მსოფლიოს ენები
მსოფლიოს ენები - დედამიწის ზურგზე ენათა რიცხვი 2 800 აღემატება. ეს რიცხვი უთუოდ გაიზრდება, როდესაც მსოფლიოს ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება. ასე მაგალითად, საფუძვლიანად ვიცნობთ ევროპულ ენებს, აგრეთვე - აზიისა და აფრიკის მთელ წყება ენებს, მაგრამ აზიისა და აფრიკის, ამერიკის ძირეული მოსახლეობის, ავსტრალიისა და წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ენათა უმრავლესობა ჯერ კიდევ სათანადოდ შესწავლილი არ არის. ამიტომ მსოფლიოს ენათა კლასიფიკაცია, რომელსაც ამჟამად გვთავაზობს მეცნიერება, რამდენადმე პირობითია, წინასწარი ხასიათისაა.
მსოფლიოს ენებში ამჟამად უნდა გავარჩიოთ ტომობრივი ენები, ხალხოვნური ენები და ეროვნული ენები. არსებობდნენ გვაროვნული ენებიც, რომლებიც აღარ შემოუნახავს კაცობრიობას (გვაროვნული წყობილება, გვაროვნული ენები განვითარების განვლილი საფეხურია.).
ტომობრივი ენებია, მაგალითად, დაღისტნის ენები - აღულური, წახურული, ანდიური, დიდოური, აფრიკის, პოლინეზიის და სხვა ენები.
ხალხოვნური ენებია, მაგალითად, ავარიული, ლაკური, ყაბარდოული, უდმურტული, ციმბირის ხალხის ენები - ევენკებისა, ოდულებისა და სხვ.
ეროვნული ენებია, მაგალითად, ქართული, რუსული, ფრანგული, ჩინური, არაბული, სომხური, უკრაინული და სხვ.
არის ენები, რომლებიც ემსახურებიან არა რომელიმე ერს, არამედ რამდენიმე ერს. ასეთებია, მაგალითად, პორტუგალიური ენა - პორტუგალიასა და ბრაზილიაში, ფრანგული ენა - საფრანგეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში, ინგლისური ენა - ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანული ენა - გერმანიასა და ავსტრიაში, ესპანური ენა - ესპანეთსა და სამხრეთ ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკებში (ურუგვაი, პარაგვაი, არგენტინა, ჩილე, პერუ, მექსიკა...).
არის საერთაშორისო ენებიც, რომლებზედაც ქვეყნდება საერთაშორისო გაერთიანებათა (გაერთიანებული ერების, მშვიდობის დაცვის კომიტეტისა და სხვ.) დოკუმენტები. ესენია: რუსული, ინგლისური, ფრანგული, ჩინური. ეს ენები თავიანთი ერების ენებიცაა და საერთაშორისო ენებსაც წარმოადგენენ.
არის მკვდარი ენებიც, მკვდარია ენა, რომლის მატარებელი კოლექტივი, ხალხი ისტორიულად გადაშენდა. მაგალითად, გადაშენებული მკვდარი ენებია შუამდინარეთისა და მცირე აზიის ენები, რომლებიც არსებობდნენ საუკუნეთა სიღრმეში: სუმერული, ელამური, ხეთური და ასურულ-ბაბილონური; მკვდარია ეგვიპტური, ლათინური და სხვ.
დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებული ენებია: ჩინური, ინდური, ინგლისური, რუსული, ესპანური.
ევროპულ ენათაგან გავრცელებულობის მიხედვით ყველაზე წინ ინგლისური და ესპანური ენებია. როგორც ზემოთ ითქვა, ისინი, გარდა ინგლისისა და ესპანეთისა, სხვა ქვეყნებშიცაა შემოღებული. ესაა შედეგი ამ ქვეყნების კოლონიზატორული ექსპანსიისა.
მონათესავე ენები
მსოფლიოს ენებში გამოიყოფა მსხვილი დაჯგუფებანი, რომლებშიაც შედიან ერთმანეთთან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი ენები, მონათესავე ენათა ოჯახები თითოეულ ოჯახში გაერთიანებულ ენებს საერთო წარმოშობა აქვთ.
ტერმინი ენათა „ოჯახი“ არ უნდა გავიგოთ ბიოლოგიურად; ენა ხომ საზოგადოებრივ-ისტორიული მოვლენაა და არა ბიოლოგიურ-ისტორიული კატეგორია. ამიტომ ცნება „ოჯახი“ ამ შემთხვევაში გადმოგვცემს არა ისეთ მიმართებას, როგორიც არსებობს „მამებსა“ და „შვილებს“ შორის, - ენათა „ოჯახი“ გულისხმობს ენათა ურთიერთობას წარმოშობისა და ისტორიული განვითარების მიხედვით, - ეს ისტორიული განვითარება კი განსაზღვრულია ენის საზოგადოებრივი ხასიათითა და ბუნებით.
