მცირე წინტალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირე წინტალა

მცირე წინტალა (ლათ. Charadrius dubius Scopoli, 1786) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.

მცირე წინტალა ძალიან ჰგავს საყელოიან წინტალას, მაგრამ უფრო პატარაა. ფრთა 100-120 მმ-ია, ნისკარტი – 12-15 მმ, წონა – 30-45 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება თითქმის არაა. საყელოიანი წინტალასაგან განსხვავებით, მცირე წინტალას პირველი რიგის პირველი მომქნევის ღერო მთლიანად თეთრია, მისი წვეროს მცირე ნაწილის გარდა. დანარჩენი მომქნევების ღეროები კი მუქია. ქუთუთოების შიშველი კიდეები თვალის ირგვლივ წარმოქმნიან ყვითელ რგოლს. ნისკარტი შავია, ნისკარტქვედას მხოლოდ ძირია მოყვითალო. ფეხები მოყვითალოა.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩრდილოური მცირე წინტალა – Ch. d. curonicus Gmelin, 1789.

სარჩევი

გავრცელება

ფართოდაა გავრცელებული სსრკ მთელ ტერიტორიაზე 65-66-ე პარალელების სამხრეთით. სსრკ ფარგლებს გარეთ მოიპოვება სამხრეთი სკანდინავიიდან, პორტუგალიიდან და კანარის კუნძულებიდან იაპონიამდე და ფილიპინის კუნძულებამდე. სამხრეთით ვრცელდება ჩრდილოეთ აფრიკაში, ცეილონზე და ახალ გვინეაზე. იზამთრებს ეკვატორულ აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ქვიშიან, უფრო იშვიათად რიყიან სანაპიროებზე, ზოგჯერ ბუდობს შლამიან ნაპირებზეც. ქვიშნარებსა და დიუნებზე შეიძლება შეგვხვდეს წყლიდან საკმაოდ მოშორებითაც. ტბები, რომლის ნაპირებთანაც მცირე წინტალა ბუდობს, მომლაშოც შეიძლება იყოს.

გამრავლება

ბუდეს აკეთებს ქვიშის მცირე ჩაღრმავებაში, ფოთლების მცირე ამონაფენით ან ამონაფენის გარეშე. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22 დღემდე გრძელდება. გამოჩეკიდან ერთი-ორი საათის შემდეგ მართვეები ტოვებენ ბუდეს.

კვება

ცნობილია, რომ მცირე წინტალას ძირითად საკვებს შეადგენს პატარა ზომის ჭიები, ლოკოკინები, ხოჭოები და მათი ლარვები, რომელთაც ეს ფრინველი პოულობს ქვიშიან ნაპირებზე სირბილის დროს. კუჭში ნაპოვნია რამდენიმე წვრილი თესლიც.

მნიშვნელობა

პრაქტიკულად ინდიფერენტულია. აქვს ესთეტიკური მნიშვნელობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები