რუკის ნომენკლატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუკის ნომენკლატურა – (map numbering), მრავალფურცლიან რუკებზე ფურცლების აღნიშვნის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია 1:1 000 000 მასშტაბის საერთაშორისო რუკის ფურცლებად დაყოფასთან. დაყოფის სისტემა და ყოველი ფურცლის ნომენკლატურა მიღებულია 1913 წელს საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის კონფერენციაზე. დედამიწის სფეროს ზედაპირი მერიდიანებით დაყოფილია სამოც 6º-იან სვეტად (360º : 6º = 60). ყოველი სვეტი დანომრილია არაბული ციფრებით. სვეტების ათვლა იწყება 180º-იანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით. პარალელებით დედამიწის სფეროს ზედაპირი დაყოფილია 4º-იან მწკრივებად (სარტყლებად). ყოველი მწკრივი დანომრილია ლათინური ანბანის მთავრული ასოებით. ათვლა იწყება ეკვატორიდან ჩრდილოეთით 22 მწკრივი) და სამხრეთით (22 მწკრივი) 88º-მდე, საიდანაც სივრცე პოლუსამდე აღინიშნება ზ-ით. ამ დაყოფით დედამიწის სფეროს მთელი ზედაპირი დაფარულია უჯრედებით, რომელთა ზომებია: გრძედის 6º და განედის 4º. ყოველი უჯრედი, ქაღალდზე გადატანისას, 1 000 000-ჯერ შემცირების შემდეგ იღებს ტრაპეციის ფორმას და წარმოადგენს 1:1 000 000 მასშტაბის ცალკეულ ფურცელს, რომელიც არის უფრო მსხვილმასშტაბიან რუკებად დაყოფის საფუძველი. მთელი დედამიწა, ოკეანეების ჩათვლით იფარება 2 640 ფურცლით (60X44). საქართველო ხვდება K მწკრივსა და 37-38 სვეტებში. უნდა გვახსოვდეს, რომ სვეტის ანალოგი არის ზონა, განსხვავება მათ ნუმერაციაშია. გაუს-კრიუგერის საკოორდინატო სისტემაში ზონის ნუმერაცია იწყება საწყისი (გრინვიჩის) მერიდიანიდან და ზრდადია აღმოსავლეთისკენ. 1:1 000 000 მასშტაბის საერთაშორისო რუკის სვეტების ნუმერაცია იწყება 180°-იანი მერიდიანიდან და აგრეთვე ზრდადია აღმოსავლეთისკენ. ყოველი ზონის ნომერი შესაბამისი სვეტის ნომერზე 30-ით ნაკლებია, მაგ.: 37 და 38 არის სვეტების ნომრები. შესაბამისი ზონების ნომრები კი არის 7 (37-30) და 8 (38-30). UTM-ის ანბანურ-ციფრული სისტემით საქართველო არის თ მწკრივში და 37-38 სვეტებში.