საიდან მომდინარეობენ მონათესავე ენები? ერთი და იმავე ენის დიალექტებისაგან; მონათესავე ენები ყოფილი დიალექტებია, ისტორიული განვითარების პროცესში დამოუკიდებელ ენებად გარდაქმნილნი. იმ ძველ ენას, რომლის დიალექტებისაგან წარმოიქმნა მონათესავე ენები, ფუძეენას უწოდებენ. მაგალითად უკრაინულს, რუსულს, ბელორუსულს ოდესღაც საერთო ფუძეენა ჰქონდათ; ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუმინული და სხვა მოძმე ენების ფუძეენას ხალხური ლათინური წარმოადგენს.
ენათა ნათესაობა თავს იჩენს როგორც ენის ძირითად სიტყვაობრივ მარაგში (ე.ი. სიტყვათა ძირებში), ისე გრამატიკასა და ბგერათა მიმართებაში. ასე, მაგალითად, ენაში, საერთოდ, ძველისძველია ნათესაობის ტერმინები (და, ძმა, დედა, მამა…), ძველია, აგრეთვე, რიცხვითი სახელები (ათამდის), ზოგიერთი ნაცვალსახელი, ადამიანის სხეულის ნაწილების სახელები, ზოგიერთი ცხოველის, მცენარის, იარაღების სახელები და სხვ. უმთავრესად ამგვარი სიტყვების ძირები უნდა შევადაროთ ორი ენისა ერთმანეთთან და, თუ ამას დავუმატებთ გრამატიკულ აღნაგობას და ამ გზით მსგავსება ცხადი გახდება, ნათესაობა დადასტურებული იქნება.
მონათესავე ენებში არსებული საერთო ძირის სიტყვებს რომ ადარებენ ერთმანეთს, ამ შედარების გზით შესაძლოა აღდგეს ის ძველი სიტყვა, რომელიც არსებობდა ფუძეენაში. ეს აზრი შეიძლება სხვანაირად ასე ითქვას: ფუძეენაში არსებობდა ვთქვათ, რომელიმე X სიტყვა; ეს სიტყვა სათავეა მონათესავე ენებში დაცული ვარიანტული სახეობებისა. მაგალითად, რუსულში „ძმის“ აღმნიშვნელია брат, გერმანულში - Bruder, ლათინურში - frater ძველ ინდურში bhrata (r), ძველ სპარსულში bhrata (r). უეჭველია, ესენი ერთი ძირის მონათესავე სიტყვებია. მათ საერთო წყარო აქვთ: რუსული, გერმანული, ლათინური, ძველინდური, ძველსპარსული, მონათესავე ენები რომ არ იყვნენ, ეს საერთო ძირის სიტყვები არ ექნებოდათ.
როგორ მივიღეთ „ძმა“ სიტყვის გადმოსაცემად ეს ვარიანტები (ბრატ, ბრუდერ და სხვ.)? ამ ენების ფუძეენაში (საიდანაც ეს ენები მომდინარეობენ) არსებობდა გარკვეული სიტყვა, რომლის ვარიანტული სახეობებიც გამომუშავებულია ზემოთჩამოთვლილ მოძმე ენებში. როგორ გამოითქმოდა ეს უძველესი სიტყვა? არ ვიცით. რადგან ის არსად არ შენახულა; ვიცით მისი ვარიაციები, არ ვიცით ამ ვარიაციების ფუძესიტყვა, მათი ძველი სახეობა. აი ამ ვარიანტების (ბრატ, ბრუდერ...) ერთმანეთთან შედარებამ (დაფუძნებულმა ენათმეცნიერულ კანონებზე) შეიძლება საშუალება მოგვცეს, აღვადგინოთ ჩვენთვის საინტერესო სიტყვის გარეგნული სახე. მაგალითად, ერთმანეთს შეუდარეს ე.წ. რომანული ენების (ფრანგულ-იტალიურ-ესპანურ და სხვა ენათა) სინამდვილეში არსებული ერთი ძირის სიტყვები, რომლებიც „მსხალს“ გამოხატავენ და აღადგინეს მათი უძველესი სახეობა pira, რომელიც ამ ენების დღეს არარსებულ ფუძეენაში უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იქნებ შეცდა მეცნიერული კვლევა-ძიება, პრაქტიკულად შემოწმება მეცნიერული ძიების ამ შედეგისა ხომ არ შეიძლებოდა? არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ ამ ენების ფუძეენა რეალურად არ შენახულა, ხალხური ლათინური დიდი ხნის მკვდარი ენაა; არ ვიცით მსხალს მაშინ pira ერქვა თუ არა! მაგრამ, აი, შემდეგ აღმოჩნდა უძველესი წარწერა, შესრულებული ხალხურ ლათინურზე, სადაც სწორედ pira სწერია მსხლის მნიშვნელობით… ასე გამართლდა მეცნიერული ვარაუდი, დამყარებული ფაქტების მართალ ანალიზზე.
მეცნიერებამ ევროპული ენების საფუძველზე ბევრი ასეთი ძირი აღადგინა. ავგ. შლაიხერმა 1868 წელს გამოაქვეყნა რვასტრიქონიანი მოთხრობა -„ცხვარი და ცხენები“, რომელიც დაწერილია თეორიულად აღდგენილი სიტყვების საფუძველზე, ოდესღაც არსებულ ინდოევროპულ ფუძეენაზე.
მთლიანად აღდგენა რომელიმე ენათა ოჯახის ფუძეენისა შეუძლებელია, მაგრამ მისი ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის ძირითადი მონაცემები შესაძლებელია აღდგენილ იქნეს.
მსოფლიოს ენათა ოჯახები
თითოეულ ენათა ოჯახში შესაძლებელია გამოიყოს შედარებით მცირე ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან, ვიდრე იმავე ოჯახის სხვა ენებს. ამ შინადაჯგუფებას აღნიშნავენ ტერმინით: „ენათა შტო“.
ვნახოთ, რა ენები შედიან ენათა ოჯახებში:
I ინდოევროპულ ენათა ოჯახი
1. ინდური შტო
1. სანკრიტი - მკვდარი ენაა; გამოყენებული იყო სალიტერატურო ენად VI საუკუნიდან (ძვ. წელთაღრიცხვით).
2. პრაკრიტი ენა - მკვდარი ენაა; ესაა ხალხური მეტყველება, დიალექტები; იგი საშუალო ინდურია; პრაკრიტზე უძველესი წარწერებია შესრულებული (III საუკ. ჩვ. წელთაღ.).
3. პალი ენა - მკვდარი ენაა. საშუალო ინდურია; ამ ენაზე შესრულებულია ბუდიზმის საღვთისმეტყველო ლიტერატურა.
4. ჰინდუსტანური - ლაპარაკობს 150 მილიონი ადამიანი; ამის საფუძველზე გამომუშავებულია სალიტერატურო ენები: ურდუ პაკისტანის სალიტერატურო ენა, ჰინდი - ინდოეთის სალიტერაურო ენა.
5. ბენგალიური - (ამ ენაზე წერდა რაბინდრანათ თაგორი).
6. ბიჰარი ენა.
7. მარატჰი ენა.
8. პენჯაბური.
9. ბუჯართა ენა.
10. ორჲა - ენა და ასამური.
11. სინდჰი - ენა.
12.ბოშური (ბოშთა ენა – ესპანეთში, უნგრეთში, რუმინეთში, გერმანიაში, თურქეთში, საბჭოთა კავშირში...).
2. ირანული შტო
1. ძველი სპარსული - მკვდარი ენაა; ცნობილია ლურსმული წარწერიდან (VI საუკ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე).
2. ავესტის ენა - მკვდარი ენაა; მეორე ძველსპარსულია - რელიგიური ტექსტების „ავესტის“ ენა.
3. საშუალო სპარსული (ფალაური) - იხმარებოდა III-IX სს. (ახ. წელთაღრიცხვ.).
4.სკვითური - მკვდარი ენაა (სკვითები ცხოვრობდნენ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე).
5. სოღდური - მკვდარი ენაა (აღმოჩენილია ამ ენაზე შესრულებული ტექსტები VIII-IX საუკუნეებისა).
6. ახალი სპარსული - სალიტერატურო ენა IX საუკუნიდან.
7. ტაჯიკური.
8. ავღანური (პაშტუ) – XX საუკ. 20-იანი წლებიდან ავღანისტანის სახელმწიფო ენაა.
9. ბელუჯური - ბელუჯისტანის ხალხური ენა.
10. ქურთული - ენა ქურთებისა, რომლებიც ცხოვრობენ ირანში, ერაყში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში.
11. ოსური.
3. სლავური შტო
A. აღმოსავლური ქვეჯგუფები:
1. რუსული - დამწერლობა - X საუკუნიდან.
2. უკრაინული - სალიტ. ენა ჩამოყალიბდა XVI-XVII სს.
3.ბელორუსული სალიტ. ენა ჩამოყალიბდა XIX ს. - დასაწყისში.
B. სამხრული ქვეჯგუფი:
4. ბულგარული - უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნება X საუკუნეს.
5. მაკედონური - ბულგარეთში, იუგოსლავიაში, საბერძნეთში.
6. სერბულ-ხორვატული - გავრცელებულია იუგოსლავიაში; უძველესი წერილობითი ძეგლები - XI საუკ.
7. სლოვენური - გავრცელებულია იუგოსლავიაში, ავსტრიაში, იტალიაში; უძველესი წერილობითი ძეგლები - X-XI ს.
8. ძველი სლავური (ან ძველი საეკლესიო სლავური) - მკვდარი ენაა; გამოყენებული იყო სლავების საერთო ლიტერატურულ ენად საშუალო საუკუნეებში.
C.დასავლური ქვეჯგუფი:
9. ჩეხური - ჩეხოსლოვაკია. მწიგნობრობა ლათინურ ანბანზე; უძველესი წერილობითი ძეგლები - XIII ს.
10. სლოვაკური - ჩეხოსლოვაკია (ესეც სახელმწიფო ენაა).
11. პოლონური - მწიგნობრობა ლათინურ ანბანზე; მწიგნობრობა XIV საუკუნიდან.
12. კაშუბური - ახლოსაა პოლონურთან; პოლონეთი (ბალტიის ზღვის სანაპირო, გდანსკის დასავლეთი).
13. სერბოლუჟიცური - საქსონიასა და პრუსიაში, მდ. შპრეეს ზემო ნაწილში; მწიგნობრობა ლათინურ ანბანზე.
14. პოლაბური - მკვდარი ენაა (გაქრა XVIII საუკ.); გერმანია - მდ. ელბის ნაპირებზე. 15. სლოვინცური - მკვდარი ენაა; პომერანიაში (ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე). გაქრა საშუალო საუკუნეებში.
4. ბალტიური შტო
1. ლიტვური - ლიტვა, მწიგნობრობა ლათინურ ანბანზე; წერილობითი ძეგლები - XV ს.
2. ლატვიური - ლატვია; ლათინური ანბანი; წერილობითი ძეგლები XVI ს.
3. პრუსიული - მკვდარი ენაა; XVII ს.
ბალტიური და სლავური ენები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, ზოგჯერ ერთადაც იხსენიებიან: ბალტიურ-სლავური შტო (ან: ჯგუფი).
5. გერმანული შტო
A. ჩრდილო გერმანული (სკანდინავიური) ქვეჯგუფი:
1.დანიური - დანია; ლათინური ანბანი; აგრეთვე ნორვეგიის ლიტერატურული ენა XIX ს. ბოლომდის.
2. შვედური - შვეცია, დასავლეთ ფინეთი, ნორვეგია; ლათინური ანბანი.
3. ნორვეგიული - ნორვეგია; მწიგნობრობა ლათინურ ანბანზე; თავდაპირველად - დანიური: XIX ს. ბოლომდის ნორვეგიელთა სალიტერატურო ენა დანიური იყო.
4. ისლანდიური - ისლანდია; ნორვეგიული ენის განშტოებაა; ლათინური ანბანი; წერილობითი ძეგლები XVIII ს.
B. დასავლურ-გერმანული ქვეჯგუფი:
5. ინგლისური - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები (თავისებური „ამერიკული“ ნაირსახეობა ინგლისური ენისა), კანადა, ალიასკა, სამხრეთ-აფრიკის კავშირი, სუდანი, ეგვიპტე, სირია, პალესტინა, ერაყი, ინდოეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია; სალიტერატურო ინგლისური ჩამოყალიბდა XVI ს. ლონდონური დიალექტის საფუძველზე; V-XI სს.- ძველინდური (ან ანგლო-საქსური), XI-XVI სს. - საშუალინგლისური, XVI ს. - ახალინგლისური; ლათინური ანბანი; წერილობითი ძეგლები VII.
6. ჰოლანდიური - ჰოლანდია, ჩრდილოეთ ბელგია, სამხრეთ-აფრიკის კავშირი (ბურები); ლათინური ანბანი; სამხრეთ-აფრიკის კავშირში ცხოვრობენ ბურები, რომლებიც გადმოსახლებული არიან ჰოლანდიიდან და მეტყველებენ ბურების ენაზე (ჰოლანდიური ენის ნაირსახეობა.
7. ფრიზული - ჩრდილოეთ ჰოლანდია და გერმანიის ზღვის კუნძულები; წერილობითი ძეგლები XIV ს.
8. გერმანული - გერმანია, ავსტრია, ჩრდილოეთ აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი შვეიცარია, საბჭოთა კავშირის გერმანული მოსახლეობა; სალიტერატურო ენა VIII-IX სს - საშუალო ზემოგერმანულის საფუძველზე, XVI საუკუნიდან - ახალი ზემოგერმანულის საფუძველზე; ლათინური ანბანი.
9. იდიში (ახალებრაული) - სხვადასხვა ზემო გერმანული დიალექტები, რომლებშიც შეზავებულია ძველებრაულის, სლავურისა და სხვა ენების ელემენტები; ესაა ენა გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის და სსრკ-ს ებრაული მოსახლეობისა; მწიგნობრობა ძველებრაულ ანბანზე.
C. აღმოსავლურ-გერმანული ქვეჯგუფი:
10. ვესტგუთური - მკვდარი ენაა; ესაა ესპანეთისა და ჩრდილოეთ იტალიის შუა საუკუნეთა გუთების სახელმწიფოს ენა.
11. ოსტგუთური - მკვდარი ენაა; ესაა ენა აღმოსავლელი გუთებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ადრეულ შუა საუკუნეებში შსავი ზღვის სანაპიროზე.
6. რომანული (იტალიური) შტო
1. ფრანგული - საფრანგეთი, სამხრეთ ბელგია, დასავლეთ შვეიცარია, კანადა, აგრეთვე - მაროკო, ლევანტი, სირია, ინდოჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატებ ი, გვიანა და კუნძული გაიტი; ახ. სალიტ. ენა ჩამოყალიბდა XVI ს. ილ-დე-ფრანსის დიალექტის საფუძველზე (ცენტრი - პარიზი); ლათინური ანბანი; უძველესი წერილობითი ძეგლები - IX ს.; ფრანგულმა ენამ სხვა ევროპულ ენებზე ადრე მოიპოვა საერთაშორისო ენის უფლება.
2. პროვანსული - ესაა ენა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის (პოვანსის) ეროვნული უმცირესობისა; როგორც სალიტერატურო ენა - არსებობდა შუა საუკუნეებში (ტრუბადურების ლირიკა) და მოატანა XIX ს. ბოლომდის.
3. იტალიური - იტალია, სამხრეთ შვეიცარია და აფრიკის ყოფილი იტალიური კოლონიები კოლონიები; სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა ტოსკანური კილოს, კერძოდ ფლორენციის კილოკავის საფუძველზე; ლათინური ანბანი; ისტორიულად - პირველი ეროვნული ენა ევროპაში.
4. სარდინული (ან სარდული) - კუნძული სარდინია, ენა იტალიის ეროვნული უმცირესობისა.
5. ესპანური - ესპანეთი, ფილიპინის კუნძულები და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ყველა რესპუბლიკა (გარდა ბრაზილიისა); შეიქმნა ევროპაში ხალხური ლათინურისა და იბერიის რომის პროვინციების ადგილობრივი მოსახლეობის ენის შეჯვარედინების საფუძველზე; ლათინური ანბანი.
6. კატალონიური - ჩრდილო- დასავლეთ ესპანეთი (ცენტრი - ბარსელონა) და სამხრეთ საფრანგეთი.
7. პორტუგალიური - პორტუგალია, ჩრდილო აღმოსავლეთ ესპანეთის ნაწილი, ბრაზილია სამ ხრეთ ამრიკაში.
8. რუმინული - ლათინური ანბანი. მწერლობა - XVI საუკუნიდან.
9. მოლდავური (ახლოა რუმინულთან) - მოლდავეთი; დამწერლობა რუსული ანბანის საფუძვცელზე.
10. მაკედონურ-რუმინული - მაკედონია ალბანეთი, და საბერძნეთი.
11. რეტო-რუმინული - ეროვნული უმცირესობის ენაა: ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ შვეიცარიაში; 1938 წლიდან აღიარებულია შვეიცარიის ერთ-ერთ სახელომწიფო ენად (სულ ოთხია).
12. ლათინური - მკვდარი ენაა; ესაა რომის სალიტერატურო სახელმწიფო ენა (III ს. ძვ. წელთაღრ. - ადრეული შუა საუკუნეები); უძველესი ძეგლები -VI ს. (ძვ. წელთაღრ.).
13. ვულგარული ლათინური - შუა საუკუნეებისა - მკვდარი ენაა; ამ ენიდან იშვა ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, რუმინული და სხვ.
7. კელტური შტო
A. გაელური ქვეჯგუფი:
1. ირლანდიური - ირლანდიაში; სალიტერატურო ძეგლები IV ს.
2. შოტლანდიური - სალიტ. ენა XVI საუკუნიდან.
B. ბრიტანული ქვეჯგუფი:
3. ბრეტონული - საფრანგეთის ჩრდილ-დასავლეთ ნაწილში, ბრეტანის ნახევარკუნძულზე; ლიტერატურა XIV საუკუნიდან.
4. უელსური ანუ ვალისური - ინგლისის დასავლეთ სანაპიროზე.
C. გალიური ქვეჯგუფი:
5. გალიური - მკვდარი ენაა (გადაშენდა ფრანგული ენის გამომუშავების შემდეგ); საფრანგეთი, ჩრდილო იტალია.
8. ბერძნული შტო
1. ძველი ბერძნული - მკვდარი ენაა; X საუკუნიდან (ძვ. წელთაღრ; V საუკუნემდის ახ. წელთაღრიცხ); უძველესი ძეგლები ცნობილია IX საუკუნიდან (ძვ. წელთაღრ.; ჰომეროსის პოემები, ეპიგრაფიკა); IV საუკუნიდან - საერთო ლიტერატურული ენა - კოინე ატიკური დიალექტის საფუძველზე (ცენტრი - ათინა).
2. საშუალო ბერძნული ანუ ბიზანტიური - მკვდარი ენაა; ბიზანტიის სახელმწიფო ენა პირველი საუკუნეებიდან XV საუკუნემდის.
3. ახალი ბერძნული - საბერძნეთი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლური ნაწილის კუნძულები. სსრკ-ს ბერძნული მოსახლეობა; ცნობილია XV- XVI საუკუნეებიდან.
9. ალბანური ენა
ალბანეთი: ლათინური ანბანი; მწერლობა XVI საუკუნიდან.
ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან აგრეთვე:
1.სომხური ენა - სომხეთის სსრ, ირანი, თურქეთი; სალიტ. ენა V საუკუნიდან; მრავალი ელემენტი შეუთვისებია იბერიულ-კავკასიური ენებიდან; ძველი სომხური (გრაბარი) დიდად განსხვავდება ახალი სომხურისაგან (აშხარაბარი).
2. ტოქარული ენა - მკვდარი ენაა; აღმოჩნდა საექიმო და რელიგიური ხასიათის ტექსტებში XX საუკუნის დასაწყისში ჩინეთის თურქესტანში; ცოცხალი იყო VII საუკუნეში (ჩვ. წელთაღრ.);
3. კანესური ანუ ნესიტური ენა (აგრეთვე ლუვიური) - მკვდარი ენაა; ესაა ხეთების სახელმწიფოს (1900-1200 წ. ძვ. წელთაღრიცხ.) ერთ-ერთი ენაა; ამ ენის ინდოევროპულ ენებთან მსგავსების გამო ხეთური ენები ინდოევროპულად მიიჩნიეს.
II. სემიტურ ენათა ოჯახი
1. ასურულ-ბაბილონური - მკვდარი ენაა (ახ. წ. V ს-დან); ამ ორ ენას ერთად აქადურსაც უწოდებენ, ლურსმული დამწერლობა - XXX ს. (ძვ. წელთაღრ.).
2. ქანაანური ანუ ებრაულ ფინიკური: ა) ძველი ებრაული - ენა ბიბლიის უძველესი ნაწილებისა; მკვდარი ენაა III საუკუნიდან (ძვ წელთაღრ.); დამწერლობა - ებრაულ ანბანზე; ბ) ფინიკური - ენა ფინიკიისა და კართაგენისა; მკვდარი ენა; დამწერლობა - ფინიკიურ ანბანზე.
3. არამეული - ენა ბიბლიის შემდეგდროინდელი წიგნებისა და საერთო ენა წინა აღმოსავლეთისა III ს. (ძვ. წელთაღრ.) – IV ს. (ახ. წელთაღ.).
4. სირიული (აისორთა ენა) - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი (არამეულის ჩამომავალი ენაა).
5. არაბული - საკუთრივ არაბეთი (ე. წ. საუდის არაბეთი და იემენი), სირია (დედაქალაქი - დამასკო), ნაწილობრივ პალესტინა (ცენტრი - იერუსალიმი), ეგვიპტე (დედაქალაქი - ქაირო), ერაყი (დედაქალაქი - ბაღდადი), მუსლიმთა საერთაშორისო საკულტო ენა; მწერლობა არაბულ ანბანზე, არაბული (ჩრდილო-არაბული და სამხრეთ არაბული) მიეკუთვნება სამხრეთ სემიტურ ენებს.
6. აბაშური ( ანუ ეთიოპური) - შედის სამხრეთ-სემიტურ ჯგუფში.
III. ქამიტურ ენათა ოჯახი
1. ბერბერული ენები - ტრიპოლი, ტუნისი, ალჟირი, მაროკო აფრიკაში.
2. კუშიტური ენები - ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა.
3. ძველი ეგვიპტური - მკვდარი ენაა; ესაა ენა იეროგლიფური წარწერებისა: XII ს. (ძვ. წელთაღ.) – III ს. (ახ. წელთაღრ).
4. კოპტური - მკვდარი ენაა; ესაა ძველი ეგვიპტურის ჩამომავალი ენა შუა საუკუნეების პერიოდში, XVII საუკუნემდის; დამწერლობა კოპტური, ბერძნული ანბანის საფუძველზე; საკულტო ენაა ეგვიპტის ეკლესიისა.
მეცნიერებაში ზოგჯერ სემიტურ და ქამიტურ ენებს ერთ ოჯახში აერთიანებენ და სემიტურ-ქამიტურ ენებს უწოდებენ.
IV. უნგრულ-ფინურ ენათა ოჯახი
1. ფინური - ფინეთი; ფინურის დიალექტია კარელიური; ლათინური ანბანი.
2. ესტონური - ესტონეთი; მწერლობა XVIII საუკუნიდან; ლათინური ანბანი.
3. ლაპლანდიური - ფინეთისა და შვედეთის ჩრდილო მხარეები.
4. მორდოვული - გამოყენებულია რუსული ანბანი.
5. ჩერემისული ან უმარიული - გამოყენებულია რუსული ანბანი.
6. ვოტიაკური ანუ უდმურტული - გამოყენებულია რუსული ანბანი.
7. ზირიანული ანუ კომი გამოყენებულია რუსული ანბანი.
8. უნგრული - უნგრეთი; ლათინური ანბანი; მწერლობა - XVIII საუკუნიდან.
აქვე შემოდის მანსი ანუ ვოგოლური, და ე.წ. სამოედური ტომების ენა-კილოები (ნენური, ტავგიური, სელკუპური).
V. ალთაურ (თურანულ - მონღოლურ) ენათა ოჯახი
1. თურქული - თურქული - თურქეთი; ძველად გა მოყენებული იყო არაბული ანბანი, 1929 წლიდან ლათინური ანბანია.
2. აზერბაიჯანული - აზერბაიჯანი (ნაწილი ირანში).
3. თურქმენული - თურქმენეთი.
4. უზბეკური - უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი.
5. ყაზახური - ყაზახეთი, უზბეკეთი.
6. ყირგიზული - ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი.
7. ბაშკირული - ბაშკირეთი, სვერდლოვის ოლქი.
8. ჩუვაშური - ჩუვაშეთი; შერეულია ფინურ ენებთან.
9. თათრული.
10. იაკუტური.
11. ყუმიკური - დაღესტანი.
12. ალთაური (ოიროტული) - მთის ალთაის ავტონ. ოლქი.
13. ყარა- ყალფაქური - ყარა-ყალფაქეთი, უზბეკეთი.
14. ხაკასური - ხაკასთა ავტონ. ოლქი; ყაზახეთი.
15. ტუვიური.
16. შორული - კრასნოიარსკის მხარე.
17. მონღოლური: ხალხა-მონღოლური ენა (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), ბურიატ-მონღოლური ენა (ბურიატ-მონღოლთა ავტონომიური რესპუბლიკა) და შიდა მონღოლეთის მკვიდრთა ენა (ჩინეთში).
VI. მანჯურიულ-ტუნგუსურ ენათა ოჯახი
1. მანჯურიული - ჩინეთი, სსრკ. გადაშენების გზაზეა.
2. ნანაიური (გოლდური) - სახალინი.
3. უდეური -სსრკ.
4. ევენკური (ტუნგუსური) - სსსკ, ჩინეთი.
5. ევენური - სსრკ.
ამ ოჯახში შედის რამდენიმე სხვა ენაც.
VII. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახი
თანამედროვე იბერიულ-კავკასიური ენები გადმონაშთია ხეთურ-იბერიულ ენათა ოჯახისა. ყველა ეს ენა ამჟამად კავკსიაშია (გარდა ბასკურისა). „კავკასიური ენები“ არ უნდა ავრიოთ კავკასიურ ენებში“ კავკასიაში სხვადასხვა ენათა ოჯახის ენებიც გვხვდება: აქაა ინდოევროპული ენები (რუსული, უკრაინული სომხური, ოსური..), ინდიევროპული ენები (რუსული, უკრაინული, სომხური, ოსური...), ალთაური ენები (აზერბაიჯანული, ყუმიკური), სემიტური (სირიული..).
ენათა ამ ოჯახს წინათ სხვა სახელებიც ჰქონდა (იაფეტური, ალაროდიული, ქართულ-შარომატული). ტერმინით - „იბერიულ-კავკასიური“ გამოხატულია იბერიული ანუ ქართველური ენები და მათთან მონათესავე კავკასიური ენები (და არა „კავკასიის ენები“).
იბერიულ-კავკასიური ენები ოთხი ჯგუფისაგან შედგება:
A ქართველური ანუ იბერიული ჯგუფი:
1. ქართული.
2. ზანური. (საერთო სახელია მეგრული და ჭანური ანუ ლაზური კილობისა).
3. სვანური.
B. აფხაზურ-ადიღური ჯგუფი:
1. აფხაზური.
2. ადიღეური (ანუ ჩერქეზული) - განასხვავებენ ქვემო-ადიღეურს (ანუ კიახურს) და ზემო ადიღეურს (ანუ ყაბარდოულს).
3. უბიხური - ამჟამად აღარაა კავკასიაში. 1864 წელს უბიხთა ტომი გადასახლდა თურქეთში (უბიხები ქალ. იზმირის მიდამოებში არიან შემორჩენილი.
C ქისტურ-ბაცბური ჯგუფი:
1. ბაცბური (ანუ წოვა-თუშური) კახეთშია (სოფ ალვანში).
