გასწვრივი ხშირი შტრიხებია. პირველი რიგის მომქნევები მოშავო-მურაა, შიგნითა მარაოებზე ძლიერ განვითარებული სითეთრით, რომელიც გარეთა მარაოს წვეროს ნაწილებზეც გადადის. უკანასკნელი პირველი რიგისა და მეორე რიგის მომქნევები თეთრია, მაგრამ ამ უკანასკნელის წაგრძელებული ბუმბულები ისეთივე ფერისაა, როგორიც მხრის ბუმბულები. პირველ მომქნევს ღერო თეთრი აქვს. ნისკარტი სწორია და მუქი ფერისა, მაგრამ ძირში მოწითალო. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. ზამთარში ზურგის მხარე მოკვამლისფრო-მურაა. ფრთის მფარავებს უფრო ღია ფერის არშიები აქვთ. სხეულის ქვემო მხარის სიჭრელეც უფრო წვრილი და მეჩხერია.

აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მსევანი – T. t. totanus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, აგრეთვე აზიის უდიდეს ნაწილს. გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი გადის სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულებიდან, აღმოსავლეთით თათრის სრუტემდე, ზოგან მნიშვნელოვნად იჭრება ტუნდრის ზონაში. სამხრეთით პირენეიდან, ხმელთაშუა ზღვის ნაპირების, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ჩრდილოეთი ინდოეთისა და ჩინეთის გასწვრივ, ზღვისპირეთამდე. ზამთრობს ისლანდიაში, ბრიტანეთის კუნძულებზე, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე, სპარსეთის ყურის ნაპირებზე, ირანში, ინდოეთში, ცეილონზე, ბირმაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ზონდის კუნძულებზე, ცელებესსა და ფილიპინებზე. აღმოსავლეთ საქართველოში მობუდარია, ხოლო დასავლეთში გვხვდება მიმოფრენის დროს.

ბიოტოპი

ვრცელი ბალახიანი ჭაობები, ტენიანი მდელოები, პატარა გუბეებითა და ბუჩქნარით როგორც დიდი მდინარეების დაბლობებზე, ისე ველის ზონის მდინარეთა ნაპირებზე. ხშირად ბუდობს ლიმანის კიდეებზე და წყნარი მდინარის ნაპირებთან. ხალისით ბუდობს საქონლის მიერ გათელილ, ვრცელ ბალახიან ჭაობებში. ვერტიკალურად ვრცელდება 3000 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

დაწყვილება მიმდინარეობს მაისის მეორე ნახევარში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ჭაობის კოლბოხზე, პატარა ჩაღრმავებაში, რომელიც მცირედ ამოფენილია ხავსითა და ბალახით. მაისის ბოლოს დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 25 დღემდე აღწევს.

კვება

მსევანის ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის ნაირგვარი მწერები, ჭიაყელები, ლოქორები, ლოკოკინები, გვერდულები, პატარა ზომის ლიფსიტები.

მნიშვნელობა

საქართველოს ფარგლებში, მისი მცირერიცხოვნობის გამო, პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები