პლასტიკატი
პლასტიკატი – (ლათ. plasticus ჩამოსხმასთან დაკავშირებული < plastikós ის, რას შეიძლება ჩამოისხას, დაყალიბდეს < plássein დაყალიბება, ფორმირება) – პოლივინილქლორიდის საფუძველზე მიღებული თერმოპლასტიკური რბილი მასალა, რომლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე პლასტიფიკატორი, თერმო- და შუქსტაბილიზატორი, ანტიოქსიდანტი, საპოხი, საღებარი ან პიგმენტი, შემავსებელი (კაოლინი, ცარცი და სხვ.). მიიღება კომპონენტების შერევით ნარევის შემდგომი პლასტიფიცირებით ვალცებში ან ექსტრუდერში. მზადდება ლენტის, ჩალიჩისა და გრანულის სახით. გადამუშავება ხდება ექსტრუზიით, კალანდვრით, ჩამოსხმით წნევის ქვეშ. გამოიყენება მშენებლობაში ბრტყელი ფურცლების სახით მოპირკეთებისათვის, იზოლაციისათვის; მრეწველობაში – მავთულებისა და კაბელების იზოლაციისთვის; ელასტიკური პროფილების, ლენტების, მილების, შლანგების, მემბრანების, მილისების და სხვ. დასამზადებლად.