სამსხვერპლო ლიტურგია ძველ ეგვიპტეში
სამსხვერპლო ლიტურგია – ძველ ეგვიპტეში გარდაცვლილისათვის მსხვერპლის შეწირვამ თანდათან რიტუალის სახე მიიღო, რომელსაც ეგვიპტოლოგიაში სამსხვერპლო ლიტურგია ეწოდება.
რიტუალზე მინიშნებები უკვე სამსხვერპლო სიებში შეიმჩნევა, შედარებით ზუსტი აღწერა პირველად უნისის (V დინასტია) და პეპი II-ის (VI დინასტია) პირამიდების კედლებზეა ჩაწერილი. სავარაუდოდ, ეს რიტუალი უძველეს დროში ჩამოყალიბდა და პრაქტიკულად არ შეცვლილა, რადგან XXVI საუკუნის სამარხში აღმოჩენილი ტექსტი თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს ძველ ჩანაწერებს.
რიტუალი საკმევლის კმევით და ლიბაციით იწყებოდა, შემდეგ იწირებოდა შვიდი ზეთი, მწვანე და შავი კოსმეტიკური საღებავი და ორი თოფი ქსოვილი, რასაც ისევ ლიბაცია და საკმევლის კმევა მოჰყვებოდა. ეს იყო ერთგვარი ალუზია ყოველდღიურ დილის ტუალეტზე. ამას გარდა, საკმევლის, წყლის და ზეთის მაგიურ თვისებებს მიცვალებული ბოროტი, დამანგრეველი ძალებისაგან უნდა დაეცვა. ასევე უნდა დაეცვა ის სამოსსაც, რადგან ქსოვილი ფეიქრობის ქალღმერთის, ტაიტის ხელდასხმით შექმნილად ითვლებოდა. ტაიტი უტოსთან და ნეიტთან იყო გადაჯაჭვული და ამდენად, მათი ძალების მატარებელიც იყო, და ითვლებოდა, რომ ამ ძალებს მიცვალებულსაც გადასცემდა. ამის შემდეგ შემოჰქონდათ სამსხვერპლო მაგიდა. საკვებს ჯერ მიწაზე დებდნენ, მიცვალებულის „გამოძახების“ შემდეგ ზემოთ ასწევდნენ და ისევ მიწაზე მოათავსებდნენ. ამის შემდეგ იწყებოდა საკვების ჩამოთვლა. გამონათქვამები, რომლებიც ამ პროცესს ახლდა თან, საკვებს მოიხსენიებდა, როგორც „ხორის თვალს“. ცერემონიის დასრულების შემდეგ ჭურჭელს ამსხვრევდნენ, მისი საერო მიზნით გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ცერემონიის ჩატარების ადგილი განსაკუთრებული „ნაფეხურების წაშლის ცერემონიით“ უნდა განწმენდილიყო. ცერემონიის აღწერას ხშირად ახლავს ქურუმის გამოსახულება, რომელიც ადგილს უკან შეტრიალებული სახით და ცოცხით ხელში ტოვებდა. ხანდახან ცერემონიაში ქურუმი-დეკლამატორიც მონაწილეობდა, რომელიც გამონათქვამებს კითხულობდა. რიტუალს ხელმძღვანელობდა ქურუმი, რომელსაც „მსხვერპლშესაწირის განაწილების უფროსი ერქვა.