2. ქისტური - კახეთშია, პანკისის ხეობაში (თემები, ომალო, დუისი, ჯოყოლო.)
წოვა-თუშებისა და პანკისის ქისტებისათვის დედა-ე ნა ქართულიცაა (ბავშვები ქართულ სკოლებში სწავლობენ; გვარები ქართული აქვთ).
D დაღესტნის ჯგუფი:
1. ხუნძურ-ინდურ-დიდოური ქვეჯგუფი: ანდიური, ბოთლიხური, კარატაული, ტინდიური, ჭამალალური, ახვახური, ხვარშიული, ბაგვალური, დიდოური, კაპუჭური.
დაღესტანში ხუნძური საყოველთაოდ გავრცელებულია.
2 დარგუული და ლაკური ქვეჯგუფი: დარგუული, ლაკური.
3. ლეზგიური ქვეჯგუფი: წახურული, რუტულური. აღულური.
ცალკე აღსანიშნავია ტაბასარანული ენა (დაღესტნის ასსრ), ხინალუღური, ბუდუხური, კრიზული (აზერბაიჯანის სსრ), უდიური (აზერბაიჯანის სსრ, საქართველოს სსრ).
VIII. ჩინურ-ტიბეტურ ენათა ჯგუფი
A. ჩინურ-სიამური შტო
1. ჩინური - ჩინური მსოფლიოში ყველაზე დიდი ენაა, მასზე მოლაპარაკე ადამიანთა რიცხვის მიხედვით.
2. სიამური (ანუ ენა ტაი) დასავლეთი ინდოჩინეთი, ტაი.
3. ვიეტნამური -აღმოსავლეთი ინდოჩინეთი.
B. ტიბეტურ-ბირმული შტო
4. ტიბეტური - ტიბეტი; დამწერლობა - VII - ს. (ძვ. წელთაღრიცხვ).
5. ტიბეტურ-ჰიმალაიური ენა-კილოები.
6. ასამური ენები.
7. ბირმული - ბირმა; დამწერლობა - XI საუკ.
7. ენა კუკი-ჩინ.
IX. დრავიდულ ენათა ოჯახი
გავრცელებულია ინდოეთში (ინდოეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი კუნძულ ცეილონის ნაწილი და სხვ.). დრავიდულ ენებზე ლაპარაკობს დაახლოებით 63 მილიონი ადამიანი.
1. ტელუგუ - ენა
2. ტამილური
3. კუი ენა
4. ბრაჰუი-ენა
და სხვ.
როგორც ფიქრობენ, დრავიდული ენები ინდოეთის უძველესი მოსახლეობის ენაა; ინდოეთში შემდეგ გავრცელდა ინდოევროპული მოდგმის ინდური ენები.
X. ინდონეზიის ენები
ლაპარაკობს დაახლოებით 70 მილ. ადამიანი.
1. იავა-ენა,
2. სუნდა,
3. მადურა,
4. მალაიური.
XI. აფრიკისა და ამერიკის ენები
აფრიკაში:
1. სუდანის ზანგთა ენები,
2. ბანტუ ენები,
3. ბუშმენთა და ჰოტენტოტთა ენები.
ამერიკაში:
ამერიკის ინდიელ ტომთა ენების ჯგუფებია: ჩრდილოეთ ამერიკაში, მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში.
XII. შორეული აღმოსავლეთის ენები
მკვდარი ენებია: შუმერული, ხეთური ენები, ჰურიტული, ურარტული, ელამური და სხვ.
XIII. ავსტრალიური ენები
XIV. შორეული აღმოსავლეთის ენები
1. იაპონური - იაპონია და წყნარი ოკეანის რიგი კუნძულები; დამწერლობა - ჩინური იეროგლიფების საფუძველზე VIII ს. (ახ. წ.), ამჟამად იყენებენ ფონეტიკურ-სალაბურ დამწერლობას.
2. კორეული - კორეა, ჩინეთი; დამწერლობა IV საუკუნიდან; XV საუკუნიდან შექმნეს საკუთარი ანბანი.
XV. პალეოაზიური ენები
„პალეოაზიური“ ნიშნავს ძველისძველ აზიურ ენებს. ესაა ენები პატარა ხალხებისა, რომლებიც ცხოვრობენ აღმოსავლეთ ციმბირში, ნახევარკნძულ კამჩატკაზე, კუნძულ სახალინსა და კურილიის კუნძულებზე.
1. ლუორავეტლანური (ანუ ჩუკჩური),
2. ნიმილანური (ანუ კორიაკული),
3. იტელმენური, რუტურული, აღულური,
4. ნივხური (ანუ გილიაკური),
5. კეტური,
6. უანგანური (ანუ ალეტეური),
7. ესკიმოსური (ნაწილობრივ - ამერიკაშიც).
არქაული ენებია. მათი წარმოშობა და ურთიერთმიმართება არაა გარკვეული.